მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP -10 ეკონომიკური მოვლენა (04.-09.05.2020)

5eb7f7cb3a282
ირაკლი მაკალათია
10.05.20 16:29
2493
1. ეკონომიკის გახსნის ტემპები; 
2. ტურიზმის სექტორის სახელმწიფო დახმარების პროგრამა და დარგის განვითარების პერსპექტივები;
3. 1 ივლისიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენა იგეგმება;
4. აპრილში ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა;
5. IMF-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ბიუჯეტი 16.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება; 
6. აშშ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით 27 000 ტონა ხორბალს უგზავნის;
7. თბილისის მერია საპრივატიზაციო ობიექტების მოძიებას იწყებს;
8. 2020 წლის I კვარტალში საქართველოში არსებული ყველა ბანკი ზარალზეა; 
9. მთავრობის დახმარების პროგრამა რესტორნებსა და კვების ობიექტებს;
10. პირობები რომლებიც თვითდასაქმებულებმა 300 ლარის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს.


1. ეკონომიკის გახსნის ტემპები
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით ეკონომიკის აღდგენის საკითხი დროში აღარ უნდა გადაიდოს და მუშაობა ჩვეულებრივ დღის წესრიგს დაუბრუნდეს. ხოლო თუ მოქალაქეები სოციალურ პასუხისმგებლობას გაიზიარებენ გახსნის გეგმა შეიძლება ცოტა ადრეც დაიწყოს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია (BAG) მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას და იმედს გამოთქვამენ, რომ შეზღუდვების მოქმედების ქვეშ დარჩენილ კომპანიებსაც ძალიან მალე მიეცემათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა რაც ნიშნავს სამუშაო ადგილებზე ათასობით მოქალაქის დაბრუნებას. ასოციაციის წარმომადგენლები აცნობიერებენ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებს, თუმცა შეჩერებული საქმიანობის ყოველი ზედმეტი დღე ბიზნესის, დასაქმებულებისა და თითოეული მოქალაქის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვერა ქობალია BM.GE-სთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს, რომ ახლა არაორდინალური გადაწყვეტილებებების მიღების დროა და მთავრობა შეცდომებმა არ უნდა შეაშინოს, ამის დასტურად კი ინდოეთის მაგალითს გამოყოფს. რაც შეეხება ტურიზმის მიმართულებით, საქართველომ განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე. (ვრცლად ინტერვიუს შესახებ (https://bit.ly/2WhGhjN; https://bit.ly/3dug1s8)

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “Forbes-ის კვირაში” განაცხადა, რომ თავრობამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია სრულიად ახალ მოდელზე გადააწყო. მთავრობა ამჟამად 400 საერთაშორისო კომპანიასთან აწარმოებს საინფორმაციო კამპანიას იმის თაობაზე, რომ მათ საკუთარი წარმოებების ნაწილი ჩინეთიდან საქართველოში გადმოიტანონ. (https://bit.ly/35NzNwj; https://bit.ly/2WkFL4D )

11 მაისიდან ყველა სახის წამოებასა და მაღაზიათა ნაწილს ამოქმედების ნებართვა მიეცემა. გაიხსნება ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზია, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან, ამ ეტაპზე შეზღუდვები არ მოეხსნებათ მოლებს და ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიებს.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2T7vPcP; https://bit.ly/2YOIg0D; https://bit.ly/2Wk95YN

2. ტურიზმის სექტორის სახელმწიფო დახმარების პროგრამა და დარგის განვითარების პერსპექტივები

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით 15 ივნისიდან საქართველოში გაიხსნება შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან ქვეყანა უცხოელი ტურისტების მისაღებად იქნება მზად. მისი თქმით საქართველოს შეუძლია გამოყოს უსაფრთო ტურისტული ზონები, ეს შეიძლება იყოს წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი და ა.შ ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით კი საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ყველაზე ადრე იქნება მზად ტურისტების მისაღებად, მისივე თქმით სექტემბერში, რამდენიმე ათეული ქვეყნის მინისტრი ჩამოვა საქართველოში, მინისტერიალზე გადაწყდება, თუ როგორ განვითარდება ტურიზმის ინდუსტრია მსოფლიოში. მინისტრის განცხადებით მთავრობა გეგმავს გიდების მიკროგრანტების პროგრამაში ჩართვას, რათა შეუქმნან ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობები.

