მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტა ეთერიუმის ფასი $2,000-მდე გაიზარდა | აღმასვლის მიზეზები და მოლოდინები

62f8d375d144c
გიორგი თოლორდავა
14.08.22 15:00
1648
კრიპტოაქტივების გლობალურ ბირჟაზე აღმასვლის ძლიერი ტენდენცია ფიქსირდება - ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია გასულ 24 საათში 1%-ით, $1.2-ტრილიონიან ნიშნულამდეა გაზრდილი, რაც შეეხება უმსხვილეს კრიპტოვალუტა ბიტკოინს, მისი ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 7.5%-ით, 25,000 დოლარამდეა გაზრდილი.

აღმასვლის ტენდენცია გვხვდება სხვა კრიპტოპროექტებთან მიმართებითაც, თუმცა ინვესტორთა და ტრეიდერთა ყურადღების ცენტრში, უდავოდ, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა - ეთერიუმია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია სულ რაღაც ერთ კვირაში თითქმის 19%-ით, $245-მილიარდიან ნიშნულამდე გაიზარდა, ხოლო რაც შეეხება მის სავაჭრო ფასს - ამჟამად ერთი ETH-ის ღირებულება ბირჟაზე 2,000 დოლარს აღწევს, რაც მაისის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ეთერიუმის ფასის ზრდა ორი ძირითადი ფაქტორითაა განპირობებული. პირველი მათგანი ზოგადი საფონდო და კრიპტო ბირჟების აღმასვლას უკავშირდება, რაც, თავის მხრივ, გლობალური მაკროეკონომიკური მდგომარეობის დასტაბილურებითა და აქტივების რეალური ღირებულების გადაფასებითაა განპირობებული.

მეორე ფაქტორი უშუალოდ ეთერიუმს და მომავალ თვეს დაგეგმილ უმნიშვნელოვანეს განახლებას უკავშირდება, რომელმაც ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ეთერიუმის ბლოკჩეინი.

მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, ეთერიუმის გუნდი მზად არის, რომ კრიპტოვალუტა კონსენსუსის ახალ მექანიზმზე, Proof-of-Stake-ზე გადაიყვანოს.

საქმე იმაშია, რომ ეთერიუმის ბლოკჩეინი ამჟამად Proof-of-Work სისტემაზე მუშაობს, რომელიც მრავალი პარამეტრით აწ უკვე მოძველებულ ტექნოლოგიად ითვლება. Proof-of-Stake-ს ამჟამინდელ PoW სისტემასთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვს, მათ შორისაა: სისწრაფე, მაღალი გამტარობა, დაცულობა, მოქნილობა და სიიაფე.

აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ Proof-of-Stake სისტემა არ საჭიროებს მაინინგ ინფრასტრუქტურას და მძლავრ კომპიუტერულ მოწყობილობებს, რომლებიც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარენ.

ეთერიუმის თანადამფუძნებლის, ვიტალიკ ბუტერინის შეფასებით, აღნიშნული განახლება ეთერიუმისა და, ზოგადად, კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ცხადი გახდება, რომ ეთერიუმს ევოლუციის უნარი აქვს და მისი შესაძლებლობები იზრდება.

მიმდინარე კვირას სატესტო პროცედურები წარმატებით დასრულდა, ეთერიუმი კი სრულ განახლებას, სავარაუდოდ, მომდევნო თვეს მიიღებს.

განახლების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება ეთერიუმის ტრანზაქციის საკომისიო დანახარჯები, გაიზრდება ბლოკჩეინის სისწრაფე და შემცირდება მის მანინგთან დაკავშირებული ენერგომოხმარება.

განახლების წარმატებით დასრულების შემდეგ, ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ეთერიუმის მოხმარება და იმპლემენტაცია გაიზრდება, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურად იმოქმედებს ETH-ის ფასზე.