მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გამოკითხული მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს - NDI

61f2576d80337
ინგა მურუსიძე
27.01.22 12:41
938
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის”(NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 42% აცრას არ აპირებს. მაჩვენებელი 2021 წლის დეკემბრის მონაცემს მოიცავს, ხოლო იგივე კითხვაზე - 2021 წლის ივლისში, გამოკითხულთა 47% აცხადებდა, რომ არ აიცრებოდა.

გარდა ამისა, შემცირდა აცრის გაკეთების მსურველთა რიცხვიც. კერძოდ, 2021 წლის დეკემბერში გამოკითხულების 25% ამბობდა, რომ აიცრებოდა, ხოლო 2021 წლის ივლისში - 35%, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 29% დეკემბერში ამბობდა, რომ უკვე აიცრა, ხოლო ივლისში მხოლოდ -7%.

ამასთან, NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების მესამედი ბუსტერის გაკეთებას არ აპირებს, ან არ იცის რას იზამს. მაჩვენებელი მოიცავს გამოკითხვას იმ ადამიანებს შორის, ვინც უკვე აიცრა, ან, აპირებს რომ აიცრას. ასეთი ადამიანების 54%-დან 65% ამბობს, რომ ბუსტერ-დოზას გაიკეთებს, 14% ამბობს, რომ ბუსტერს არ გაიკეთებს, 3% ამბობს, რომ ბუსტერ-დოზუთ უკვე აიცრა, ხოლო 20%-მა არ იცის რას იზამს.

ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა ბავშვების ვაქცინაციის წინააღმდეგია.

რაც შეეხება ვაქცინაციისადმი ნდობას, იმ ადამიანებმა, ვინც თქვა, რომ აცრაზე უარს აცხადებს - რა არის ამის მიზეზი, გამოკითხულთა 38% ამბობს, რომ კორონავირუსის ვაქცინის ხარისხს არ ენდობა, 20% ამბობს, რომ ვერ აიცრება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, 15% ფიქრობს, რომ პანდემიას ვაქცინაციის გარეშეც გავუმკლავდებით, 7% ამბობს, რომ ვაქცინას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს, ხოლო 6% ზოგადად ვაქცინაციის წინააღმდეგია.

კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა ჩაატარა CRRC-საქართველომ.