მნიშვნელოვანი შეღავათები იქნა გაცემული ტურიზმის დასახმარებლად, კერძოდ: ,,ტურიზმის სექტორი 2020 წელს ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიებს კი, საშემოსავლო გადასახადები 9 თვით, წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.’’ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მლნ ლარამდეა, სახელმწიფო სესხის პროცენტის 80%-ს დაუსუბსიდირებს. ჯამში მთავრობამ ტურიზმის დახმარების 200-მილიონიანი პაკეტი წარადგინა, რომელიც შემდეგნაირად გადანაწილდება 2020 წლის ქონების გადასახადის გაუქმება - 45 მილიონი ლარი; საშემოსავლო გადასახადის გადავადება (გათავისუფლება) - 90 მილიონი ლარი; სასტუმროების სესხების სუბსიდირება - 60 მილიონი ლარი; ტურისტული კომპანიებისა და გიდების მხარდაჭერა - 5 მილიონი ლარი.

ტურიზმისა და საზღვრების გახსნის შესახებ მთავრობის 12 გადაწყვეტილება შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში https://bit.ly/2SS4URR

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2SPg61E; https://bit.ly/2YR5Mdo; https://bit.ly/2WHy7jF

3. 1 ივლისიდან საერთაშორისო ფრენების აღდგენა იგეგმება

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით ფრენების შესახებ კონკრეტული გეგმა მაისის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. 1 ივლისამდე არსებულ პერიოდს კი პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებებისთვის გამოიყენებენ. მინისტრის განცხადებით აქტიურ კომუნიკაციაში არიან „WizzAir-თან და „აირზენასთან“. Qatar Airways საქართველოს მიმართულებით ფრენებს, სავარაუდოდ 1-ელი ივლისიდან განაახლებს დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3dy6q3G; https://bit.ly/3dxklXD ; https://bit.ly/35NvalM

4. აპრილში ინფლაციის დონემ 6,9% შეადგინა

2020 წლის აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 6.9% შეადგინა. ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში და 16,1% შეადგინა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (45.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (23.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (16.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (15.0 პროცენტი), თევზეული (14.9 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (11.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (10.0 პროცენტი) და პური და პურპროდუქტები (8.4 პროცენტი). ამავე პერიოდში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებულ პროდუქტებზე მოხდა ფასების მკვეთრად მატება. მაღალი ინფლაციის მაჩვენებლები დაფიქსირდა ჯგუფში: ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა, სადაც ინფლაციის მაჩვენებელმა 9,6% შეადგინა. 4,9%-იანი ინფლაცია დაფიქსირდა ჯანდაცვის ჯგუფში. ფასების კლება დაფიქსირდა: დასვენება, გართობა და კულტურის ჯგუფში (-4,3%); ტანსაცმელი და ფეხსაცმლის ჯგუფში (-2,2%).

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2xLAdXc; https://bit.ly/35L5OoB ; https://bit.ly/3dvFhOD

5. IMF-ის ანგარიშის მიხედვით საქართველოს ბიუჯეტი 16.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ გამოაქვეყნებულ ანგარიშის მიხედვით 2020 წელს საქართველოს ბიუჯეტი 16.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. ბიუჯეტში გადასახადების სახით 10.7 მილიარდი ლარის მიღებას პროგნოზირებენ. მთავრობა 4.1 მილიარდი ლარის ახალი ვალის აღებას გეგმავს, რითაც საგადასახადო შემოსავლებიდან მიღებული დანაკარგის შევსებას გეგმავს.

როგორც გადაცემა “ანალიტიკა”-ში სართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელმა სელიმ ჩაქირიმ განაცხადა - “საქართველომ ინფლაციურ მოლოდინებს თვალი უნდა ადევნოს, ის მხარდაჭერას უცხადებს ეროვნულ ბანკს და ვარაუდობს, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება 2000 წლის ბოლოს, თუმცა 3%-ის მიღწევას დრო დასჭირდება. მისი განცხადებით საქართველო საერთაშორისო დონორების დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს 2020 წლის მეოთხე კვარტალში მიიღებს. ფონდისგან მისაღები დაფინანსების ჯამური ოდენობა კი $448 მილიონი დოლარს შეადგენს.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2yHRpxl; https://bit.ly/3fyRLXG; https://bit.ly/3biiswr; https://bit.ly/3dxkbiZ


6. აშშ საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების სახით 27 000 ტონა ხორბალს უგზავნის

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ჰუმანიტარული დახმარების სახით საქართველოს 27 000 ტონა მაღალი ხარისხის ხორბალს უგზავნის. აქამდე, აშშ-სგან საქართველომ 2019 წლის დეკემბერში 27 ათასი ტონა ხორბალი უკვე მიიღო. ამასთან, მაისის ბოლომდე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ხელს მოაწერს 18 მცირე საგრანტო შეთანხმებას, რომლის ჯამური ბიუჯეტი 400 000 დოლარი იქნება, ,,პროექტი მიზნად ისახავს ხორცის, რძის პროდუქტისა და ფერმერთა სექტორის გაძლიერების მხარდაჭერას და სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებას.’’

