მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტების განვითარების სააგენტოს შექმნა არამიზნობრივი ხარჯია - მაია სიდამონიძე

62bb148956721
მარიამ ვარადაშვილი
03.07.22 13:03
1139
სასტუმრო „ტერასას“ დამფუძნებელი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე ახალი სსიპ-ის - კურორტების განვითარების სააგენტოს შექმნას არამიზნობრივ ხარჯად აფასებს. როგორც მან BMG-ისთან ინტერვიუში განაცხადა, კურორტების განვითარება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უმთავრესი მიზანია და ამ ფონზე გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო დამატებითი საბიუჯეტო ორგანიზაციის შექმნა.

“არსებობს ტურიზმის ადმინისტრაცია, რომელიც კურორტებს ისედაც კურირებს; ასევე, არსებობს მთის კურორტების განვითარებისთვის ცალკე უწყება (იგულისხმება მთის ტრასების სააგენტო). შესაბამისად, ახალი სსიპი-ის შექმნა, ვფიქრობ, რესურსის არამიზნობრივი ხარჯვაა. თან იმ ფონზე, როცა დღეს ამ სფეროში ისედაც არაფერი ხდება. არც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, არც რაიმე ახალი პროექტები ხორციელდება და არც ტურისტები გვაწყდებიან, ამიტომ აბსოლუტურად არამიზნობრივი ხარჯია და არასდროს ვეთანხმები ახალი სტრუქტურული ორგანიზაციების შექმნას, როცა პირიქით, შესაძლებელია რესურსების ოპტიმიზაცია მოხდეს უკვე არსებულ სსიპ-ებსა და სამინისტროებში.

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ადრე ერქვა ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, შემდეგ სახელი გადაერქვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კურორტებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია არ კურირებს. პირველ რიგში, კურორტების განვითარება ეხება ადმინისტრაციას, აბა რა ეხება?! ან ტურიზმის ადმინისტრაციას აცლიან ხელოვნურად გარკვეულ ფუნქციებს ან ვერ ვხვდები ამ სსიპ-ის შექმნის მიზანი რა შეიძლება ყოფილიყო”, - ამბობს მაია სიდამონიძე.

შეგახსენებთ: მთავრობის დადგენილებით, მთის კურორტების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ-ის უფლებამოსილება ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით განისაზღვრება. სააგენტოს დირექტორს ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს და სახელმწიფო კონტროლსაც სამინისტრო ახორციელებს. როგორც bm.ge-ისთვის გასულ კვირას გახდა ცნობილი, სააგენტოს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს.