მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"კრეადორა" ტყავის ჩანთების წარმოებას იწყებს - "ჩანთების ფასი 450-500 ლარი იქნება"

5e2d6beb984f9
ანი ციხისთავი
26.01.20 14:35
3062
120 ლარით დაწყებული საოჯახო ბიზნესი “კრეადორა” თებერვლიდან ტყავის ჩანთების წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ Bm.ge-ისთან „კრეადორას“ დამფუძნებელმა დავით ვაშაკიძემ ისაუბრა.

„კრეადორა“ ქართულ ბაზარზე 2019 წლის 20 მარტს გამოჩნდა და მომხმარებლებს ტყავის საფულეებს, საბარათეებს, სამაჯურებს და ნატურალური ქვებით დამზადებულ სამკაულებს სთავაზობს.

“კრეადორას” დამფუძნებლის თქმით, პროდუქციის ფასი საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ის სამაჯურების შემთხვევაში, 17-55 ლარია, ხოლო საფულის ღირებულება 45-დან 80 ლარამდე მერყეობს.

“კრეადორა” პროდუქტის წარმოებისთვის თურქულ ტყავს იყენებს.

“თავიდან ვცადეთ ქართული ტყავით შეგვეკერა აქსესუარები, თუმცა როდესაც უცხოური ტყავის გამოყენება დავიწყეთ, მივხვდით, რომ ბევრად უფრო უკეთესი პროდუქტის დამზადება შეიძლებოდა მისგან. ქართულ ტყავს არ აქვს საჭირო ხარისხი, იბრიცება და დაჭმუჭვნის ან დაკაწვრის შემდეგ მის აღდგენას ვეღარ ვახერხებთ. უკვე თებერვალში ჩანთების წარმოების დაწყებას ვგეგმავთ. ვაპირებთ, რომ დაარსებიდან 1 წლის შემდეგ ანუ მარტში საერთაშორისო პლატფორმა etsy.com-ზე გაიყიდოს ჩვენი პროდუქცია“, - აცხადებს დავით ვაშაკიძე.

მისი თქმით, ქართულ ბაზარზე ჩანთების ფასი 450-500 ლარი იქნება.

“უცხოურ ბაზარზე, ალბათ, ასეთი ფასის დაწესებას მოვერიდებით, რადგან ეს ფასი უცხოური ბაზრისთვის დაბალია, ეს კი ხშირად ეჭვს იწვევს, რამდენად ნატურალურია პროდუქტი. თუ შევძლებთ, სხვადასხვა ბაზარზე სხვადასხვა ფასს დავაწესებთ, თუ არა და ვეცდებით, რომ პროდუქცია რაღაც საერთო საფასო კატეგორიაში გავაერთიანოთ”,- აღნიშნავს ვაშაკიძე.

ბიზნესმენმა ქართულ ბაზარზე არსებულ სირთულეებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დამწყებ კომპანიას საერთოდ არ უღირს რომელიმე ქსელურ მაღაზიაში შეიტანოს თავისი პროდუქცია ან სავაჭრო ცენტრში დადგას სტენდი.
“მაგალითად, “გუდვილში” რომ სტენდი დავდგა, ამისთვის 1000 დოლარს ითხოვენ, ამას კიდევ საკმარისი მარაგი სჭირდება, რომ ეს სტენდი შეავსო. კონსულტანტის თანხა და სხვა საოპერაციო ხარჯები იმხელა თანხაზე ადის, რომ უკვე ძნელი ხდება ამ საქმიანობიდან მოგება მიიღო”, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, “კრეადორას” პროდუქციის შეძენა კომპანიის Facebook გვერდიდან არის შესაძლებელი. პროდუქცია აქსესუარების მაღაზია “ლეკადოშიც” იყიდება.