მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კოვზანაძე: არაორდინალური გადაწყვეტილებები გვჭირდება, მათ შორის საბანკო სექტორის მიმართ

5dd645e40114f
დავით ჯალაღონია
21.11.19 12:00
1151
პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის შეფასებით, პრემიერ–მინისტრის მიერ ფინანსთა მინისტრისთვის მიცემული დავალება, დაიწყოს მუშაობა ეროვნულ ვალუტაში გასაცემი სესხების 200 ათას ლარიანი ზღვარის შემცირების საკითხზე, დროულია. ამის შესახებ კოვზანაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა.

"მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ვფიქრობ, რომ ეს საკითხები, რაც გუშინ კომიტეტის სხდომაზე იყო დაყენებული, დროულია. ამ საკითხთან მიმართებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გუშინ კატეგორიული არ იყო და ვფიქრობ, სწორი იქნება, თუ ფინანსთა მინისტრი, ეროვნული ბანკი ერთად იმუშავებენ და შემოიტანენ ამ წინადადებას პარლამენტშიც და კომიტეტიც ამ მიმართულებით იმუშავებს.

ეროვნული ბანკი რეალობას უნდა დაუბრუნდეს. ჩვენ 20 ივნისის შემდეგ, არ დაგვიდგა კარგი დრო. მე 25 წელია საფინანსო სექტორში ვმუშაობ, 5 ქვეყანაში ვიმუშავე საქართველოს გარდა, ევრობანკის სტრუქტურებიდან. ვიცი, რასაც ვლაპარაკობ, აქედან გამომდინარე, მოვლენების მიმართ ელასტიური უნდა ვიყოთ გარკვეულ რეგულაციებთან დაკავშირებით და ა.შ. აქედან გამომდინარე, გვჭირდება სხვადასხვა ტიპის და ზოგჯერ არაორდინალური გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის კომერციული საბანკო სექტორის მიმართ და ეს გადაწყვეტილებები მისაღებია. საჭიროა, დროულად ვიმუშაოთ პრევენციაზე. საქართველო პატარა ქვეყანაა, ღია ეკონომიკაა. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილებები სწრაფად გვაქვს მისაღები, რამდენადაც შესაძლებელია ბიზნესსაც ხელი უნდა შევუწყოთ. საქართველოს მოსახლეობას აწუხებს რა – ლარის სტაბილურობა და ფასები", – განაცხადა კოვზანაძემ.

ამასთან, ეროვნული ბანკის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრისას, ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ სებ–ი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და მას პროფესიონალი ხელმძღვანელობა ჰყავს.

"ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი სტრუქტურა. სებ–ის პრეზიდენტი არის ყველაზე დაცული ადამიანი საქართველოში. მისი არჩევის ვადა 7–წლიანია და არ ემთხვევა არავის არჩევის ვადას, არც პარლამენტის, არც პრეზიდენტის, ის არის დამოუკიდებელი, მაგრამ მან უნდა იმოქმედოს ისე, როგორც უნდა მოქმედებდეს. ჩვენ უდა დავიცვათ მისი ინსტიტუცია.

ამავე დროს, ის უნდა იყოს ყოველთვის ისეთი, რომელიც არის პასუხისმგებელი თავის გადაწყვეტილებებზე და ჩვენი კითხვებიც, რომელიც გუშინ დაისვა, იყო მხოლოდ პროფესიული და ასე იქნება ყოველთვის. ეროვნულ ბანკს ჰყავს პროფესიონალი ხელმძღვანელობა, ამავე დროს ჩვენ ვსაუბრობდით კითხვებზე, რომელიც იყო საფუძვლიანი", – აღნიშნა მან.