მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრისტალინა გეორგიევამ IMF-ის მმართველი დირექტორის პოსტი შეინარჩუნა

61651feda21ae
შოთა ტყეშელაშვილი
12.10.21 09:43
844
საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევამ, თანამდებობა შეინარჩუნა. შესაბამისი გადაწყვეტილება სავალუტო ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ ორშაბათს გამართულ სხდომაზე მიიღო. საქმე Doing Business-ის სკანდალს უკავშირდება, კერძოდ კი ცნობებს, რომ კრისტალინა გეორგიევა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი საოპერაციო ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობის დროს, ახდენდა ზეწოლას Doing Business-ის სამუშაო ჯგუფზე, რათა მათ რეიტინგში ჩინეთის პოზიციები გაეუმჯობესებინათ. საკითხთან დაკავშირებით სავალუტო ფონდის სამეთვალყურეო საბჭომ არაერთი შეხვედრა გამართა და მხარეებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა. გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საბჭოსთვის წარდგენილი მასალებიდან დასაბუთებულად არ მტკიცდება, რომ გეორგიევამ სამსახურებრივი გადაცდომა ჩაიდინა. 

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამეთვალყურეო საბჭო შეიკრიბა, რათა განეხილა WilmerHale-ის გამოძიების შედეგები Doing Business-ის 2018 წლის ანგარიშთან დაკავშირებით. ეს ამ საკითხზე მერვე შეხვედრა იყო, რაც ამ საკითხისადმი სამეთვალყურეო საბჭოს ინტერესსა და დამოკიდებულებაზე მეტყველებს. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა ისაუბრეს, როგორც WilmerHale-ის წარმომადგენლებთან ასევე IMF-ის მმართველ დირექტორთან.

სამეთვალყურეო საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შეხვედრების განმავლობაში წარმოდგენილი ინფორმაცია დასაბუთებულად არ ამტკიცებს, რომ IMF-ის მმართველმა დირექტორმა ჩაიდინა სამსახურებრივი გადაცდომა, Doing Business-ის 2018 წლის ანგარითან დაკავშირებით, მაშინ როდესაც ის მსოფლიო ბანკის მთავარ საოპერაციო ოფიცერის პოსტზე მუშაობდა.

ყველა მტკიცებულების გაცნობის შემდეგ, სამეთვალყურეო საბჭო ადასტურებს მის სრულ ნდობას მმართველი დირექტორისადმი,”- ნათქვამია განცხადებაში.

კრისტალინა გეორგიევა IMF-ს 2019 წლიდან ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება თავად Doing Business-ის სკანდალს, გარე ჩარევების და კიდევ სხვა დარღვევების გამო, მსოფლიო ბანკმა სექტემბერში მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული რეიტინგის წარმოება საერთოდ შეაჩეროს.