03.ივლისი .2020 21:30

კრიზისი უპრეცედენტო მასშტაბისაა და ტურიზმის დახმარებაც ასეთივე უნდა იყოს - კახა სამყურაშვილი

views 725
უკან

Galt&Taggart-ის უახლესი ანგარიშის მიხედვით, სასტუმროებსა და რესტორნებზე გაცემული სესხების ნაშთი 1.7 მლრდ ლარია და იმისთვის, რომ ბიზნესმა 1 წლის განმავლობაში სესხის პროცენტი გადაიხადოს, 115 მლნ ლარია საჭირო.

საინვესტიციო ბანკის უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობამ დარგს საგადასახადო შეღავათები დაუწესა და ასევე, გარკვეულ კატეგორიას საბანკო სესხების პროცენტი დაუსუბსიდირა და ბანკებმაც 3-თვიანი ცალკე შეღავათები დააწესეს, კრიზისის მასშტაბურობიდან გამომდინარე, კიდევ დამატებითი მხარდაჭერის პაკეტებია საჭირო.

ტურიზმის ინდუსტრია, რომ საბანკო სესხების კიდევ ერთხელ გადავადების მოლოდინშია, ამას Galt&Taggart-ის უახლესი ანგარიშიც აჩვენებს.

საინვესტიციო ბანკმა 2020 წლის ივნისის პირველ კვირაში 150-მდე სასტუმროს ჰკითხა - რა ტიპის მხარდაჭერას ისურვებდნენ და 73%-მა მოითხოვა საკრედიტო შენატანების 2020 წლის ბოლომდე გადავადება, 66%-მა - სესხზე საპროცენტო შენატანების სუბსიდირება და თითქმის ამდენივემ საგადასახადო შეღავათები. კიდევ ერთ კითხვაზე - „შეგექმნებათ თუ არა პრობლემა ვალდებულებების ნაწილში“, უმრავლესობამ - 73%-მა დადებითი პასუხი გასცა.

„კრიზისი არის უპრეცედენტო მასშტაბის და ჩემი აზრით, დახმარებაც ასეთივე უნდა იყოს. 1 ივლისს რომც გახსნილიყო საზღვრები საერთაშორისო ტურისტებისთვის, ეს საერთოდ არ იყო იმის გარანტია, რომ სექტორს დახმარება არ დასჭირდებოდა, რადგან 1 აგვისტოს გაიხსნება რეგულარული ავიამიმოსვლა თუ 1 სექტემბერს, ჩვენ არ უნდა ველოდოთ დიდ ნაკადებს - თუ პირობითად შემოდიოდა 10 ტურისტი, ახლა შემოვა - 2. ამდენად, ვფიქრობთ, შეუძლებელია, ტურიზმის სექტორმა ამ მდგომარეობაში 2021 წლის გაზაფხულამდე დაიწყოს აღდგენა და ძველ ნიშნულზე დაბრუნების პროცესი. რადგან მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჯერ კიდევ რთულია, თან ჩვენ მაქსიმუმ ევროკავშირთან შეგვიძლია გავხსნათ საზღვრები და კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების წილი დიდი არ იყო საქართველოს ჯამურ ვიზიტორებში. ამდენად, სექტორი საჭიროებს დახმარებას. ინდუსტრიისთვის მთავრობის მიერ განსაზღვრულ პაკეტს ნოემბერში გასდის ვადა და ეს საკმარისი ნამდვილად არ იქნება. შემდეგი წლის გაზაფხულამდე სექტორს დასჭირდება საგადასახადო ვალდებულების შემსუბუქება, საბანკო ვალდებულებეზე პროცენტის სუბსიდირება და ა.შ, რათა როცა კრიზისი დასრულდება, დარგმა მალე შეძლოს რეაბილიტაცია“, - აცხადებს Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი.

Bm.ge-ის რეპლიკას - „ფაქტია, სახელმწიფოს რესურსებიც შეზღუდულია“, კახა სამყურაშვილმა ასე უპასუხა: „მესმის, მაგრამ საგარეო დაფინანსება ბევრი მოვიზიდეთ და თუ ტურიზმს არ დავეხმარებით, მაშინ რას უნდა მოხმარდეს ეს თანხები?! ყველაზე დაზარალებული სექტორი ცალსახად ტურიზმია“.