19.ოქტომბერი .2020 17:55

კრიზისის დაწყებიდან პირველად, სექტემბერში თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა

views 1318
უკან

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, სექტემბერში თბილისში 3,121 საცხოვრებელი ბინის ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11%-ით აღემატება. გაყიდვების ჯამური ღირებულება კი $134 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ითაა გაზრდილი.

Colliers-ის თანახმად, თბილისში სექტემბერში რეალიზებულ ბინებში 2,159 ბინა ახალაშენებული იყო, რაც 2019 წლის სექტემბერთან შედარებით 18%-ით მეტია, ძველ ბინებზე რეგისტრირებული გარიგებები კი 2%-ით 962 ერთეულამდე შემცირდა. ამავე ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტად, 32%-ით ეკონომ კლასის ბინებზე არის მოთხოვნა გაზრდილი, საშუალო და პრემიუმ სეგმენტის ბინების გაყიდვები კი, სექტემბერში 23 და 29%-ით იყო შემცირებული. ამ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნის მატებას, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ წარდგენილი იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა განაპირობებს.

სექტემბერში ბინების გაყიდვების მატების მიუხედავად, 2020 წლის 3 კვარტალში დედაქალაქში, ჯამურად, 18,537 ბინა გაიყიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით ნაკლებია.

ბათუმის უძრავი ქონების ბაზარი:

ბათუმში, 2020 წლის სექტემბერში 710 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 39%-ით ჩამორჩება. ბაზრის ზომა 37%-ითაა შემცირებული და მისი მოცულობა, შესაბამისად, 32 მილიონი აშშ დოლარია.

ქალაქში იანვარ-სექტემბერში სულ 5966 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 30%-იან შემცირებას ნიშნავს. 2020 წლის პირველ სამ კვარტალში, ახალაშენებული ბინების გაყიდვების ღირებულება 36%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 206 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ძველი  ბინების შემთხვევაში გაყიდვები $34 მილიონის ტოლი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 23%-ით ნაკლებია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა