მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

KTW $10-მილიონიანი ობლიგაციების გამოშვებას გეგმავს

5fdcb6495924f
შოთა ტყეშელაშვილი
18.12.20 18:40
2227
საქართველოში ღვინის და სპირტიანი სასმელების ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა “კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” საქართველოს საფონდო ბირჟაზე $10 მილიონიანი ობლიგაციების გამოშვება გადაწყვიტა. KTW-სა და “Galt & Taggart”-ის მიერ მომზადებული ემისიის პროსპექტი უკვე საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე არის გამოქვეყნებული.

დოკუმენტის თანახმად, ახალი ფასიანი ქაღალდი 2 წლის ვადიანობის იქნება და მას KTW 2022 წლის დეკემბერში დაფარავს. ერთი ობლიგაციის ნომინალური ღირებულება კი $1,000 დოლარი იქნება.

ემისიის პროსპექტიდან ირკვევა, რომ ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით KTW “საქართველოს ბანკის” წინაშე არსებული სესხების რეფინანსირებას გეგმავს. საუბარია 3 სესხზე, რომელთა ჯამური მოცულობა $9,800,000 დოლარია.

KTW-ს 2020 წლის პირველ ნახევარში 51.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.8 მილიონი ლარით მეტია. შემოსავლების ზრდის მიუხედავად გაზრდილია კომპანიის მთლიანი ხარჯები, რის გამოც წმინდა მოგება 0.5 მილიონ ლარამდე შემცირდა. 2019 წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგება 7.4 მილიონი ლარი იყო.

ჯამურად, 2019 წლის განმავლობაში KTW-ს შემოსავალმა 105 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, 2019-ში “კახური ტრადიციული მეღვინეობის” წმინდა მოგება 22.6 მილიონი ლარი იყო. ცალკეული წყაროების მიხედვით, კომპანიის შემოსავლები ასეთია:

● ამონაგები ექსპორტიდან - 93 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 27.5%;
● ამონაგები ადგილობრივ ბაზარზე საბითუმო რეალიზაციიდან - 3.13 მილიონი ლარი, კლება წინა წელთან 22%;
● ამონაგები ადგილობრივ ბაზარზე საცალო რეალიზაციიდან - 3.16 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 5.7%;
● ამონაგები სასტუმრო, სარესტორნო და სხვა დაკავშირებული მომსახურებიდან - 3.88 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 17%;
● ამონაგები ხილის კონსერვების რეალიზაციიდან - 2.05 მილიონი ლარი, ზრდა წინა წელთან 72%.

ემისიის პროსპექტის თანახმად, კომპანიამ წელს $14.3 მილიონი დოლარის და 25 მილიონი ლარის ახალი სესხები აიღო. თავისმხრივ, ლარში აღებული სესხების უდიდესი ნაწილი KTW-მ 2020 წლის რთველში საბრენდე და საღვინე ყურძნის შესაძენად გამოიყენა.

არსებული მდგომარეობით, KTW-ს აქტივები 294 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიას 10-ზე მეტი შვილობილი კომპანია ეკუთვნის, ჯგუფის 100%-იანი წილის მესაკუთრე კი ბიზნესმენი ზურაბ ჩხაიძეა.