26.აგვისტო .2019 15:40

კრემლს შეუძლია ანაკლიის პორტის ჩაგდების მონაწილეებს მედლები მშვიდად გადასცეს – რუსი ჟურნალისტის მიმოხილვა

views 1725
უკან

რუსმა ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრ გერასიმოვმა "ამერიკის ხმის" საკვირაო გადაცემაში ანაკლიის პორტსა და მის გარშემო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ვრცელი მიმოხილვა მიუძღვნა.

სატელევიზიო გადაცემაში ტელეწამყვანმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველი პარტია პოპულარობას სწრაფად კარგავს. გარდა ამისა, გერასიმოვის თქმით, ბევრი დემოკრატიული მონაპოვარი, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იქნა მიღწეული,  ისევ უკანა პლანზე გადავიდა, საქართველოში დაბრუნდა კორუფცია და "ჩაწყობები".
  
ტელეწამყვანი ამბობს, რომ პოლიტიკური ვითარება პუტინის ხალხს შესაძლებლობას აძლევს, ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით და ქვეყანა ხელში ჩაიგდოს.
 
რაც შეეხება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს - წამყვანი ყვება, რომ გასულ კვირას გავრცელებული ინფრომაციით, პროექტიდან ამერიკული ჯგუფი "კონტი" გავიდა. როგორც პროექტის მონაწილე მხარეები ამბობენ, საქართველოს მთავრობამ ვერ შექმნა სათანადო გარემო ბიზნესისთვის, ბიზნესი კი არც თუ ისე მცირე იყო.

"პირველ ეტაპზე მილიარდი დოლარის ინვესტიციას ითვალისწინებდა, ამიტომ ამერიკელებმა ვერ გარისკეს თავიანთი თანხის ჩადება. რაც პოზიტიურად აისახება კრემლზე", - დასძენს ჟურნალისტი.
 
სატელევიზიო გადაცემაში ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებული პროცესების მიმოხილვისას წამყვანმა ეთერში რუსი ჟურნალისტი იგორ კუროპტოვი ჩართო, რომელმაც  ასევე ცალსახად განაცხადა, რომ ანაკლიის პორტი საქართველოს მთავარი ეკონომიკური პროექტია და მისი ჩავარდნა საქართველოს დამოუკიდებლობასაც კი კითხვის ნიშნის  ქვეშ აყენებს. 

"საქართველოს ყველაზე მთავრი პროექტი ამ ეტაპზე, ეკონომიკური კუთხით, არის ანაკლიის პროტი. ეს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას გახდეს საზღვაო ჰაბი, ამავდროულად, რეალურად არის დიდი ეკონომიკური პოტენციალი. პოლიტიკურად კი ქვეყანას შანსს აძლევს უფრო მეტად დამოუკიდებელი გახდეს რუსეთისგან, იმიტომ რომ საქართველო გახდება ქვეყანა, რომელიც რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალის გვერდის ავლით, ტვირთის გატანას მოახერხებს", - განაცხადა იგორ კუროპტოვმა.
  
ჟურნალისტმა აშშ-ის დიპლომატის, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადების ციტირებაც მოახდინა, სადაც მეთიუ ბრაიზამ აღნიშნა, რომ თუ პორტის პროექტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა არ არის და დამოკიდებულია ძირითადად რუსეთზე.
 
იგორ კუროპტოვის თქმით, რუსეთი რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტით უკმაყოფილოა, ვინაიდან ეს მათთვის ალტერნატიული სავაჭრო გზა გახდება. ამას გარდა, რუსეთს ამერიკის მონაწილეობა ქართული ეკონომიკის განვითარებაში სრულიად არ აწყობს. მისივე განცხადებით, საქართველოში ექსპერტებიც, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გამო, შოკში არიან.
 
მიმოხილვის ბოლოს კი, სატელევიზიო გადაცემის წამყვანმა განაცხადა, რომ პროექტის ჩაგდებისთვის რუსეთს ჯილდოების გადაცემა მარტივად შეუძლია.
 
"კრემლში შეუძლიათ ამ ოპერაციის მონაწილეებს მედლები და ორდენები მშვიდად გადასცენ", - დასძინა რუსმა ტელეწამყვანმა ალექსანდრ გერასიმოვმა. 

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან" ამერიკული ჯგუფი "კონტის" გასვლაზე განცხადება 17 აგვისტოს გაავრცელა. უწყებამ მოუწოდა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს", უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე "კონტი ჯგუფის" ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე.

ამასთან, უწყება იმედს გამოთქვამს, რომ კონსორციუმი შეძლებს კიდევ ერთი ვადის დაცვას და წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეათანხმებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.