მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP -10 ეკონომიკური მოვლენა

5eca7e66cbc76
ირაკლი მაკალათია
24.05.20 18:00
1879
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (18-23.05.2020) TOP -10 ეკონომიკურ მოვლენას

1. COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები
2. საერთაშორისო დახმარებები საქართველოს
3. 2019 წელს უმუშევრობის დონემ 11,6% შეადგინა
4. როგორი ტემპით მიდის უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ფულადი კომპენსაციების მოთხოვნა
5. უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს სესხები 3 თვით გადაუვადდებათ
6. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
7. ტურიზმის სექტორის მომავალი
8. აპრილის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები
9. ელექტრო ენერგიის იმპორტი და ჰესების მომავალი
10. მიმდინარე კვირაში პარლამენტის 2 ხმაურიანი კანონონპროექტი: შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი და საქართველოს ტყის კოდექსი


1. COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე - საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები

,,პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" განაცხადა, რომ განახლებული ბიუჯეტი -4%-იან ეკონომიკურ ვარდნაზე იქნება დაგეგმილი, თუმცა მისი შეფასებით, შესაძლოა, ვარდნა ამაზე მეტიც იყოს.’’ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი, ეკონომიკური ზრდის კვარტალური ზრდის პროგნოზში, მეორე კვარტალში ეკონომიკის 10.7%-იან შემცირებას ელოდება. ამ ფონზე აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში EBRD-ის მთავარი ეკონომისტი დიმიტარ ბოგოვი BMG-სთან საუბარში აცხადებს, რომ ბანკის პროგნოზით მიმდინარე წელს -5,5%-იან რეცესიას პროგნოზირებენ, თუმცა მომდევნო წელს პირიქით 5,5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება მოსალოდნელი. მათი შეფასებით საქართველოს მცირე ეკონომიკა აქვს, რომელიც ეყრდნობა ვაჭრობას და ტურიზმს, შესაბამისად აღნიშნულმა დარგებმა ყველაზე დიდი ზარალი მიიღეს მიმდინარე პერიოდში. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) საქართველოს ჯანდაცვის სექტორის საჭიროებებს 100 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ასევე აღნიშნული ბანკის ვიცე პრეზიდენტი გადაცემა ,,ანალიტიკაში’’ აღნიშნავს, რომ COVID-19-ის გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მძიმე იქნება. მიუხედავად იმისა რომ საქართველოს მთავრობამ დროულად შეაკავა ვირუსის გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სისტემა ჯერ კიდევ მოწყვლადი რჩება და აქ გაძლიერების საჭიროება აშკარად დგას.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/3ehCcCr ; https://bit.ly/3d0hXsr ; https://bit.ly/3bRNgVa ; https://bit.ly/2ysAkr1


2. საერთაშორისო დახმარებები საქართველოს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) სახელმწიფოს კუთვნილ კომპანია „საქაერონავიგაციას“ კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული შოკების გადალახვისთვის 10 მილიონი ევროს ფინანსურ რესურსს (სესხი) გამოუყოფს. გაერო საქართველოს დასახმარებლად 1 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს, რომელიც დაუცველი თემების პანდემიასთან გამკლავებაში უნდა დაიხარჯოს, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო იმ პირველი 46 ქვეყნის ჩამონათვალშია, რომელსაც გაერო დაეხმარება. საქართველო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) 190 მლნ ევროს მიიღებს, საიდანაც 70 მილიონი ევრო სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება, ხოლო 120 მილიონი ევრო ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის მხარდაჭერაზე დაიხარჯება. აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB) საქართველოს COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 91 340 000 ევროს სესხი გამოუყო, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემიოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას მოხმარდება. IBRD-ისგან საქართველო 73.1 მლნ ევროს სესხს მიიღებს, რომლის ხანგრძლივობაც 26 წელია. რაც შეეხება მიზნობრიობას, აღნიშნული სესხი მიმართულია საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების ეპიდემილოგიური შესაძლებლობების გაძლიერების, ზოგადი ტესტირებისა და სამედიცინო აღჭურვილობისათვის

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2Tzlarp ; https://bit.ly/3gf43op ; https://bit.ly/36osHhQ  ; https://bit.ly/3d4Hwcc  ; https://bit.ly/2TtHOBx  

