მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კურსის გამყარება პროდუქტს დღესვე ვერ გააიაფებს, თუმცა 1-2 კვირაში უნდა იმოქმედოს“ - კაკაურიძე

628b8109cc49c
ვიქტორია მღებრიშვილი
23.05.22 17:20
2636
„ლარის კურსის გამყარება პროდუქტს დღესვე ვერ გააიაფებს, თუმცა 1-2 კვირაში უნდა იმოქმედოს“ - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ინფლაციასა და ლარის კურსზე დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„კურსის გამყარება იმპორტირებული ინფლაციის შემცირებაში გვეხმარება და თუ გამყარებული კურსი შენარჩუნდა, ეს ინფლაციაზე გავლენას იქონიებს და იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასები შემცირდება. თუ ჩვენ ინფლაციის სტრუქტურას შევხედავთ, დავინახავთ, რომ მასში 11-12%-იანი წვლილი ნავთობმა და სურსათმა, რაც იქიდან გამომდინარეა, რომ იმპორტირებულ პროდუქტებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდა.

ვალუტის კურსის მაღალი ტენდენცია მაისში გვაქვს, ვნახოთ როგორც გადაწყვეტილებას მიიღებენ იმპორტიორები, რადგან კურსის გამყარება დღეს პროდუქტს მყისიერად ვერ გააიაფებს, მაგრამ 1-2 კვირის განმავლობაში უნდა იმოქმედოს და ახალი პროდუქტი ბაზარზე შემცირებული ფასით უნდა შემოვიდეს. ამ კუთხით მოლოდინები გვაქვს, თუმცა ფინანსთა სამინისტრო თავის მხრივ ფასის განსაზღვრაში ვერ ჩაერევა. ეს ბერკეტები ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს. ამას თავად იმპორტიორები წყვეტენ, თუმცა კურსის დასტაბილურება ვფიქრობ, საცალო გაყიდვების ნაწილში მათ ამის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ინფლაციის სამომავლო პროგნოზთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ასე პასუხობს: 

„ინფლაციასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ვერც ერთი ქვეყანა ამას ვერ აკეთებს, რადგან ის ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი ეს დამოკიდებულია ნავთობის ფასზე, რომელიც ყოველდღიურად ცვალებადია. რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვასთან დაკავშირებით ეს მსოფლიოში ბაზარზე ნავთობის ფასს განაპირობებს. დღეს გამიჭირდება ამის პროგნოზირება, რამდენად შემცირდება რუსეთზე დამოკიდებულება მსოფლიოს მხრიდან და რამდენად იმოქმედებს ეს ნავთობის ფასზე. ინფლაციის სებ-ის პროგნოზი 9%-ია, რაც საკმაოდ მაღალია, თუმცა ამ მაჩვენებლის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კუთხით ცვლილების რისკები რა თქმა უნდა არსებობს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.