მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვიდრეგულაციების გამო, ჩინეთში საწარმოო აქტივობა მკვეთრად შემცირდა

638702dd79ed0
გიორგი თოლორდავა
30.11.22 23:30
694
COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული გავრცელების საპასუხოდ, მთავრობის მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციებისა და ე.წ. ლოკდაუნების გამო, ჩინეთში საწარმოო აქტივობის ინდექსი მკვეთრად დაეცა.

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, წარმოების ინდექსი (PMI) ნოემბერში 49.2-დან 48.0-მდე შემცირდა, რაც პანდემიის დასაწყისში დაფიქსირებული მაჩვენებლის შემდეგ ყველაზე დაბალი ნიშნულია.

ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების და ეკონომიკური ცენტრების შეზღუდვამ ქარხნების და წარმოების დროებით შეჩერება გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში, ზემოხსენებული ინდექსის მკვეთრად შემცირებაზე აისახა.

კოვიდრეგულაციებმა ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ბიზნესი შეზღუდა, თუმცა ლოგისტიკური პრობლემების გამო, მნიშვნელოვნადაა შეფერხებული მსხვილი საწარმოებიც.

ექსპერტების შეფასებით, ჩინეთში ეკონომიკისა და საწარმოო პროცესის შეზღუდვას გავლენა არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ გლობალურ ბაზარზეც ექნება, რადგან წარმოებისა და საქონლის ექსპორტის კუთხით ჩინეთი გლობალური ლიდერია.

ცნობისთვის, ჩინეთში არსებული არასტაბილური მდგომარეობისა და მთავრობის მიერ ლოკდაუნების დაწესების ფონზე, კომპანია Apple-ს წლის განმავლობაში 6 მილიონი ერთეულით ნაკლები iPhone 14 Pro/Max-ის წარმოება მოწევს.

ექსპერტების განმარტებით, საწარმოო პროცესთან დაკავშირებული პრობლემები FOXCONN-ის ქარხანაში არსებული არასათანადო სამუშაო პირობებითა და ჩინეთის მასშტაბით COVID-19-ის რეკორდული ტემპით გავრცელებითაა განპირობებული.

ვითარებას განსაკუთრებით ამწვავებს ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციები, სადაც Apple-ის მთავარი კონტრაქტორის, FOXCONN-ის უდიდესი ქარხანაა განთავსებული.