გარდა სასურსათო დახმარებისა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საქართველოს COVID 19-ზე რეაგირების მხარდასაჭერად დამატებით 3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გამოუყო. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, აშშ აგრძელებს ჯანდაცვის სექტორის დახმარებას.
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3dpvuJY ; https://bit.ly/35MBvOv

7. თბილისის მერია საპრივატიზაციო ობიექტების მოძიებას იწყებს

საბურთალოზე, იპოდრომის მიმდებარედ არსებული ე.წ. კორტების ტერიტორია თბილისის მერიამ აუქციონზე გამოიტანა. 7 174 კვ.მ. ფართობის საწყისი ფასი დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება, ინვესტორი კი ვალდებული იქნება, აღნიშნულ ადგილას სპორტული კომპლექსი აღადგინოს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ შემოსავლების ნაწილში პრობლემების აცილების მიზნით დაგეგმილი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტების განხორციელება არ უნდა შეფერხდეს, ხოლო დამატებითი საპრივატიზაციო ობიექტების მოძიება ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს დაევალა.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3bp7vJK ; https://bit.ly/2Wh1fPB

8. 2020 წლის I კვარტალში საქართველოში არსებული ყველა ბანკი ზარალზეა

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა 15 კომერციულმა ბანკმა ჯამურად რეკორდული 747 მილიონი ლარის ზარალი მიიღეს, რაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1.5%-ია. 2020 წლის პირველ კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის წმინდა ზარალი “თიბისი ბანკს” უფიქსირდება და ის 277.4 მილიონ ლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა “საქართველოს ბანკი”, რომლის ზარალიც 276 მილიონი ლარი იყო.

ეროვნული ბანკის განმარტებით აღნიშნული ზარალი გამოწვეული იყო COVID-19-თან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინებისათვის რეზერვის შექმნით. საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მხოლოდ პოტენციურ (და არა რეალიზებულ) დანაკარგს. ,,თავად რეზერვი კი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დანაკარგს ფაქტობრივად ექნება ადგილი, ბანკებს მომავალში საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდოს ფინანსური მდგრადობის რისკები.’’ საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით თანხების დარეზერვება საკმაოდ კონსერვატიული გათვლების საფუძველზე მოხდა, ასევე შესაძლოა, ამ რაოდენობის სესხების გადეფოლტება მოხდეს და ისინი არ დაბრუნდეს ბანკში.

ვრცლად იხილეთ ბანკების რეიტინგი ზარალისა და აქტივების მიხედვით სტატიაში: https://bit.ly/2zuKA23

9. მთავრობის დახმარების პროგრამა რესტორნებსა და კვების ობიექტებს

8 ივნისს, ეკონომიკის გახსნის მეოთხე ეტაპიდან, ჯანდაცვის უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით დახურული რესტორნები და კაფეები მომხმარებლებს ღია სივრცეებში უმასპინძლებენ. სექტორის უმრავლესობა ობიექტს საბანკო ვალდებულებების დახმარებით ამუშავებს, ამიტომ მფლობელები საბანკო სესხების გადახდის კიდევ სამი თვით გადავადებას ითხოვენ. გაუარესებული სოციალური ფონის გათვალისწინებით კი სტუმრების რაოდენობის განახევრებას ელოდებიან, რაც მძიმე ფინანსური დარტყმა იქნება აღნიშნული სექტორისთვის. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავამ განცხადებით, რესტორნებსა და კვების ობიექტებს სახელმწიფო 30%-იან თანაუზრუნველყოფაში ჩაუდგება საბანკო არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს, ხოლო ახალი სესხების მოზიდვის დროს 90%-იან თანაუზრუნველყოფას განახორციელებენ.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2SQQlOs ; https://bit.ly/2yxV6G0

10. პირობები რომლებიც თვითდასაქმებულებმა 300 ლარის მისაღებად უნდა დააკმაყოფილოს.

ცნობილი გახდა სამთავრობო დადგენილება, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა თვითდასაქმებულთა ის კატეგორია, რომელთაც შეეძლებათ 300 ლარიანი კომპენსაციის მიღება. კომპენსაციის მიღების შესაძლებლობაზე შეტყობინების მიღება შესაძლებელია გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე. დასაქმების სააგენტო მის ელექტრონულ პორტალზე არაუგვიანეს 15 მაისისა მოამზადებს ელექტრონული განაცხადის ფორმას (განაცხადს), სადაც კომპენსაციის მიმღებმა პირმა უნდა შეავსოს პირადი ინფორმაცია. სარეგისტრაციო პორტალზე დარეგისტრირება და ელექტრონული განაცხადის შევსება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 2020 წლის 1 ივლისისა. კომპენსაცია გაიცემა განმცხადებლის მიერ განაცხადის წარდგენიდან 10 სამუშო დღის ვადაში.
ვრცლად კომპენსაციის მისაღებად აუცილებელი რეგისტრაციის შესახებ და საჭირო ინფორმაციის მისაღებად იხილეთ https://bit.ly/2Ljvy1K