მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიზისი დაიწყო და ბიუროკრატია კი არ შეამცირეს, არამედ გაზარდეს - ვატო ასათაშვილი

60b09473a7512
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.21 11:22
783
ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი, კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ქვეყანაში ტურიზმსა და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას სოციალურ ქსელში პირად გვერდზე აფასებს და აცხადებს, რომ „რაც ქვეყანაში ბოლო 2 წლის განმავლობაში ხდება, ეკონომიკური პოლიტიკა ან ხედვა კი არა, სრული ამორფული ბალამუტობაა“.

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ კრიზისის ფონზე სამინისტროებში ახალი კადრები კი არ უნდა ინიშნებოდეს, არამედ - პირიქით. ამასთან, ის ლარის კურსის დასტაბილურებას, ინვესტიციებს, პრივატიზაციას, უმუშევრობას და ტურიზმის გახსნის პარალელურად, ინდუსტრიის სწრაფი ვაქცინაციის საკითხებს ეხება და ამბობს, რომ ეს არ არის თანმიმდევრულობა.

BM.GE “ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებლის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ძალიან, ძალიან მოკლედ ეკონომიკასა და ცოტაც ტურიზმზე:

კრიზისი დაიწყო და ბიუროკრატია კი არ შეამცირეს, რიგ შემთხვევაში ბიუჯეტზე ჩამოკიდებული ხალხის რაოდენობა გაზარდეს.

ლარი უფასურდებოდა და არგუმენტიც კი ვერ იპოვეს რისთვის დაებრალებინათ, გამოსავლის რეცეპტზე ხომ საუბარი ზედმეტია.

პრიტავიზაცია გაახსენდათ რამდენიმე თვის წინ და ზარ-ზეიმით შედგენილი საპრივატიზაციო სიიდან ჯერ ვერაფერი გაყიდეს.

ენერგოდამოუკიდებლობაზე ლაპარაკობენ და ისეთი ქაოსია, ინვესტორის შემოყვანა კი არა, ოპერატორი კომპანიები ტირიან, „თელასი“ და „თბილისი ენერჯი“ ათობით მილიონიან ზარალზეა, კომუნალური ტარიფები გაძვირდა.

ლარმა გამყარება დაიწყო და ისევ ერთი სპეციალისტი არ ჰყავთ, რომელიც მყარ არგუმენტს დადებს თუ რა იწვევს ლარის გამყარებას, “და რა არის ის მიჯნა, რის შემდეგაც ლარი აღარ გამყარდება”.

არ უნდათ დაინახონ ქვეყანაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები, გარტყმაში არ არიან რა იქნება ხვალ, პროგნოზების და გეგმების ნაცვლად პირდაპირ ეთერში სადღგრძელოებს გვიყვებიან.

პრემიერმა ძალიან გვინდა წელს ტურიზმი 2019-ის 50%-მდე ავწიოთო, ნათია თურნავამ, დაახლოებით, 35%-მდე ავწევთო, გიორგი კაკაურიძემ (ფინანსთა მინისტრის მოადგილემ) 25%-ზე თუ ავედით, კარგიაო.

ორი დღის ინტერვალში საპროგნოზო სტრატეგიაზეც ვერ ჩამოყალიბდნენ...

უმუშევრობა 20%-ს გადასცდა, ბენზინი - 3 ლარს, ქვეყნის სახელმწიფო ვალი - 60%-ს (მშპ-სთან მიმართებით).

ამ მოცემულობით, ვისაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობა უნდა ან უტიფარი მედროვეა, ან ვიღაცის შინაური, სხვაგან სამსახურის პონტი რომ არ აქვს და აქ გარანტირებულ ხელფასს აიღებს.

ტურიზმი გავხსენითო და ქვეყანაში აცრილთა საერთო რაოდენობა 5%-ც კი არ არის. აპრილში თენგიზ ცერცვაძე აცხადებდა, სანამ ვაქცინირებულთა 30%-მდე არ ავალთ, შეზღუდვების შერბილებაზე ლაპარკი არ შეიძლებაო. ხომ ძალიან თანმიმდევრულები და ლოგიკურები არიან?!

სიტუაციას ვაკონტროლებთო, კრიზისს ვმართავთო და ამასობაში ერთმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, გლეხებს თითის ანაბეჭდები უცვდებათო“, - წერს ვახტანგ ასათაშვილი.