მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურის სამინისტრო გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

631262d9530af
BM.GE
02.09.22 23:58
4972
კულტურის სამინისტრო გალკინისა და მაკარევიჩის კონცერტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

Bm.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ ზემოხსენებულ ხელოვანებს უარი ეთქვათ თბილისში, ძველ სპორტის სასახლეში დაგეგმილი კონცერტების გამართვაზე. საზოგადოებისთვის განვმარტავთ, რომ საქმე ეხება ყალბი ინფორმაციის გავრცელებას, ვინაიდან ძველი სპორტის სასახლე არ გახლავთ კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი ორგანიზაცია, იგი კერძო საკუთრებაა უკვე მრავალი წელია.

შესაბამისად, კერძო კომპანიის ქონებაში კონცერტის ჩატარების საკითხი ბევრად სცილდება სამინისტროს კომპეტენციას. რაც შეეხება ახალ სპორტის სასახლეს, ის სამინისტროს მიერ იქნა აშენებული, მისი მმართველობის ქვეშაა და ამჟამად მასპინძლობს ევრობასკეტს. ზემოხსენებული კონცერტების ორგანიზატორებს ახალი სპორტის სასახლისთვის არ მიუმართავთ.

აქვე შევახსენებთ ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელ ტელევიზიებს, რომ ახალი სპორტის სასახლე უკრაინისადმი მიძღვნილი გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტით გაიხსნა. შესაბამისად, ფუჭია ყოველგვარი მცდელობა კულტურის სამინისტროს გარშემო სკანდალის მოწყობისა და მოცემული სათუთი თემით მანიპულირების მიზნით", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის:დღეს Biletebi.ge-მ განაცხადა, რომ თბილისის სპორტის სასახლე უარს ამბობდა ცნობილი რუსი მუსიკოსის ანდრეი მაკარევიჩის და ასევე რუსი კომედიანტის მაქსიმ გალკინის კონცერტის ჩატარებაზე მაშინ, როცა ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებული იყო. როგორც კომპანიაში BMG-ის უთხრეს, უარის ოფიციალური მიზეზი სარემონტო სამუშაოებია, მაგრამ Biletebi.ge-ს დამფუძნებელმა გიორგი ჩხიკვიშვილმა თქვა, რომ სპორტის სასახლის მენეჯმენტი ზეწოლის ქვეშაა და ამ საკითხზე ღიად საუბარი არ სურთ.