29.ივნისი .2020 17:21

კრიპტოვალუტის დანადგარების დიდი ნაწილი სვანეთში ჩაჭრილია - თვალაბეიშვილი

views 577
უკან

გასულ ზამთარს სვანეთს ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების პრობლემა შეექმნა. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიამ" და შემდეგ უკვე ადგილობრივმა თვითმმართველობამ განაცხადა, ეს ელექტროგადამცემი ხაზების გადატვირთვის შედეგი იყო, რაც თავის მხრივ, კრიპტოვალუტების უკონტროლო მოპოვებამ განაპირობა. სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება და მესტიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილობრივების ნაწილი სწორედ საყოფაცხოვრებო ელ.ენერგიას იყენებდა ელექტრონული ფულის მისაღებად.

"კი, წლის დასაწყისში იყო გაზრდილი მოხმარება, ძირითადად კრიპტოვალუტის გავრცელებასთან დაკავშირებით ამ რეგიონში. მას შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა. კრიპტოვალუტის მოხმარების და მისი ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი იქნა ჩაჭრილი და დღეს ისე მწვავედ აღარ დგას ეს საკითხი. ეს საერთოდ მესტიის რაიონის პრობლემაა და ახალი კანონის მიხედვით, სემეკი გარკვეულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს მთავრობის მიმართ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.

რაც შეეხება სვანეთის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის ხარჯის დაფარვას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხზე მთავრობა მუშაობს.

"ისტორიულად, მოგეხსენებათ, რომ ამ რეგიონში არ ხდებოდა ტარიფის გადახდა. ეს არ არის ახალი, ძველი პრობლემაა, მაგრამ იმისთვის, რომ რეგიონი განვითარდეს, ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურა განვითარდეს, აუცილებელია რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, მაგრამ ამ მიმართულებით მთავრობა მუშაობს", - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა