მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტ ლებარდესთვის 2023 წლის ბიუჯეტში თანხა ვერ გამოინახა - გზის რეაბილიტაცია ისევ გადაიდო

645665a714b50
ალა ისპირიანი
06.05.23 23:50
1035
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია წელს აღარ გაგრძელდება.

"2023 წელს ამ პროექტის განხორციელება ვერ ხერხდება" - ასე გვიპასუხეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ კურორტ ლებარდესთან მისასვლელი გზა ჯამში 34 კილომეტრია, აქედან 6 კილომეტრზე გზის საფარი 2019 წელს დაიგო. დარჩენილი 28 კილომეტრის გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება 2022 წელს იგეგმებოდა, რაზეც 26 მლნ ლარი დაიხარჯებოდა.

მოგვიანებით ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პროექტი 2022 წელს აღარ განხორციელდებოდა და 2023 წლისთვის გადაიდო.

"საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა პროექტი ტალერი-ლებარდეს გზის 28 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხრეშოვანი საფარით, ვინაიდან წლევანდელი გეგმა (2022 წლის) პრაქტიკულად უკვე ფორმირებულია, შესაბამისად, აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიგეგმება მომდევნო წლის (2023 წლის) გეგმის ფორმირებისას", - მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

Bm.ge მიმდინარე წელს კვლავ დაინტერესდა როდის გამოცხადდებოდა ტენდერი დარჩენილი 28 კილომეტრის გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, რაზეც საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ პროექტი 2023 წელს აღარ დაიწყება.

კითხვაზე, თუ კვლავ რა მიზეზით გადაიდო გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოები - გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ კონკრეტულ მიზეზს ვერ იტყვიან.

„წელს ამ პროექტის განხორციელება ვერ ხერხდება და ყველანაირად ეცდება საავტომობილო გზების დეპარტამენტი, რომ 2024 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს. ამის კონკრეტულ მიზეზს ვერ გეტყვით“, - გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.