მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით სსიპ-ი დაფუძნდება

5f100ec40488e
BM.GE
16.07.20 12:22
2570
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან გვაცნობეს.

ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს.

2019 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, მომზადდა ტურისტულად დატვირთული დასახლებების მართვის განსხვავებული მოდელი. ასეთი მოდელის შემუშავება განაპირობა კურორტების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რაც მეტწილად გამოწვეულია თვითმმართველობებში არასაკმარისი ფინანსური და ადამიანური რესურსით.

სამინისტროს მიერ შემუშავებული მოდელის სამართლებრივი საფუძვლისთვის მომზადებული „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილების პროექტი დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა.

კანონში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტებს მიეცათ შესაძლებლობა, საკრებულოების გადაწყვეტილებით, შექმნან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ისეთი მუნიციპალური სერვისების მიწოდებაზე, როგორებიცაა: ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების დასუფთავება და ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, პარკირების უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემა, მშენებლობაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამის განთავსების ადმინისტრირება. ამასთან, სსიპ-ს მიეცემა ისეთი უფლებები, როგორებიცაა ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის ადმინისტრირება, გამოფენების, ბაზრობების გამართვის ორგანიზება, საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა და სხვა.

ეფექტიანი საჯარო მმართველობის განხორციელება, მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის სერვისების შეუფერხებლად მიწოდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ მუნიციპალიტეტებში, სადაც არსებობს სწრაფი ეკონომიკური განვითარების პირობები, მზარდია ტურიზმი და ინვესტიციების მოცულობა. შესაბამისად, მსგავსი უფლებებით აღჭურვილი მართვის ორგანო აუცილებელია ისეთი ტიპის საკურორტო თუ ტურისტულად აქტიური დასახლებებისთვის, როგორებიცაა ბაკურიანი, გუდაური, უშგული, ბახმარო, ურეკი, თუშეთი და სხვა.

დასახლებებს, სადაც უნდა ამოქმედდეს მართვის ახალი მოდელი, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, ხოლო სსიპ-ის დაფუძნების საკითხს დამოუკიდებლად გადაწყვეტს მუნიციპალიტეტი. ამასთან, მუნიციპალიტეტების უფლება შექმნან სსიპ-ები, იმოქმედებს 2030 წლამდე, რის შემდეგაც გადაიხედება ასეთი მოდელის მოქმედების საჭიროება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბაკურიანის განვითარებისათვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო 58 მილიონი ლარის 8 პროექტს ახორციელებს. უკვე დასრულდა ბაკურიანის შემოვლითი 3 კილომეტრიანი გზის მშენებლობა, რომელმაც განტვირთა ბაკურიანი საცობებისაგან და მნიშვნელოვნად მოაწესრიგა დაბაში ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

დასრულდა ბაკურიანის სოფელ ანდეზიტთან და სოფელ ციხისჯვართან დამაკავშირებელი 7.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა და მიტარბი-კოხტას საბაგირომდე მისასვლელი 3 კილომეტრამდე გზისა და დიდველზე 150 მანქანაზე გათვლილი პარკინგის გაფართოების სამუშაოებიც.

დაბაში აშენდა პოლიციის ახალი ორსართულიანი შენობა, მოეწყო ბაკურიანის წრიული ბილიკი და გზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განათების მონტაჟისთვის შესყიდვის პროცედურები.

ასევე, დაწყებულია ბაკურიანის ურბანული განახლების პროექტის მომზადება. პროექტის ფარგლებში შემუშავდება სატრანსპორტო და საფეხმავლო მოძრაობის გეგმა, დაბის ცენტრალური ნაწილის განახლების, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის, ცენტრალური სატრანსპორტო სადგურის საპროექტო დოკუმენტაცია. შემუშავებული პროექტების მიხედვით დაიწყება სამშენებლო სამუშაოები.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით შემუშავებულია ბაკურიანის რეკრეაციულ პარკის რეაბილიტაციის პროექტიც და მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად საჭირო პროცედურები.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანისთვის 26 ერთეულ ტექნიკასაც შეიძენს. აქედან, 10 სათხილამურო კურორტებისთვის ადაპტირებული ავტობუსი ნოემბერში, ხოლო 13 ერთეული სპეციალური ტექნიკა წლის ბოლომდე გადაეცემა კურორტს.