მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტო რეგულირების კანონპროექტი სასარგებლოა და ხელს შეუწყობს ინდუსტრიას - MyCoins

631d8f28bc369
გიორგი თოლორდავა
11.09.22 20:07
1269
„კრიპტო მარკეტის რეგულაციები ყოველთვის სენსიტიური საგანი იყო, რადგან ბევრის თავდაპირველი მოსაზრებით, ჩვეულებრივ კლიენტებს შეეზღუდებოდათ გარკვეული ტიპის აქტივობები - რაც აღმოჩნდა, რომ ასე არ არის. კრიპტო რეგულაციები, ისეთი ფორმით, როგორც ახლა გვევლინება, არის სასარგებლო და ინდუსტრიას ახალი ტექნოლოგიების ათვისებასა და უკეთესი პარტნიორობების შექმნაში დაეხმარება, აწ უკვე ლიცენზირებული კრიპტო პლატფორმების სახელით“, - განაცხადა საქართველოს მასშტაბით უმსხვილესი კრიპტოპლატფორმის, MyCoins-ის კომერციულმა დირექტორმა, ლუკა ლომსაძემ BMG-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს კრიპტო და ციფრული აქტივების რეგულირების შესახებ ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობაზეა მიმართული. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კრიპტო სერვისების პროვაიდერებსა და მომხმარებლებს ახალი ვალდებულებები გაუჩნდებათ, სექტორის მარეგულირებლის ამპლუაში კი, ეროვნული ბანკი მოგვევლინება.

ლუკა ლომსაძის განმარტებით, რეგულაცია, რომელიც უშუალოდ პლატფორმებს და მათი კლიენტების უსაფრთხოებას ეხება და თან ლიცენზირებულს ხდის კომპანიას, სარგებლის მომტანია. გარდა ამისა, ის ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას, რადგან ქართულ ლიცენზირებულ კომპანიებს მეტი შესაძლებლობები ექნებათ; უცხოური საერთაშორისო კომპანიები კი უფრო მეტად დაინტერესდებიან ადგილობრივი, დარეგულირებული ბაზრით.

ხაზგასასმელია, რომ მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტო-ბირჟა Binance საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას განიხილავს, თუმც ამისთვის შესაბამისი სალიცენზიო-საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას ელოდება.