მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრედიტით დაფინანსებული პროექტების დაბალი ათვისების გამო მთავრობას 9.6 მლნ-ის გადახდა დაეკისრა

60b0f9e4388fd
შოთა ტყეშელაშვილი
29.05.21 00:13
1054
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში სახელმწიფოს საინვესტიციო პროექტების შესრულების მიმდინარეობა არის შეჯამებული. მისი მიხედვით, 100 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დონორების მიერ დაფინანსებული პროექტები დაბალი ათვისებით გამოირჩევა. ამ პროექტების ნაწილს აქვს “ვალდებულების გადასახადი”, რაც კრედიტის აუთვისებელ თანხაზე სპეციალური მოსაკრებლის გადახდას ითვალისწინებს. 2020 წელს საქართველოს მთავრობამ დაბალი ათვისების პროექტებზე ჯამში 9.6 მილიონის ვალდებულების გადასახადი გადაიხადა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში წარმოდგენილია რამდენიმე პროექტის მაგალითი:

● თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD) - გეგმა 27 მილიონი ლარი, ათვისება 0%, “ვალდებულების გადასახადი” - 252,000 ლარი;
● ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი (მსოფლიო ბანკი) - გეგმა 5 მილიონი ლარი, ათვისება 20.5%, “ვალდებულების გადასახადი” - 1,022,000 ლარი;
● ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტი (მსოფლიო ბანკი) - გეგმა 33.5 მილიონი ლარი, ათვისება 57%, “ვალდებულების გადასახადი” 97,000 ლარი;
● თბილისის მეტროს პროექტი (EBRD) - გეგმა 15 მილიონი ლარი, ათვისება 12%, “ვალდებულების გადასახადი” 380,000 ლარი;
● შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (მსოფლიო ბანკი) - გეგმა 19 მილიონი ლარი, ათვისება 40%, “ვალდებულების გადასახადი” 143,000 ლარი.

ბიუჯეტის ანგარიშში განმარტებულია, რომ “თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი” 2019 წელსაც დაბალი ათვისებით გამოირჩეოდა, რის გამოც ორი წლის განმავლობაში საქართველოზე დაკისრებულმა “ვალდებულების გადასახადმა” 396,000 ლარი შეადგინა.

“პროექტს „თბილისის მყარი ნარჩენების მართვის პროექტი (EBRD)“ 2019 და 2020 წლებში დაფინანსება განესაზღვრა, შესაბამისად, 20 და 27 მლნ ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხიდან 2019 წელს ათვისებული იქნა 0.6 მლნ ლარი (გეგმის 2%), ხოლო 2020 წელს პროექტის ფარგლებში ხარჯის გაწევა არ მომხდარა. როგორც 2019, ასევე 2020 წელს განმახორციელებლის მხრიდან აუთვისებლობის მიზეზად სატენდერო პროცედურების გაჭიანურება სახელდება. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ფინანსდება EBRD-ის სესხით, რომლის აუთვისებელ ნაწილზე ხდება ვალდებულების (Commitment fee) გადასახადის გადახდა, რის ფარგლებშიც 2019-2020 წლებში ჯამურად გადახდილი იქნა 396 ათასი ლარი ვალდებულების გადასახადი,” - ნათქვამია დოკუმენტში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2020 წელს კონკრეტული საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისება COVID-19-ით იყო განპირობებული, თუმცა არაერთ ასეთ პროექტს დაბალი ათვისება პანდემიის დაწყებამდეც ჰქონდა.

“2020 წელს ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 88 პროექტიდან 38 პროექტის შემთხვევაში ათვისებული იქნა გეგმის 70%-ზე ნაკლები (მათ შორის, 6 პროექტის შემთხვევაში თანხის ათვისება საერთოდ არ მომხდარა). სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, დაბალი ათვისებები ძირითადად განპირობებულია პანდემიის გავრცელების გამო რიგი აქტივობებისა და ღონისძიებების გაუქმებით/შეფერხებითა და გადადებით. მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი პროექტებიც, რომელთაც 2020 წლის მსგავსად, შესრულების დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ 2019 წელსაც, რაც პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.

გამოყოფილი რესურსის დაბალი ათვისება განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი საგარეო საკრედიტო რესურსით დაფინანსებული პროექტებისთვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადს (Commitment Fee) კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგეგმილზე დაგვიანებით განხორციელება იწვევს კრედიტის მომსახურების ხარჯების ზრდას. 2020 წელს საგარეო წყაროებიდან მოზიდული საინვესტიციო კრედიტების ფარგლებში ჯამურად გადახდილმა ვალდებულების გადასახადმა 9.6 მლნ ლარი შეადგინა", - ნათქვამია ანგარიშში.