მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კულა” უკრაინის ბაზრიდან 150 000 ლარის შემოსავლის კლებას ვარაუდობს

6227055cf33c6
ლიკა გურაბანიძე
13.03.22 21:06
1054
კომპანია "კულა" ქართულ ბაზარზე წვენების და კონსერვების წარმოების სეგმენტში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. მისი დამფუძნებელი ივანე გოგლიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ უკრაინაში ექსპორტის დროებით შეჩერებაზე მეტად, იქიდან შესაფუთი მასალების მიღების შეფერხება აწუხებს. ის განმარტავს, რომ თუ მდგომარეობა არ შეიცვლება, ამ მიმართულებით სხვა ბაზრების მოძიება მოუწევთ.

“უკრაინიდან მინის ბოთლები შემოგვქონდა. პრობლემები ამ კუთხით ომამდეც გვქონდა, რადგან მინა უკრაინიდან რუსეთის გავლით შემოგვქონდა და ხშირად კონტეინერს რუსეთი ჩვენს ბაზარზე არ უშვებდა” - აღნიშნა გოგლიძემ.

“კულას” დამფუძნებლის თქმითვე, უკრაინის ბაზრის კლება მაისის ბოლომდე, კომპანიაში დაახლოებით 3%-დან 4%-მდე გაყიდვების შემცირებას გამოიწვევს. თუმცა, ამას ევროპის და ამერიკის ბაზრებით დააკომპენსირებენ.

“მაისის ბოლომდე, მთლიან შემოსავალში უკრაინის ბაზრიდან 150 000 ლარიანი შემოსავლის კლებას ვვარაუდობთ. ამ პერიოდში ვნახავთ, რა იქნება და შემდგომ ჩვენს წარმოებას ახლიდან გადავგეგმავთ” - განმარტა ივანე გოგლიძემ.

რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე ექსპორტს, ბიზნესმენის თქმით, ამ შემთხვევაში სანქციების შედეგად გადახდების სისტემაში შექმნილი კოლაფსი უშლით ხელს.

“სანამ რუსეთის მხრიდან ჩვენს კომპანიას თანხა 100%-ით არ ჩაერიცხება, ჩვენ მზად არ ვიქნებით, რომ მათ პროდუქცია მივაწოდოთ და შემდგომ ანაზღაურებას ორი კვირა დაველოდოთ” - აღნიშნა გოგლიძემ.