მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP -10 ეკონომიკური მოვლენა

5ea57d23d323f
ირაკლი მაკალათია
26.04.20 20:00
1938

წარმოგიდგენთ მიმდინარე კვირის (20-25.04.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა
2. ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპი
3. IMF-სა და Galt & Taggart-ის ეკონომიკური ზრდისა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პროგნოზები
4. საქართველოს საერთაშორისო დახმარებები
5. სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა
6. კომერციული ბანკების რეკორდული 747 მლნ-იანი ზარალი
7. დამატებითი დახმარება ტურიზმის სექტორს
8. საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები
9. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის
10. ონლაინ ვაჭრობის კომპანიების შემოწმება დაიწყო


1. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

მთავრობამ 3,5 მილიარდიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, სადაც გათვალისწინებულია: უმუშევართა დახმარებები - დასაქმებულები, რომლებმაც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, დაკარგეს სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, 6 თვის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარის კომპენსაციას; მათ შორის გათვალისწინებულია თვითდასაქმებულთა ერთჯერადად 300 ლარიანი დახმარება; კომპანიების ფინანსური მხარდაჭერა 6 თვის განმავლობაში 750 ლარამდე ხელფასებზე მიიღებენ სრულ სუბსიდიას საშემოსავლო გადასახადზე, ხოლო 1500 ლარამდე ხელფასის შემთხვევაში 750 ლარი გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან; პენსიების ზრდა - 2021 წლიდან საქართველოში ყველა პენსიონერს პენსია გაეზრდება 20 ლარით, ხოლო 70 წელს ზემოთ პენსიონერებს 1 ივლისიდან დამატებით 30 ლარით ; სოციალური დახმარებებსა და მოქალაქეების ზრუნვის ბიუჯეტი ჯამში 1.035 მილიარდ ლარს შეადგენს; ეკონომიკის 2 კვირიანი შუალედებით ეტაპობრივი გახსნა. (ვრცლად პროექტის შესახებ https://bit.ly/3bEX59r)  

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს თანხა მაისიდან ჩაერიცხება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილის განაცხადებით ,,თვითდასაქმებული ადამიანების გარკვეული კატეგორიის იდენტიფიცირება ძალიან რთულია და მას შემდეგ, რაც დადასტურდება, რომ ამ ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო, სახელმწიფო ყველას შესაბამის კომპენსაციას გადაუხდის.’’ თვითდასაქმებულების აღსარიცხად ჯანდაცვის სამინისტრო ონლაინ პორტალს შექმნის.
ამოქმედდა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი - გადასახადის გადამხდელებს საშუალება ეძლევათ დღგ-ის დეკლარაციის საფუძველზე წარმოშობილი ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში დაიბრუნონ.

ვრცლად ამ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2VBsSCQ; https://bit.ly/2VG4Qqq ; https://bit.ly/3eQy51d  ; https://bit.ly/2YdiD9g  

2. ეკონომიკის გახსნის 6 ეტაპი

მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ეკონომიკა გახსნას 27 აპრილიდან დაიწყებს და ორ კვირიანი შუალედებით 6 ეტაპად გაგრძელდება, ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზზე.

პირველ ეტაპზე მოხდება ქვეყანაში ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, გაიხსნება ონლაინ-ვაჭრობა და მიტანის სერვისის ოპერირება, ასევე გაიხსნება ღია ტიპის აგრარული ბაზრები, მეორე ეტაპიდან იწყება ბიზნესის ამუშავებ, მესამე ეტაპის გახსნა შეეხება ღია ტიპის ბაზრობებს, წარმოებებს და საგამომცემლო საქმიანობას.
ეკონომიკის გახსნის ეტაპები დეტალურად იხილეთ სტატიაში: https://bit.ly/2VEpKWF  

3. IMF-სა და Galt & Taggart-ის ეკონომიკური ზრდისა და მიმდინარე ანგარიშის ბალანსის პროგნოზები

საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-იან კლებას პროგნოზირებს, ხოლო 2021 წლისთვის 5%-იან ეკონომიკურ ზრდას. 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის 6%-იან დეფიციტს პროგნოზირებენ, რაც უფრო ოპტიმისტური სცენარია ვიდრე IMF-ის პროგნოზი. ორგანიზაციის განცხადებით აღნიშნულ სცენარს განაპირობებს შემდეგი: ,,Galt & Taggart-ს იმპორტის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი შემცირების მოლოდინი აქვს, რაც ქვეყანაში მოთხოვნის შემცირებით და ნავთობის ფასების ვარდნით იქნება განპირობებული. სწორედ ეს შემცირება დააბალანსებს 2020 წელს იმ სავალუტო დანაკლისს, რომელსაც საქართველოს ტურიზმის სექტორი მიიღებს.’’

