მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტ ნუნისში პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედდა

60224535b6669
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.21 17:38
2440
კურორტ ნუნისში საქართველოში პირველი პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამა ამოქმედა, რომელიც შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას ეყრდნობა. პროგრამა ითვალისწინებს 7 ან 14 დღიან სარეაბილიტაციო და ასევე გამაჯანსაღებელ კურსს, რომელსაც პროფესორი ლერი ლაფანაშვილი ხელმძღვანელობს.

როგორც კურორტ ნუნისის გენერალურმა დირექტორმა ირმა დაუშვილმა BM.GE-ის განუცხადა, პროგრამა კურორტზე ერთი კვირაა რაც ამოქმედდა და საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია. მისი თქმით, პოსკ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამის ამოქმედება დიდი ხნის იდეაა, თუმცა ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამო, ეს მხოლოდ ახლა მოხერხდა.

„საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ დღეს არსებულ პირობებში პოსტ-კოვიდური რეაბილიტაციის პროგრამები ამოქმედდეს. 360 საკურორტო ზონა გვაქვს - აბასთუმანი, წყალტუბო, კახეთი... ნუნისი, მოგეხსენებათ, თავისი კლიმატითა და სამკურნალო წლებით განთქმნული კურორტია და ამიტომ  კოვიდის შემდგომი სარეაბილიტაციო პირველი პროგრამის ამოქმედება გადავწყვიტეთ და ერთგვარად დავიწყეთ ეს პროცესი. აქამდე რეგულაციების გამო დამსვენებელს თამამად ვერ ვიღებდით. ხელს გვიშლის, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გაჩერება, რადგან მატარებელიც კი არ მოძრაობს. ამასთან, რეგიონში ხშირ შემთხვევაში ზამთარში დაბალი გამავლობის ავტომობილობით გადაადგილება ჭირს ხოლმე და ამიტომ, ამ კუთხით, პრობლემები იყო. ეს ის მიზეზებია, რის გამოც პროგრამა დღემდე ვერ ავამოქმედეთ. მიმაჩნია, რომ ადამაინის ჯანმრთელობისთვის ეს კურსი მეტად მნიშვნელოვანია“, - თქვა ირმა დაუშვილმა.

პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ლერი ლაფანაშვილი კი აღნიშნავს, რომ რეაბილიტაციის პროგრამა მიმართულია პაციენტებზე, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა მათ პოსტ-კოვიდური სირთულეები თუ გარკვეული დისკომფორტი.

„დღეისთვის უკვე ცნობილია, რომ კოვიდი გართულებებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის კუთხით იწვევს, ამიტომ 1, 2 ან საუკეთესო შემთხვევაში 3 კვირიანი კურსი ადამიანის ჯანმრთელობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. კურორტი ნუნისი განთქმულია თავისი სამკურნალო ჰაერით და სამკურნალო წყლებით, შესაბამისად, რეაბილიტაცია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროცესში საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება შვეიცერიული აპარატი და კურსიც შვეიცარიული გამოცდილების მიხედვით არის შედგენილი. საწყის ეტაპზე, რა თქმა უნდა მსურველი გადის დიაგნოსტიკას, რის შემდეგაც წყდება კონკრეტულად რა მიმართულებით ესაჭიროება მას რეაბილიტაცია და რომელი თერაპიებია ჩასატარებელი, კურსის ღირებულებაც აქედან გამომდინარე დგება“, - განმარტა BM.GE-სთან საუბრისას სარეაბილიტაციო პროგრამის ხელმძღვანელმა.