3. 2019 წელს უმუშევრობის დონემ 11,6% შეადგინა

2019 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 1,1%-ით შემცირდა და 11,6% შეადგინა, რაც ბოლო 18 წლის განმავლობაში მინიმალური მაჩვენებელია. ამასთან 2019 წელს შემცირებულია 55,8%-დან 55,7%-მდე შემცირდა დასაქმების დონე. ორივე ამ მაჩვენებლის კლების მიზეზი კი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირებაა. 2019 წელს წინა წელთან შედარებით ეკონომიკური აქტიურობის დონე 1,0%-ით შემცირდა და 62,9% შეადგინა. დასაქმებულთა 50,3%-ს დაქირავებით დასაქმებულები შეადგენენ, ხოლო 49,3%-ს თვითდასაქმებულები. რაც შეეხება სოფელში თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში 73%-ს შეადგენს, ხოლო ქალაქში 23,8%-ს.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/3gfFIyR  

4. როგორი ტემპით მიდის უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების ფულადი კომპენსაციების მოთხოვნა
დამსაქმებელი კომპანიები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ იმ დაქირავებულ პირთა სია, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის პირველი სამი თვიდან (იანვარი, თებერვალი, მარტი) რომელიმე ერთ თვეს მაინც, იღებდნენ ხელფასს და საგანგებო მდგომარეობის პერიოდში შეუწყდათ ან შეუჩერდათ შრომითი ურთიერთობა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 20 მაისის მდგომარეობით, 78 000 დასაქმებულზე ინფორმაცია 20 000-მდე დამსაქმებელმა წარმოადგინა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა შეუფერხებლად მიიღონ კუთვნილი კომპენსაციების თანხები. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია მიმართავს შემოსავლების სამსახურს და დავალება მისცა, რომ "სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები". ფინანსთა მინისტრი დამსაქმებლების დაბალ აქტივობის მიზეზად ასახელებს იმას, რომ კომპანიების ნაწილი უბრალოდ უპასუხისმგებლობას იჩენს და იმიტომ არ ითხოვს დასაქმებულებისთვის კომპენსაციას. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლების ხარჯი 250-დან 300 მლნ ლარამდე იქნება, ხოლო ტურიზმის კუთხით ბიზნესის ქონების გადასახადისგან გათავისუფლების ხარჯი - 40 მლნ ლარს შეადგენს. რაც შეეხება 300 ლარიანი კომპენსაციების მოთხოვნას, ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 29 000-ზე მეტმა თვითდასაქმებულმა გაიარა, ხოლო შესაბამისი კომისია 10 დღის ვადაში უზრუნველყოფს კომპენსაციების ჩარიცხვას მითითებულ საბანკო ანგარიშებზე

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2Zwj67j ; https://bit.ly/3eiQNxr  ; https://bit.ly/2XjFUEE  


5. უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს სესხები 3 თვით გადაუვადდებათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს, რომელთაც შეუმცირდათ შემოსავალი და აქვთ კრედიტი, პროცენტის გადასახადი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ.

შემოსავლების სამსახურის განცხადებით: გადამხდელთა იმ კატეგორიას, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, შესაძლებლობა მიეცათ 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაევადებინათ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში. მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებისგან 10 ივნისიდან მიიღებენ.

ვრცლად ვინ ისარგებლებს სესხების გადავადებით იხილეთ: https://bit.ly/2XqcPaz ; https://bit.ly/2XidWZK  



6. სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის დახმარების პროგრამა 20 მაისიდან დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით) ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაცია ცენტრებში; 27 მაისიდან ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით), ქულების გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიებში. ფერმერებისთვის ასევე გათვალისწინებულია დიზელის შეღავათიან ფასში მიცემა.

გახშირებული სტიქიური მოვლენების გამო გაზრდილი სასოფლო-სამეურნეო რისკების პრევენციის მიზნით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, დროულად ჩაერთონ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში და შესაბამის პირობებს სთავაზობს. აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.  

ვრცლად პროგრამის შესახებ: https://bit.ly/2yu2Etf  ; https://bit.ly/2zqdQYg ; https://bit.ly/2ZwVwra  

7. ტურიზმის სექტორის მომავალი

Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის განცხადებით მიმდინარე წელს საქართველოში საუკეთესო შემთხვევაში 60%-ით შემცირდება ვიზიტორების რაოდენობა და უარეს შემთხვევაში კი 80%-ით. მისი თქმით დღეს არ არსებობს უსაფრთხო ქვეყანა და რისკები არის ყველგან, შესაბამისად ამის ბოლომდე განეიტრალება არის შეუძლებელი. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილმა Forbes Talks-ში სამ სცენარს განიხილავს: ,,პირველი - ქვეყნებს შორის საზღვრები ივნისის ბოლოს გაიხსნება და აღდგება საერთაშორისო ფრენები მსოფლიოს მასშტაბით; მეორე - საერაშორისო ავიამიმოსვლა სექტემბრის ბოლოს განახლდება და მესამე, ყველაზე ცუდი სცენარი - საერთაშორისო ფრენების 70-90 პროცენტი დეკემბრის ბოლოს, 2021 წლის პირველი იანვრიდან აღდგება.’’ აღნიშნული სცენარებიდან კი ყველაზე ოპტიმისტურად მეორე ვარიანტს განიხილავს. აქვე აღნიშნავს, რომ 50%-იანი კლებით დაბრუნდება ტურიზმი, რაც 7 წლის წინანდელ მაჩვენებელს უთანაბრდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით საქართველო მზად არის ბალტიის ქვეყნებთან ტურისტების მიმოსვლის აღსადგენად და აღნიშნავს, რომ ავიაკომპანია "ვიზეარმა" დაადასტურა მზადყოფნა აღადგინოს პირდაპირი ფრენები, მათ შორის, ვილნიუსსა და ქუთაისს შორის.

