მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კურორტების სამართავად შექმნილი სსიპ-ების ხელმძღვანელების მაქსიმალური ხელფასი 6 000 ლარი იქნება

5e3123525c03b
ინგა მურუსიძე
29.01.20 11:15
1051
კურორტების სამართავად შექმნილი სსიპ-ების ხელმძღვანელების მაქსიმალური ხელფასი 6 000 ლარი იქნება, - ამის შესახებ ნათქვამია შესაბამის კანონპროექტში, რომელიც რამდენიმე კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, საჯარო სამართლის იურიდიულ პირში დასაქმებულ პირთა რაოდენობა უნდა განისაზღვროს მისი სამოქმედო არეალის მოცულობისა და მისთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ განსაზღვრული განსახორციელებელი უფლებამოსილებების პროპორციულად.

"ამდენად, დაახლოებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო რიცხოვნობა შესაძლოა, შეადგენდეს, მაგალითად, 15 ადამიანს", - წერია კანონპროექტში.

ამასთან, საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ცვლილებები შევა "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში რომლის შესაბამისადაც, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მაქსიმალური ხელფასი შეიძლება შეადგენდეს 6000 ლარს. სხვა დასაქმებულ პირებთან მიმართებით კი, გავრცელდება "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონის რეგულაცია. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, წლის მანძილზე, სსიპ-ის სახელფასო ბიუჯეტი, სავარაუდოდ, დაახლოებით, 600 000 ლარი იქნება.

რაც შეეხება მოცემული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ინიციატივაში ვკითხულობთ, რომ სსიპ-ის არსიდან და დაფუძნების მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იგი ანაზღაურებულ უნდა იქნას საკუთარი შემოსავლებიდან. ამდენად, ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტის მაგალითის განზოგადების პირობებში, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურდიული პირისათვის მიმდინარე ხარჯები, დაახლოებით, 2 000 000 – 2 500 000 ლარით განისაზღვრება.

კანონპროექტის ავტორების პროგნოზით, შემდგომ წლებში საჯარო სამართლის იურიდიულ პირს გაუჩნდება საკუთარი შემოსავლები, მის მიერ გაწეული მომსახურებების საფუძველზე.