მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურის სამინისტროს სსიპ-ებს დაფინანსების მიღება კონკურსით მოუწევთ - წულუკიანი

607440f87ee91
ინგა მურუსიძე
12.04.21 20:20
875
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ბიუჯეტის თანხა კონკურსის გზით უნდა განაწილდეს და მათ შორის, სსიპ-ებმაც კონკურსებში უნდა მიიღონ მონაწილეობა.

საკითხზე მან „ქალების ნარატივში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სსიპ-ებს ძალიან უჭირს კომუნიკაცია მათ შორის, თავად სამინისტროსთან.

“ჩვენ გვაქვს მხოლოდ 100 მლნ და აქედან შეიძლება 100 000 ლარიც კი აღარ იყოს თავისუფალი იმისთვის, რომ ელემენტარულად, რომელიმე ორგანიზაციას, რომელსაც პანდემიის გამო გაუჭირდა, ზედმეტი თანხა მივცეთ, რომ დენის გადასახადი დაფაროს. ამიტომაც, ჩვენ მოგვიწევს იმ პროექტების გადასინჯვა, რომელიც ტრადიციულად, ფინანსდებოდა და იწვევდა ეჭვს, რომ უსამართლოდ ნაწილდება ფული.

ეს დაგვეხმარება, რომ გამოვათავისუფლოთ რესურსი კერძო ინიციატივებისთვის, კონკურსების გზით. კონკურსი იქნება ძირითადი, სისტემატურად გამოყენებადი წესი და შემდეგ შეიძლება იყოს რამდენიმე, თითზე ჩამოსათვლელი პროექტი, რომლებიც სახელმწიფო მნიშვნელობისაა და იქ სახელმწიფო მიხედავს თავის თავს“, - განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, კონკურსები შექმნის კონკურენციას, „ნაცვლად მუდმივად ხელგაშვერილ მდგომარეობაში ყოფნისა, რომ სახელმწიფომ დაუმატოთ თანხა. სასურველია, რომ კულტურამ ნელ-ნელა წარმატებული ინდუსტრიის ელფერი შეიძინოს“.