მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტოვალუტის მარეგულირებელ კანონპროექტს ბაზრის მონაწილეებთან ერთად განვიხილავთ - სებ

6272512116f5b
გიორგი თოლორდავა
04.05.22 15:02
1912
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ციფრული ვალუტისა (CBDC) და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მარეგულირებელ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის ამჟამად ბაზრის მონაწილეებთან ერთად განხილვის ეტაპზეა, დასრულებული დოკუმენტის გასაჯაროება კი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი.

„კრიპტოვალუტების ბაზრის რეგულირებას რამდენიმე მიმართულება აქვს, ესენია: მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ე.წ. ICO-ების (Initial Coin Offering) მიმართულება; კიბერუსაფრთხოება და ფულის გათეთრების მიმართულება - ჩვენ დღეს მხოლოდ ფულის გათეთრების მიმართულებაზე ვფოკუსირდებით.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის მონაწილეებთან ერთად კანონპროექტის განხილვა, ხოლო შემდეგი ეტაპი იქნება დოკუმენტის გასაჯაროება და მისი ინიცირება პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებში“, - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ ბევრი მოთამაშეა, კანონპროექტის განხილვის პროცესი კი სწორედ მათი უშუალო ჩართულობით მიმდინარეობს. პაპუნა ლეჟავას არ დაუსახელებია ზუსტი თარიღი, თუ როდის გასაჯაროვდება დოკუმენტი, თუმცა ის ვარაუდობს, რომ კანონპროექტის საზოგადოებისთვის წარდგენა მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი.

„კიდევ ერთხელ დავაზუსტებ, რომ რეგულაცია არ შეეხება ე.წ. მაინინგს, კონკრეტულ ინვესტორებს და ტრეიდერებს - რეგულაცია ეხება ბაზრის შუამავლებს, კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმებს, ბროკერებს და ბირჟებს“, - განაცხადა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.