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში: 2020 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ზრდაა მოსალოდნელი აღნიშნულ ქვეყნებში ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს საქართველოს -10,5% (2019წ. -5,1%), შემდეგ მოდიან სომხეთი -8,6% (2019წ. -8,2%), აზერბაიჯანი -8,2% (2019წ. 9,2%), უკრაინა -2,0% (2019წ. -0,7%) დადებითი ბალანსი აქვთ თუმცა კლება წინა წელთან შედარებით რუსეთს 0,7% (2019წ. 3,8%) და თურქეთს 0,4% (2019წ. 1,1%). 2020 წლის ეკონომიკური რეცესიის პროგნოზი კი შემდეგია: უკრაინა (-7,7%); რუსეთი (-5,5%); თურქეთი (-5,0%); საქართველო (-4,0%); აზერბაიჯანი (-2,2%); სომხეთი (-1,5%).
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2S9EuL5 ; https://bit.ly/356bFEu  

4. საქართველოს საერთაშორისო სესხები და დახმარებები
 
IBRD საქართველოს რეფორმების განსახორციელებლად 45 მლნ ევროს გამოუყოფს. სესხის ხანგრძლივობა შეადგენს 25 წელს (საიდანაც 14 წელი არის შეღავათიანი პერიოდი), ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო 0.25% სესხის მთლიან თანხაზე; ხოლო სესხის ვალდებულების გადასახადი - 0.25%, რომელიც ერიცხება სესხის აუთვისებელ თანხას.

მსოფლიო ბანკის ჯგუფის შემადგენლობაში შემავალმა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC), 18,5 მილიონი ევროს მოცულობის ინვესტიცია განახორციელა სამხრეთ–აღმოსავლეთ ევროპის ფონდში (EFSE), საიდანაც რეგიონის 14 ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც გამოიყოფა ფინანსური დახმარებები, რომელიც მოხმარდება მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესს. შეღავათიანი სესხების გაცემა ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საშუალებით განხორციელდება.

ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების კანდიდატ და სამეზობლო 10 პარტნიორი ქვეყანას მხარდაჭერის მიზნით ჯამში 3 მილიარდი ევრო გამოუყო, აქედან საქართველოს დახმარება 150 მილიონ ევროს შეადგენს. აღნიშნული თანხა მაკროეკონომიკური სტაბილურობის გაძლიერებას მოხმარდება.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3aC5zgy ; https://bit.ly/3aAKGSD ; https://bit.ly/3bPK90w  

5. სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა

სოფლის მეურნეობის დახმარების ფარგლებში, ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის იაფი აგროკრედიტის პროგრამისთვის სახელმწიფო გამოყოფს 50 მილიონ ლარს, რითიც 5000 ფერმერი შეძლებს სარგებლობას. ქვეყნის პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით სახელმწიფომ დაიწყო რამდენიმე წლის წინ დაიწყო მიკრო-საგრანტო სისტემა, რომელიც მოიცავდა მცირე ბიზნესების დაფინანსებას 20 000 ლარამდე, ახლა დაფინანსების ზედა ზღვარი გაიზრდება 30 ათასი ლარამდე. ასევე ისაუბრა მიწის რეგისტრიაციის შესახებ, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მომდევნო 3 წლის განმავლობაში სრულად მოხდება დარჩენილი 1,2 მილიონი ჰექტარი მიწის სისტემური რეგისტრაცია.
ევროკავშირმა (EU), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) საქართველოში 50 ბენეფიციარისთვის 2.2 მილიონი ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო გრანტი გასცეს (https://bit.ly/2S6scTI)
 
სახელმწიფო პროგრამის "დანერგე მომავალი" ფარგლებში, მრავალწლოვანი და კენკროვანი კულტურების ბაღების გაშენება შეუფერხებლად მიმდინარეობს, სამუშაო პროცესი რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთხოების წესების დაცვით ხორციელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით მუნიციპალიტეტში მოქალაქეებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების მიზნით, შეეძლებათ დილის 06:00 საათიდან 08:00 საათამდე ავტომობილებით გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებზე და საღამოს 18:00-დან 19:0-მდე დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3bCoPfa  ; https://bit.ly/3aCCZvl  ; https://bit.ly/2yI7Ol1 ; https://bit.ly/2Y8wvlg  

6. კომერციული ბანკების რეკორდული 747 მლნ-იანი ზარალი 

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა 15 კომერციულმა ბანკმა ჯამურად რეკორდული 747 მილიონი ლარის ზარალი მიიღეს, რაც მთლიანი აქტივების მხოლოდ 1.5%-ია. ეროვნული ბანკის განმარტებით აღნიშნული ზარალი გამოწვეული იყო COVID-19-თან დაკავშირებული ნეგატიური მოლოდინებისათვის რეზერვის შექმნით. საბანკო სექტორმა, მარტის მდგომარეობით, 1.2 მილიარდი ლარის სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვი შექმნა. აღნიშნული თანხა წარმოადგენს მხოლოდ პოტენციურ (და არა რეალიზებულ) დანაკარგს. ,,თავად რეზერვი კი, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ დანაკარგს ფაქტობრივად ექნება ადგილი, ბანკებს მომავალში საშუალებას მისცემს, თავიდან აირიდოს ფინანსური მდგრადობის რისკები.’’

