მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კუბლაშვილი: ერთ დღეს რუსეთმა რომ გზა ჩაკეტოს, ქვეყანა ფქვილის მარაგების გარეშე დარჩება

6149e8d16c907
ლიკა გურაბანიძე
21.09.21 22:39
3009
“ხორბლის ღირებულება ფსიქოლოგიურ ბარიერს გადასცდა, რაც არაერთხელ მომხდარა, მაგალითად, 2011 წელს”, - ამის შესახებ ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორმა ქეთევან კუბლაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

როგორც კუბლაშვილმა განმარტა, რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სხვა ბაზრით შესაძლებელია ყოველთვის, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი.

“რუსეთიდან შეძენილი ხორბლის ფასი საერთაშორისოა და იგივე ფასი ჩვენ მაგალითად, ფრანგულ და გერმანულ ხორბალზე გვაქვს, თუმცა ტრანსპორტირების საკითხი მას უფრო ძვირს ხდის.

ასე რომ მიუხედავად რუსეთის მიერ შემოღებული საგადასახადო ტარიფისა, რუსული ხორბალი დღეს ყველაზე უფრო იაფია. თუ ჩვენ სახმელეთო გადაზიდვებზე ვისაუბრებთ, რომელმაც ყველა საპორტო მოწოდება გადაფარა, ვნახავთ, რომ ყურადღება სწორედ სახმელეთო გზაზე უნდა გადავიდეს, რადგან მისი ფასი სხვაა. ამ სეზონზე პორტებიდან მაქსიმუმ 6 000 ტონა ხორბალია შემოსული, სხვა დანარჩენი სახმელეთო გზით მოგვეწოდა", - განაცხადა კუბლაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყნისთვის ფქვილის წარმოების ხაზის ქონას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

“საწისქვილე დარგი, რომელიც საქართველოში მუშაობს, ერთ-ერთი წარმატებული და თვითმყოფადია. თუ მის მოწოდებასაც რუსეთი დაიწყებს და მას საბაჟო გადასახადი არ დაედება, ქვეყანაში ეს სექტორი დაიშლება. როგორც კი ქვეყანა ფქვილის შემოტანაზე გადავა, ეს აუცილებლად ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, რადგან ერთ დღეს რუსეთმა რომ გზა ჩაკეტოს, ქვეყანა ფქვილის მარაგების გარეშე დარჩება. ფქვილის მარაგები ზოგადად არ კეთდება, რადგან ის ხორბლისგან განსხვავებით მალფუჭებადი პროდუქტია, ხოლო ამან დიდი საშიშროება შეიძლება მოიტანოს", - აღნიშნა ქეთევან კუბლაშვილმა.

ცნობისთვის: საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის ფასი ფსიქოლოგიურ ნიშნულს გასცდა. ერთი ტონა ხორბალი უკვე 300 დოლარზე მეტი ღირს. ბოლოს ასეთი ძვირი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პროდუქტი 2007 წელს იყო. ფასი გაიზარდა, რადგან შემცირდა მოსავლიანობა, რისი მიზეზიც, FAO-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკაში ხანგრძლივი გვალვა და რუსეთსა და ყაზახეთში გაზაფხულის ყინვა იყო.