მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კუს ტბის განახლება ტერიტორიის მესაკუთრეს მოუწევს” - ირაკლი ხმალაძე

60898f64a7752
ანუკა ჯოხაძე
29.04.21 08:30
5244
თბილისის მერია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის რეკონსტრუქციის კონცეფციის შესამუშავებლად მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის დაწყება დაავალა.

როგორც თბილისის ვიცე მერი ამბობს, თბილისის მერია პროექტში მხოლოდ დაგეგმარების ნაწილში ჩაერთვება, ხოლო სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის შესაბამისი ფინანსების გამოყოფა თავად მფლობელ კომპანიას მოუწევს.

“დავიწყებ კონსულტაციებს ურბანისტებთან და აუცილებლად წარვადგენ საკითხს ისტორიულ და კულტურულ საბჭოზეც; შემდეგ კი მათი რეკომენდაციების გათვალისწინება აუცილებლად მოხდება. ერთადერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, არის ის, რომ მუნიციპალიტეტი არ აპირებს აღნიშნულ პროექტზე დამატებითი დაფინანსების გამოყოფას. ჩვენ ჩავერთვებით სწორი გეგმარების კუთხით, ხოლო სარეკონსტრუქციო სამუშაოები ტერიტორიის მესაკუთრემ უნდა დააფინანსოს“, - აცხადებს თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე.

ცნობისთვის, 2012 წლიდან კუს ტბის ტერიტორიას კომპანია შპს „კუს ტბა კალა“ ფლობს. ბიზნესრეესტრის მონაცემებით, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის მფლობელი კომპანია შპს „კუს ტბა კალას“ რამდენიმე მეწილე ჰყავს, მათ შორის კი ყველაზე დიდი 68%-იან წილს პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება “უოლმილ სერვისი” ფლობს. 7%-იანი წილის მფლობელი ვახტანგ კიკაბიძეა, კუს ტბის ტერიტორიის 5%-იანი წილი სეიშელის კუნძულებზე რეგისტრირებული „არქენსთოუნ მენეჯმენტ ლიმიტედს“ ეკუთვნის, ხოლო 20%-ს შპს „ები ქეპიტალი“ ფლობს, რომელიც პანამაშია რეგისტრირებული.