27.თებერვალი .2021 20:53

კულტურა სულს ღაფავს... გვიწევს ქამრების შემოჭერა - ზურაბ გეწაძე

კულტურა სულს ღაფავს... გვიწევს ქამრების შემოჭერა - ზურაბ გეწაძე
views 479
უკან

თუმანიშვილის თეატრის დირექტორი ზურაბ გეწაძე განათლების სამინისტროდან კულტურის სამინისტროს დროული გამოყოფის საჭიროებაზე საუბრობს. როგორც მან #BMGDRIVE-ში სტუმრობისას განაცხადა, 1 აპრილიდან თეატრების გახსნის მიუხედავად, თეატრებს კოვიდ-რეგულაციების დაცვის გამო საკმაოდ მწირი შემოსავლები ექნება. მისი თქმით, თუ გვინდა კულტურა სულს არ ღაფავდეს, სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს პოლიტიკა, გამოყოს თანხა იმისთვის, თუ როგორი სტრუქტურით უნდა იყოს მოწყობილი თეატრი ანუ როგორ უნდა მუშაობდეს და იღებდეს დაფინანსებას.

„საზღვარგარეთ თეატრები არიან პროგრამულ დაფინანსებაზე. გეგმას შეიტანს ჯგუფი, გააკეთებს პროგრამას, მაგალითად 3 წლიანს, რომელსაც განიხილავს კომისია და მისცემენ თანხას, რომელიც უნდა განკარგოს ისე, რომ მიაღწიოს 3 წლის მერე იმ შედეგს, რაც გაწერილია პროგრამულად. ჩვენთან ასე არ არის“-აცხადებს გეწაძე.

მისი თქმით, თეატრის ბიუჯეტის 100% არის ხელფასები, სხვა ხარჯებს კი იხდიან შემოსავლებიდან.

„ეს სხვა ხარჯებია ახალი სპექტაკლის დასადგმელად საჭირო თანხები, კომუნალურების თანხები, რომელიც ძალიან ძვირი უჯდება თეატრს. თბილისის თეატრების მთლიანი ბიუჯეტი არის გადანაწილებული ხელფასებზე და ცდილობენ ახალი სპექტაკლებისთვის მოიძიონ თანხები, რადგან ეს შემოსავლებიც არ არის ისეთი დიდი, რომ დაეყრდნო“-აცხადებს გეწაძე.

მისი თქმით, თეატრების კომუნალური ხარჯები გასულ წელს მთლიანად განათლებისა და კულტურის სამინისტრომ დაფარა, რადგან თეატრებმა გაჩერების შემდეგ ვერ გადაიხადეს.

„ახლაც იგივე სიტუაციაში ვართ. ახლაც ველოდებით სამინისტროსგან, რომ დაგვიფაროს კომუნალური და სხვა ხარჯები.
თვეში 5 ათასი ლარი მხოლოდ გათბობისთვის გვჭირდება მინიმუმ. ახლა წყალიც გაგვიძვირდა... გვიწევს ქამრების შემოჭერა“-ამბობს გეწაძე.