მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კოვიდმა დაგვანახა, რომ ავიაციაში კოორდინირებული ქმედებები აუცილებელია“ - ექსპერტი

5ffabc3882d4a
ვიქტორია მღებრიშვილი
10.01.21 18:00
1020
მსოფლიოში Covid-პანდემიიდან გამომდინარე შექმნილი ვითარების გავლენით 2020 წელს საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი მნიშვნელოვნად შემცირდა. AviaNews-ის ინფორმაციით, 2020 წლის 11 თვეში საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 814 690 მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელთა შედარებით 83.3%-ით ნაკლებია. (4 877 967 მგზავრი).

„ავიაცია 2020 წელში არსებულ მსგავს კრიზისს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ შეხვედრია და მსგავსი კლება არ გვქონია“, - ასე აფასებს BM.GE-სთან საუბრისას პანდემიის გავლენას ავიაციის სექტორზე დარგის ექსპერტი ზვიად ჩხარტიშვილი. მისი თქმით, პანდემია შეეხო როგორც აეროპორტებს და ავიაკომპანიებს, ასევე დამხმარე ავიასაწარმოებს, ანუ სრულიად ავიაციის სექტორს.

„Covid-პანდემიამ საქართველოზე დიდი გავლენა მოახდინა, რადგან ეროვნული ავიკომპანიების რიცხვი ძალიან მცირეა და დაახლოებით ბაზრის 80% უცხოურ ავიაკომპანიებზეა დამოკიდებული, შესაბამისად მათ მიერ ფრენების გაუქმება ავიასექტორზე აისახა“, - ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.

დარგის ექსპერტი მიიჩნევს, რომ სირთულეების მიუხედავად ავიაციის სექტორის წარმომადგენლებმა დაინახეს, რა მიმართულებით არსებობს გამოწვევები.

„ადრე იყო ისე, რომ ავიაკომპანიები მხოლოდ თავისი გადასახედიდან უყურებდნენ სურათს, თუმცა დღეს რიგი საკითხებისადმი კოორდინირებული მიდგომის არსებობა ნათელი გახდა. კოვიდმა დაგვანახა, რომ კოორდინირებული ქმედება აუციელებელია. საჭიროა კერძო სექტორმა ერთიანი პოზიცია შეიმუშავოს. რაც უფრო მეტი კოორდინაცია იქნება კონკურენტებს შორის, უფრო მეტად მიაღწევენ მიზნებს სახელმწიფოსთან მიმართებაში. ცალ-ცალკე ურთიერთობა ქაოსს უფრო ქმნის“, - ამბობს დარგის ექსპერტი.

სწორედ ამიტომ, სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ავიაციის კომიტეტის ეგიდით შეიქმნა პლატფორმა, სადაც ბაზრის მოთამაშეების საჭიროებები და მოსაზრებები განიხილება. ზვიად ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ კრიზისულ პერიოდში ასეთი კომუნიკაცია დარგს პრობლემების დაძლევასა და სახელმწიფოსთან ეფექტურ ურთიერთობას უზრუნველყოფს.

„ამ პლატფორმის მეშვეობისთ შეხვედრები იმართება კერძო ავიაკომპანიებთან და ჩვენ შემდგომში ვმედიატორობთ მათ სახელმწიფოსთან. შესაბამისად, სექტორში არსებული ყველა პრობლემა შევაგროვეთ და მთავრობას წარვუდგინეთ. გქვონდა შეხვედრა მინისტრის მოადგილესთან და ღია დიალოგის რეჟიმში განვიხილეთ ყველა პრობლემა და ველოდებით მათგან ნაბიჯებს. დიდი იმედი მაქვს, რომ დაეთანხმებიან ჩვენს რეკომენდაციებს და ეს დარგის აღდგენის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებში აისახება", - აღნიშნა ზვიად ჩხარტიშვილმა.

ავიაციის სექტორის ექსპერტი მიიჩნევს, რომ დარგს სახელწმიფოს მხარდაჭერა ესაჭიროება, თუმცა უპირველესი რაც მთავრობამ უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სექტორის წარმომადგენლები ამაზე მეტად არ დაზარალდნენ, ეს ფრენების აღდგენაა, ხოლო შემდეგომ უკვე საუბარი შესაძლოა სუბსიდირებასაც შეეხოს.