28.სექტემბერი .2019 11:04

„კულა“: ჩვენს წითელ ტყემალში არცერთი სახის საღებავი არ აღმოჩნდა

views 450
უკან

ჩვენს წითელ ტყემალში არცერთი სახის საღებავი არ აღმოჩნდა,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „კულა“ ავრცელებს. ამ განცხადებით კომპანია ეხმაურება რამდენიმე კვირის წინ საქართველოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევას, რომლის მიხედვითაც, „კულას“ პროდუქციაში არასაკვები საღებავი აღმოაჩინეს.

კომპანია „კულაში“ აცხადებენ, რომ მათ ნიმუშები გერმანიაში შეამოწმეს, სადაც საღებავის არსებობა არ დადასტურდა. მათი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელება თავიდანვე იყო დაგეგმილი პროვოკაცია ან ლაბორატორიის შეცდომა.

“პატივცემულო „კულას“ მომხმარებლებო და პარტნიორებო,

როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენს კომპანიაში მიმდინარეობს პროდუქციის შემოწმება. რაც გამოწვეული იყო იმით, რომ საქართველოს „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ჩვენს წითელ ტყემალში აღმოჩნდა საღებავი.

ამ ინფორმაციის გაჟღერების პირველივე წუთიდან, ჩვენი მენეჯმენტი აცხადებდა, რომ ეს იყო ლაბორატორიის შეცდომა ან დაგეგმილი პროვოკაცია.

საწარმოში დაილუქა გამოშვებული პროდუქცია და ყველა სავაჭრო ობიექტიდან ამოღებული იქნა წითელი ტყემალი. სურსათის უვნებლობის თანამშრომლების მიერ, შერჩევის წესით ამოირჩა ნიმუშები, დაილუქა და გაგზავნილ იქნა სხვადასხვა ლაბორატორიაში კვლევებზე. გერმანული ლაბორატორია Eurofins-ის ცენტრალური ოფისიდან ქ. ჰამბურგი, სადაც გაგზავნილი იყო ჩვენი პროდუქციის ნიმუში, მოგვივიდა დასკვნა (რომელსაც ვასაჯაროვებთ) - მასში არ აღმოჩნდა არცერთი სახის საღებავი.

ჩვენ ასევე ჩავატარეთ შიდა მოკვლევა და ბევრი შეუსაბამობა დავადგინეთ. მათ შორის:

1) ტყემალში, რომელიც არის წითელი ფერის, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით აღმოჩნდა სუდან 1 სახის საღებავი. ჩვენ მოვიკვლიეთ აღნიშნული საღებავი და აღმოჩნდა, რომ სუდან 1 წარმოადგენს ყვითელი ფერის საღებავს. რატომ უნდა გამოგვეყენებინა წითელ ტყემალში ყვითელი ფერის საღებავი?

2) სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, შემოწმება ჩატარდა გერმანიაში, ჩვენ მოვიკვლიეთ და დავადგინეთ, რომ კვლევა არ არის ჩატარებული გერმანიაში, არამედ ჩატარებულია თურქეთში.

3) სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ ნიმუშების აღება იქნა წესების დარღვევით.

ასეთი უზუსტობები მრავალი აღმოჩნდა ჩვენი შიდა მოკვლევის შედეგად და ჩვენ მომხმარებლისათვის მიგვინდია იმის ანალიზი, ეს არის პროვოკაცია თუ ლაბორატორიის შეცდომა.

უმოკლეს ვადებში კიდევ ბევრ ახალ ინფორმაციას მოგაწვდით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

კომპანია „კულა“ აცხადებს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოვიდეს ქარხანაში, თავისი შეხედულებისამებრ აიღოს დალუქული ნიმუშები, გააგზავნოს ნებისმიერ ლაბორატორიაში და შეამოწმოს”,- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა