მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კულტურის, სპორტისა და ახალგაზდობის სამინისტროს ცალკე გამოყოფას მთავრობა დღეს დაამტკიცებს

601264f34bb56
ვიქტორია მღებრიშვილი
28.01.21 11:19
1080
საქართველოს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრთა კაბინეტი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფის დადგენილებას მიიღებს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ხელოვნებისა და სპორტის მიმართულებით ცალკე სამინისტროს ამოქმედება სფეროს წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია.

„დღეს უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებების შეტანაზე. ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და მომზადებული მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურის, სპორტის და ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინიტრო.

ეს უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კულტურის, ასევე სპორტის წარმომადგენლებისთვის და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება, ჩვენი ცხოვრების უძვირფასესი ნაწილია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. ეს სფერო იმსახურებს ცალკე სამინისტროს, ისევე როგორც სპორტის მიმართულება, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს.

გარდა ამისა ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით ფუნქციონირებდა, ამ დადგენილების მიღების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში 2018 წელს კულტურის და სპორტის სამინისტრო გაუქმდა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს შეუერთდა. მაშინ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იყო და აღნიშნული ე.წ. მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში განხორციელდა, თუმცა 2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ "ოცნების"მთავრობა უკვე გიორგი გახარიას მეთაურობით, მზადაა, გაუქმებული სამინისტრო ისევ აღადგინოს - შესაბამისი მოთხოვნა თუ სურვილები კულტურის სფეროს მუშაკებში სამინისტროს გაუქმების დღიდანვე იყო.