ვრცლად ეროვნული ბანკის განცხადებასა და აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2KyjKbV ; https://bit.ly/2S4tDlt  

7. დამატებითი დახმარება ტურიზმის სექტორს

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ინფორმაციით 2020 წლის მარტში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 58.6%-ით შემცირდა და 209 000 ვიზიტორი დაფიქსირდა. ტურიზმის სფეროს დახმარებაზე ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციისას ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. მისი განცხადებით ტურიზმის მიმართულებით შეღავათით 4500-მა ბიზნესმა ისარგებლა და 90 მლნ-ის ვალდებულებები გადავადდა. 1 ნოემბრამდე გადაუვადდათ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები.

Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი თორნიკე სამყურაშვილის განცხადებით იმდინარე პერიოდში ტურიზმის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან მარკეტინგული კამპანიის დაწყება ფუჭად დახარჯული ფული იქნება და მარკეტინგის წრმოება მას შემდეგ უნდა დაიწყოს რაც ბიზნესი ნორმალურ ცხოვრების პირობებს დაუბრუნდება. Galt&Taggart-ის ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის შეფასებით საჭიროა გრძელვადიანი გეგმებიდან დროებით გადახვევა და აქცენტის შიდა და იაფ საერთაშორისო ტურიზმზე გაკეთება. რაც შეეხება ახლო მომავალში ტურისტების მოსალოდნელ ვიზიტებს, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან უნდა ველოდოთ. 
 
ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2VDRnzq  ; https://bit.ly/2VZsm0s ; https://bit.ly/2x7YBSA  

8. საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები

2020 წლის იანვარ-მარტში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერდიოდთან შედარებით 5.9%-ით შემცირდა. ასევე, 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნიდან ხუთში ექსპორტის კლება დაფიქსირდა.10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან კი ექვსის ექსპორტი შემცირდა.
2020 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში საქართველოდან რუსეთში $91.2 მილიონი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 32.6%-ით ნაკლები იყო. რუსეთში საქართველოს მთავარ საექსპორტო საქონელს ალკოჰოლური სასმელები წარმოადგენს, ხოლო მთავარი საიმპორტო პროდუქტი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია.
დეტალურად ექპორტის მაჩვენებლების შესახებ: https://bit.ly/3eXuVJd  ; https://bit.ly/3bF7WR0  ; https://bit.ly/3axvxSg  

9. სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის

განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილის განცხადებით ,,პურის ფასის გაზრდის წინაპირობა არ არსებობს, ხორბლის იმპორტის ფასის დაზღვევის სუბსიდირების პროგრამა და მთავრობის მიერ ფქვილის ფასის რეგულირების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ამის გარანტიას იძლევა.’’ მინისტრის განცხადებით აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარა საქართველოს ქართული ხორბლის მარაგების შევსებაში და უახლოეს თვეებში ქვეყანა დამატებით 27 000 ტონა ხორბალს მიიღებს.

მთავრობამ ხორბლის იმპორტის სუბსიდირების პროგრამას დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, მთავრობამ დააწესა ზედა ფასის ზღვარი, რომ ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატებოდეს 51 ლარს. ხოლო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ, ტომარა ფქვილს მაქსიმუმ 51 ლარად გაყიდიან. სახელმწიფო, ჯამში, 40 000 ტონა ხორბალს დაასუბსიდირებს, რაც საქართველოს ერთი თვის მარაგია, სუბსიდირების პროგრამაში 1,6 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯება
9 სასურსათო პროდუქტის იმპორტმა რაზეც ფასის შესანარჩუნებლად სუბსიდიის სქემა ამოქმედდა, 2020 წლის მარტში 19,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0მლნ აშშ დოლარით მეტია.
ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2VBmMlW ; https://bit.ly/3bCAeeY  ; https://bit.ly/2KCuFRD  

10. ონლაინ ვაჭრობის კომპანიების შემოწმება დაიწყო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტთან ერთად იმ კომპანიების შემოწმებას ახდენს რომლებიც დაკავებული არიან ან გადაეწყვნენ ონლაინ ვაჭრობაზე. უახლოეს ერთ კვირაში შემოწმდება 260-მდე ობიექტი, რომლებმაც სამინისტროს უკვე მიმართეს საქმიანობის ონლაინ რეჟიმში გაგრძელებისთვის. შემოწმების ფარგლებში კომპანიები ვალდებული იქნებიან დააკმაყოფილონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესები
22 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილების გადაადგილებაზე შეზღუდვა მიტანის სერვისის ავტომობილებსაც შეეხოთ, თუმცა ახლა აღნიშნული შეზღუდვა მოეხსნათ, აღნიშნულზე განცხადება გაკეთდა Glovo-სა და Wolt-ის ფეისბუქ გვერდებზე.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2xYvB04 ; https://bit.ly/2Y3rv1m