მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა Coinbase თანამშრომლების რაოდენობას 20%-ით ამცირებს

63bd5ddd2afc2
გიორგი თოლორდავა
10.01.23 16:54
498
გამოწვევებით აღსავსე წლის შემდეგ, უმსხვილესი ამერიკული კრიპტობირჟა Coinbase-ი თანამშრომლების რაოდენობას დამატებით 20%-ით ამცირებს.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისში Coinbase-მა უკვე მიიღო თანამშრომლების 18%-ის გათავისუფლების გადაწყვეტილება, თუმცა როგორც ჩანს, ხარჯების შემცირება საკმარისი ვერ აღმოჩნდა ინვესტორების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რის გამოც კრიპტოკომპანიის დატოვა დამატებით 1,000 თანამშრომელს მოუწევს.

Coinbase-ის დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის, ბრაიან არმსტრონგის განცხადებით, კომპანიის შემოსავლები განახევრებულია, რისი მიზეზიც კრიპტოაქტივების ფასების შემცირება და ტრეიდინგ აქტივობის შემცირებაა.

აღსანიშნავია, რომ Coinbase-ი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი კრიპტოკომპანია იყო, რომელიც საფონდო ბირჟაზე განთავსდა. უოლ-სტრიტზე Coinbase-ის IPO გასულის წლის მეორე კვარტალში შედგა, ნოემბრისთვის კი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ 89 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ამჟამინდელი მონაცემებით, Coinbase-ის კაპიტალიზაცია 9 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული, რაც პიკურ შეფასებასთან შედარებით, ვარდნის 90%-იანი მაჩვენებელია.

Coinbase-ის დაღმასვლა საერთაშორისო ბირჟაზე კრიპტოაქტივების ფასების შემცირებითაა განპირობებული. კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, შემოსავლები იქამდე არ გამოსწორდება, სანამ ბიტკოინის, ეთერიუმისა თუ სხვა კრიპტოაქტივების ფასები არ გაიზრდება, ამის პრერეკვიზიტად კი ბრაიან არმსტრონგი გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებს.