16.ნოემბერი .2019 14:00

კულინარიული „რეცეპტების მუზეუმი“, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს

უკან

ქართული კერძების მომზადება, როგორც აღმოჩნდა, ძალიან ადვილია. მთავარია, იცოდე საიდუმლო - სახელად „რეცეპტი“. სწორედ ამ მიზნით, თბილისში პირველი კულინარიული რეცეპტების მუზეუმი შეიქმნა. ადგილი, რომელსაც ანალოგი არ აქვს არამარტო საქართველოში, არამედ - მსოფლიოში; ადგილი, რომელიც ქართული რეცეპტების კოლექციას, შეზავებული სუნელების ასორტიმენტსა და კულინარიულ მასტერკლასებს ერთად უყრის თავს.

როგორც მუზეუმის დამფუძნებელი გვიყვება, სუნელებისა და რეცეპტების „ორომტრიალში“ გაცილებით ადრე აღმოჩნდა, დაახლოებით, სამი წლის წინ, როდესაც ქართული კერძებით აღფრთოვანებული ტურისტი, მომზადების წესითაც დაინტერესდა. უკვე 2019 წლის აპრილში „რეცეპტების მუზეუმიც“ გაიხსნა.

„აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში არც ისტორიული ცნობები, არც ფაქტები, ლეგენდებიც კი არ გვაქვს, თუ საიდან მოდის ამა თუ იმ კერძის წარმოშობის ისტორია. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი ღირებული ადგილი, სადაც იქნებოდა დაცული ამა თუ იმ კერძის რეცეპტის შექმნის ისტორია, როდის, რატომ და ვისთვის იქმნებოდა ესა თუ ის კერძი. შევაგროვებდით როგორც ხალხურს, ისე - საავტორო რეცეპტებს“, - აცხადებს bm.ge-ისთან მაკო ქავთარაძე.

ნიგვზიანი ბადრიჯანი, ლობიო ქართულად, საცივი, ხინკალი, ჩაშუშული და რეცეპტი კუბდრის მოსამზადებლად. ეს იმ რეცეპტების ჩამონათვალია, რომლის მოპოვებაც თავდაპირველად მოახერხა მუზეუმის დამფუძნებელმა, რვა თვის თავზე კი, რეცეპტების რიცხვი სამასს სცილდება.

„საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან გვიკავშირდებიან და გვაწვდიან რეცეპტებს. აგრეთვე ტურისტების მცირე ჯგუფებს, მეგობრულ გარემოში კულინარიული მასტერკლასებზე დასწრება და ღვინის დეგუსტაციაც შეუძლიათ“, - ამბობს მუზეუმის დამფუძნებელი.

სუნელების საწარმოსა და რეცეპტების მუზეუმის გახსნისთვის, ჯამში, 100 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და ამჟამად 7 ადამიანია დასაქმებული.

„დავიწყეთ როგორც ექსპერიმენტი, და ამ ექსპერიმენტმა გაამართლა. მუზეუმი ყველა რეცეპტს, თავისი ისტორიით, მომავალ თაობას შეუნახავს“, - აღნიშნავს მაკო ქავთარაძე.

„რეცეპტების მუზეუმი“ წელს „თიბისის“ პროექტ ბიზნეს დაჯილდოების ერთ-ერთი მონაწილეცაა. ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის“ დარეგისტრირდნენ და ამბიციაც შესაბამისი აქვთ: წლის საუკეთესო სტარტაპის წოდება მოიპოვონ. მიუხედავად იმისა, რომ მუზეუმს „თიბისისთან“ ბიზნესურთიერთობა არ აკავშირებს, მსგავსი ბიზნესის მხადამჭერი პროექტები მათთვის დამატებითი მოტივაციაა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა