მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა BINANCE US-ის წინააღმდეგ აშშ-ში საქმე აღიძრა

647e216172aaa
გიორგი თოლორდავა
05.06.23 22:15
1003
ამერიკის შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance US-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ფინანსური მარეგულირებელი კრიპტობირჟას 13 მუხლის დარღვევით ედავება, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, ბუღალტრული ანგარიშების წესების დარღვევა, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება, მომხმარებლების თანხების არასათანადოდ განკარგვა, აშშ-ის ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზება.

SEC-ის განცხადებით, Binance US-ის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულშია ბრალდებული, ამ მრავალმილიარდიანი სქემის მიღმა კი კომპანიის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო დგას.

ამერიკული მარეგულირებლის ბრალდებას ჩანგპენგ ჟაო თავად გამოეხმაურა და განაცხადა, რომ Binance-ის გუნდი ბრალდებებს უარყოფს და კრიპტობირჟა ზედმიწევნით იცავს ამერიკულ და საერთაშორისო რეგულაციებს.

ამბის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში Binance-ის მიერ გამოშვებული კრიპტოვალუტის, BNB-ის ღირებულება 9%-ით შემცირდა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 43 მილიარდ დოლარამდე დაეცა.