მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდმა თბილისისა და ბათუმის აეროპორტები დაახლოებით $100 მლნ-ით აზარალა - ზაქარაძე

634027cb79960
მარიამ ვარადაშვილი
07.10.22 18:25
545
TAV Georgia-ს გენერალურ მენეჯერი თეა ზაქარაძე Forbes Woman-თან ინტერვიუში ამბობს, რომ კომპანია 2019 წლის მაჩვენებლებს არც მგზავრთნაკადის და არც ფინანსურ ნაწილში ჯერ არ დაბრუნებულა.

“ავიაციის სფეროს ზარალი გლობალურად წელს 10 მილიარდამდე [დოლარი] იქნება. იგივე მაჩვენებელი 2020 წელს 140-მდე აღწევდა – ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს სფეროში პოზიტიური დინამიკა უკვე იგრძნობა. IATA-ს [საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია] პროგნოზით, აეროპორტები და ავიაკომპანიები პანდემიამდელ მაჩვენებლებს 2023 წელს დაიბრუნებენ”,-ამბობს ზაქარაძე.

ინტერვიუში საქართველოს ორი საერთაშორისო აეროპორტის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი ასევე საუბრობს საავიაციო სექტორში არსებულ საკადრო კრიზისზეც და მიუთითებს, რომ პერსონალის პოვნა მათაც უჭირთ.

“კოვიდის შემდეგ განსაკუთრებით გაჭირდა პერსონალი. საავიაციო ბაზარზე მთელ მსოფლიოში ეს პრობლემაა. მთავარი, რაც ჩვენ მოვახერხეთ ის იყო, რომ უკლებლივ ყველა თანამშრომელი შევინარჩუნეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ასე უფრო მსუბუქად გადავედით პოსტ-პანდემიურ პერიოდში და რეისები პირდაპირ მივიღეთ. თუმცა, დამატებითი პერსონალის პოვნა გაჭირდა, იმიტომ, რომ ახალგაზრდები ძირითადად ონლაინ-პლატფორმებზე გადაერთნენ”,-ამბობს ზაქარაძე.

TAV Georgia-ს პროგნოზით, 2022 წელს თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წელთან შედარებით 70%-მდე აღდგება.

“კოვიდის ნეგატიური ფინანსური გავლენა აშკარაა: საერთაშორისო აუდიტით, ეს ზარალი თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში, ჯამურად 100 მილიონ დოლარამდეა შეფასებული. ეს პერიოდი, როცა კომპანიები ზარალს ითვლიდნენ, ჩვენ დამატებითი ინვესტიციებისთვის გამოვიყენეთ. ბათუმში, მაგალითად, 17 მილიონი დოლარი დავხარჯეთ და დაკეტილ აეროპორტში მოფრენის ახალი ტერმინალი ავაშენეთ. ვფიქრობ, სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა კომპანიებისგან: სერვისები ისე უნდა გაუმჯობესდეს, რომ ამით მგზავრი არ შეწუხდეს. ბათუმში წელს უკვე ვუახლოვდებით იმ მაჩვენებლებს, რაც 2019 წელს გვქონდა. რაც შეეხება თბილისს, ვფიქრობთ, წელს 2019 წლის 65-70%-მდე მგზავრს დავიბრუნებთ”,-ამბობს ზაქარაძე.