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2A9e99J ; https://bit.ly/2TOPY7R ; https://bit.ly/2WVu1FO  

8.იანვარ-აპრილის თვის საგარეო ვაჭრობის მონაცემები

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8%-ით ნაკლებია. ექსპორტი შემცირდა 11,9%-ით და 1 001.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 11,8%-ით შემცირდა და 2 462.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2%-ია.

უმსხვილეს საექსპორტო სამეულში შედიან: აზერბაიჯანი (145.2 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (135.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (125.6 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნების პირველი სამეული შემდეგია: თურქეთი (406.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (270.1 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (221.8 მლნ. აშშ დოლარი). საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი; რუსეთი და აზერბაიჯანი.

სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 215.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 134.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 91.8 მლნ. აშშ დოლარით (9.2 პროცენტი).

ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2LT0w1b; https://bit.ly/3c0eBV2; https://bit.ly/3ge27Nb

9. ელექტრო ენერგიის იმპორტი და ჰესების მომავალი

ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგეტიკული პროექტი "ხუდონჰესი" რომლის საინვესტიციო ღირებულება $1 მილიარდს შეადგენს ჩიხში შევიდა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საერთაშორისო იურიდიულ კომპანია Hogan Lovells-ს "ხუდონის" ელექტროსადგურის პროექტზე, კომპანია Trans Electrica BVI-სთან არსებული ხელშეკრულების მოშლის მოსამზადებლად 118 000 ევროს გადაიხდის.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ მაისიდან ივლისის ჩათვლით იმ ჰიდროელექტროსადგურებს, რომელთაც ელექტროენერგიის გასაყიდად შემსყიდველებთან, სახელმწიფოს გავლით კონტრაქტები წინასწარ გაფორმებულები არ ჰქონდათ, გენერაცია შეუზღუდა. ენერგოსექტორის წარმომადგენლების ნაწილის განცხადებით აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა, რიგი ობიექტების ექსპლოატაციაში შესვლის თარიღი გადაწიოს, რაც მათი აზრით სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომა იქნება. (https://bit.ly/3giG3kp)

პარლამენტმა "ენერგოეფექტურობის შესახებ" და "შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ" კანონები დაამტკიცა, როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, მისი მიზანი ენერგიაზე მოთხოვნის ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მართვის პრაქტიკის დანერგვას წარმოადგენს. (https://bit.ly/2A6E8yy)

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავას განცხადებით ამერიკული კომპანია ჩოხატაურში, 12 მეგავატი სიმძლავრის ბახვი1-ის მცირე ელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, სადაც 20 ადამიანის მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) მონაცემებით აპრილში ელექტროენერგიის იმპორტი ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვის ფონზე 55.2%-ით შემცირდა, ამავე პერიოდში 7%-ით შემცირდა ელექტროენერგიის მოხმარება.

ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2XsyA9B ; https://bit.ly/2zsPeOt  


10. მიმდინარე კვირაში პარლამენტის 2 ხმაურიანი კანონონპროექტი: შეზღუდვების შესახებ კანონპროექტი და საქართველოს ტყის კოდექსი

პარლამენტმა 79 ხმით 0-ის წინააღმდეგ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო, რომლის მიხედვითაც მთავრობა ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეძლებს. აღნიშნული ცვლილებების მოქმედების ვადა 15 ივლისამდე განისაზღვრა.
პარლამენტის მთვარი ხმაურიანი საკანონმდებლო ინიციატივა კი „საქართველოს ტყის კოდექსის“ პროექტს. მესამე მოსმენით გატანილ კანონპროექტს პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს საქართველოში არსებული ყველა ეკლესია-მონასტრის მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა. აღნიშნულ კანონპროეტს გამოხმაურება მოყვა არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რაც დამატებითი ქონებრივი პრივილეგიების გადაცემას უკავშირდება

ვრცლად აღნიშნული თემების შესახებ: https://bit.ly/2WVFhC9 ; https://bit.ly/3geJ9pw