მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვების ობიექტებისთვის COVID-უსაფრთხოების ახალი წესები დამტკიცა - სრული ტექსტი

6142fd334ead9
შოთა ტყეშელაშვილი
16.09.21 22:18
1132
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის COVID უსაფრთხოების ახალი წესები დაამტკიცა. მოთხოვნები შეეხება სტუმრების მიღების, მათი თერმოსკრინინგის, ღია და დახურულ სივრცეში მაგიდების განლაგების, დეზინფექციასა და სხვა პროცედურებს, რომელთა ჩატარებაც ობიექტების უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.

კვების ობიექტებისთვის COVID უსაფრთხოების წესებია:

1. ძირითადი რეკომენდაციები:

ა) ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, მომხმარებელთა მიღება უზრუნველყავით წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით (წინასწარი ჩაწერით მომსახურება), ხოლო იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ადგილზე მიტანის სერვისის წარმომადგენელი (იურიდიული პირის წარმომადგენელი), მოცდის პროცესი უნდა განხორციელდეს შენობის გარეთ, შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით;
ბ) იმ შემთხვევაში თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი, ნებადართულია მოცდის პროცესის განხორციელება დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენებით და სოციალური დისტანციის შესაბამისი ნორმების დაცვით;
გ) წინასწარ განსაზღვრეთ სტუმართათვის ადგილი (იატაკის მონიშვნით და დისტანციის დაცვით);
დ) მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებსა და მომხმარებლებს ვირუსთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ე) უზრუნველყავით დასაქმებულთა ყოველდღიური თერმოსკრინინგი და მოახდინეთ შედეგების ასახვა სათანადო ჟურნალში, ხოლო 20-ზე მეტი დასაქმებულის ყოლის შემთხვევაში მოახდინეთ როგორც დასაქმებულთა, ასევე მომხმარებელთა თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის ან ტემპერატურის მზომი დისტანციური ხელსაწყოს გამოყენებით;
ვ) აკონტროლეთ ერთ სივრცეში მყოფი დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა;
ზ) განათავსეთ დეზობარიერი შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;
თ) სალაროსთან დაამონტაჟეთ დამცავი გამჭვირვალე ბარიერი - მომხმარებელთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან არიდების მიზნით;
ი) სამუშაო ადგილზე უზრუნველყავით ხელის პერიოდული დეზინფექციისთვის საჭირო სულ მცირე, 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ხსნარის განთავსება;
კ) უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას.

2. მოთხოვნები ღია სივრცის (ტერასა/ვერანდა/ღია რესტორანი) მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

განმარტება:
ტერასა/ვერანდა/ღია სივრცე - გადახურული / ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია მათ შორის კვების ობიექტის შიდა სივრცის გავლით;

ღია რესტორანი - გადახურული / ნახევრად გადახურული ან გადახურვის გარეშე სივრცე, რომლის არანაკლებ 1 მხარე უკავშირდება ღია სივრცეს და სადაც მოხვედრა შესაძლებელია დამოუკიდებელი შესასვლელით.

ა) ღია სივრცეში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:

ა.ა) მომხმარებელთა მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
ა.ბ) სკამების საზურგეებს შორის - მანძილი არანაკლებ 1 მეტრისა;
ა.გ) 1 მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 12 მომხმარებლისა;
ა.დ) დამატებით, გამონაკლისის სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
ა.ე) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.

ბ) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 -ზე შესაძლებელია 1 მომხმარებლის დაშვება, მაგრამ - არაუმეტეს 60 მომხმარებლისა;
გ) გამასპინძლებისას გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
დ) სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
ე) უზრუნველყავით შენობების გარეთ მაგიდებსა და საფეხმავლო სივრცეს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

3. მოთხოვნები დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის:

ა) დარბაზში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით:
ა.ა) მომხმარებელთა მიღებისთვის განკუთვნილ თითოეულ სივრცეში ფართობის ყოველ 4მ2 -ზე 1 მომხმარებლის დაშვება, მაგრამ - არაუმეტეს 60 მომხმარებლისა;
ა.ბ) მაგიდებს შორის დაიცავით უსაფრთხო მანძილი, არანაკლებ 2 მეტრისა;
ა.გ) ერთ მაგიდასთან განთავსებულ მომხმარებლებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია;
ა.დ) სკამის საზურგეებს შორის მანძილი არანაკლებ 1 მეტრი;
ა.ე) ერთ მაგიდასთან მოათავსეთ არა უმეტეს 6 მომხმარებლისა;
ა.ვ) გამონაკლისი სახით შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდის ერთ მაგიდასთან განთავსება;
ა.ზ) იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2 მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.
ბ) დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაცია, გარედან შემოსული ჰაერის მომატებული კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით. დააწესეთ საინჟინრო კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე;
გ) ხელოვნური ვენტილაციის შემთხვევაში:
გ.ა) გადართეთ ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე;
გ.ბ) არ გამორთოთ ვენტილაცია და არასამუშაო საათებში ამუშავეთ ყველაზე მინიმალური სიჩქარით;
გ.გ) სანიტარიულ კვანძებში დატოვეთ ჩართული ვენტილაცია 24/7 რეჟიმში;
გ.დ) საყოფაცხოვრებო კონდიციონერის გამოყენების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველ 2 საათში ერთხელ 15 წუთიანი ბუნებრივი განიავება.
დ) გამოიყენეთ ინდივიდუალური გამასპინძლების მეთოდი;
ე) უზრუნველყავით სტუმრებისთვის ბეჭდური (ერთჯერადი) მენიუს შეთავაზება. ელექტრონული მენიუს შეთავაზების შემთხვევაში მენიუს დაფასთან ხელების ჰიგიენური დამუშავებისთვის განათავსეთ სადეზინფექციო საშუალებები, სათანადო სავალდებულო ნიშნის მითითებით;
ვ) სასმელებით მომსახურების სივრცეში (ბარი), ბარმენებთან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება უზრუნველყავით ინდივიდუალურად, მაგიდასთან მიტანის სერვისით;
ზ) ამ წესის მოთხოვნების საილუსტრაციოდ, სავალდებულოა მაგიდების განლაგებისა და დისტანციის მარკირება, შესაბამისი აღნიშვნებით.

4. ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები:

ა) სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში:
ა.ა) ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
ა.ბ) გაირეცხოს არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
ა.გ) გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 40⁰C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
ა.დ) გაივლოს არანაკლებ 65⁰C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
ა.ე) დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე.
ბ) წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს. სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით. ჭურჭელი უნდა გაივლოს არანაკლებ 65⁰C -იან ცხელ წყალში და დაიწრიტოს;
გ) ხელით რეცხვისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის. დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში;
დ) ლუდის ბარებში ჭიქები და ბოკალები ირეცხება არანაკლებ 45-50⁰C ტემპერატურის ცხელი წყლითა და სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
ე) სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

5. მაგიდის გადასაფარებლებისა და ხელსახოცების ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

ა) გამოიყენეთ მაგიდის ერთჯერადი გადასაფარებლები, ან მაქსიმალურად შეზღუდეთ მათი გამოყენება, რადგან სასადილო მაგიდების წმენდა და დეზინფექცია ყოველი მოხმარების შემდგომ უფრო მოსახერხებელი და ჰიგიენურად კეთილსაიმედოა;
ბ) ნახმარი ხელსახოცების შეგროვება მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისთვის განკუთვნილ ტომარაში ან სხვა თავდახურულ მოცულობაში.

6. დასუფთავება და დეზინფექცია:

ა) გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.). დასუფთავებისთვის დააწესეთ პერიოდული 2 საათიანი რეჟიმი;
ბ) დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;
გ) დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარდეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
დ) ნებისმიერი დასუფთავების საშუალება (მაგ. იატაკის საწმენდი ტილო), რომელიც დამზადებულია მატერიისგან, გამოყენების შემდეგ გარეცხეთ სადეზინფექციო საშუალებებით;
ე) არაფოროვან საწმენდ მასალებს გაუკეთეთ დეზინფექცია 0.5% ნატრიუმ ჰიპოქლორიტის ხსნარით ან სხვა ქლორის შემცველი ხსნარით, კანონმდებლობის შესაბამისად;
ვ) საერთო სარგებლობის სივრცეების დალაგება/დეზინფექცია უნდა მოხდეს სველი წესით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანების ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ სათანადო დანართის შესაბამისად.

7. დამსაქმებლის ვალდებულებები:

ა) განათავსეთ თვალსაჩინო ადგილას განცხადებები COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
ბ) ობიექტის შესასვლელში, დასაქმებულებისა და სტუმრებისთვის, განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
გ) უზრუნველყავით დასაქმებულთა და სტუმართა ხელის ჰიგიენა: წყლითა და თხევადი საპნით;
დ) უზრუნველყავით სამუშაო ადგილებზე ერთჯერადი ხელსახოცების განთავსება;
ე) დასაქმებულები უზრუნველყავით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (ხელთათმანები, პირბადეები, დამცავი ფარები/ სათვალეები, წინსაფრები, სპეცფეხსაცმელი);
ვ) ყოველი მომხმარებლის გამასპინძლების შემდგომ, მოახდინეთ მაგიდების წმენდა სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით;
ზ) მიაწოდეთ ინფორმაცია დასაქმებულებს ინდივიდუალური დაცვისა და ჰიგიენური საშუალებების სწორად გამოყენებასა და შემდგომში მათ შენახვა/მოცილებაზე;
თ) პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ ორ საათიანი ინტერვალები), გაანიავეთ სამუშაო სივრცეები;
ი) უზრუნველყავით ხშირად შეხებადი ზედაპირების (მათ შორის კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების) დასუფთავება რამდენჯერმე დღეში (ორ საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
კ) უზრუნველყავით დასაქმებულთა/მომხმარებელთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პარკი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
ლ) ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უზრუნველყავით სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით;
მ) უზრუნველყავით სპეც. ტანსაცმლის ცენტრალიზებული რეცხვის შესაძლებლობა;
ნ) გაზრდილი სიხშირით განახორციელეთ ყველა იმ ზედაპირის და ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია, რომელსაც შეხება აქვს სურსათთან; გამოიყენეთ ყველა სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაცია;
ო) დამსაქმებელი ვალდებულია განახორციელოს მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

8. დასაქმებულთა ვალდებულებები:

ა) დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
ბ) სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ;
გ) სამუშაოს დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
დ) ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად;
ე) გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
ვ) მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება (შესაძლებელია ჩაჩის, ან სპეციალური თავსაბურავის გამოყენება);
ზ) ხელთათმანების შეცვლა მოახდინეთ ხშირად. შეცვლისას აუცილებელია ხელების დაბანა. ხელთათმანები არ განიხილოთ როგორც ხელების დაბანის შემცვლელი საშუალება. ხელების დაბანა უფრო ეფექტური დამცავი ბარიერია ინფექციისთვის, ვიდრე ერთჯერადი ხელთათმანი;
თ) ხელთათმანები შეცვალეთ არასასურსათო პროდუქტთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მაგალითად ხელით კარების გახსნა / დახურვა და ყუთების დაცლა.