მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP -10 ეკონომიკური მოვლენა

609007876003c
ირაკლი მაკალათია
03.05.21 18:20
1442
გთავაზობთ გასული კვირის ( 26 აპრილი – 1 მაისი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 2021 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს მშპ 4,0%-ით გაიზარდა

2. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა

3. 4-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადებული "სავალდებულო დასვენების დღეები" 21 საქმიანობის სფეროზე არ გავრცელდება

4. 500 მილიონიანი „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა

5. საპრივატიზაციო ობიექტებზე მთავრობა 50%-იან ფასდაკლებას აცხადებს

6. დასრულებული სამთო-სათხილამურო სეზონი, მთის კურორტების კომპანიის არამიზნობრივი ხარჯვები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

7. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის

8. კომერციული ბანკების ფინანსური შედეგები და ინოვაციური ბანკების TOP-20-ში დაასახელებული საქართველოს ბანკი

9. უკრაინიდან, ყაზახეთიდან და დუბაიდან დაბალბიუჯეტური ფრენები იწყება

10. საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის Kearney-ის რეიტინგში საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილების რეიტინგში საქართველო მე-19 ადგილზეა


1. 2021 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს მშპ 4,0%-ით გაიზარდა
2021 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკა 4,0%-ით გაიზარდა, თუმცა იანვარ-თებერვალში დაფიქსირებული კლების შედეგად, პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა (-4.2)% შეადგინა. რა თმა უნდა ერთი წლის დადებითი ეკონომიკური ზრდა პოზიტიური მაჩვენებელია, თუმცა, ეკონომიკური ზრდის რეალობა შემდეგია. 2020 წლის იანვარ-თებერვალში დადებითი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მშპ-ის პირველი კლება 2020 წლის მარტში დაიწყო და მაშინ -2,7% დაფიქსირდა. შესაბამისად 2021 წლის მარტში ეკონომიკა 2020 წლის შემცირებულ მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა. ეკონომიკის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მშპ-ის სამიზნე მაჩვენებელი ჯერ კიდევ 2019 წელია.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,5%-მდე შეამცირა. 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/335gr5g ; https://bit.ly/2Rfcrwk 

2. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით გაზარდა და 9,5%-ით განისაზღვრა. ერბანკის შეფასებით, ინფლაციის დონე 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე არ შემცირდება და კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ამასთან, რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიუხედავად ეროვნულ ბანკში ეკონომიკის 4%-იანი ზრდის პროგნოზს უცვლელად ტოვებენ. რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო კი 200 000-მდე საქართველოს მოქალაქეს სესხი გაუძვირდა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2021 წლის 23 ივნისს ჩატარდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3u9tAWO ; https://bit.ly/3gRsECp ; https://bit.ly/3gQE8WO 


3. 4-დან 11 მაისის ჩათვლით გამოცხადებული "სავალდებულო დასვენების დღეები" 21 საქმიანობის სფეროზე არ გავრცელდება

მთავრობის დადგენილებით 4-დან 11 მაისის ჩათვლით საქართველოში გამოცხადებული უქმე დღეები არ გავრცელდება 21 საქმიანობის სფეროზე, დადგენილების ავტორები: ჯანდაცვის, ეკონომიკის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები არიან. მოსახლეობის მობილობის შემცირების მიზნით აკრძალული იქნება ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. სადღესასწაულო დღეებში 2-დან 4 მაისის ჩათვლით დაკრძალვის პროცესის გარდა, სასაფლაოზე გასვლაც აკრძალული იქნება, ხოლო დარღვევაზე კი 2000 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aS6egQ ; https://bit.ly/3e9JyL1 ; https://bit.ly/337ayEA 

4. 500 მილიონიანი „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების ხელშეწყობის 500 მილიონიანი პროგრამა წარადგინა, რომელიც 63 მუნიციპალიტეტის ურბანულ განახლებას გულისხმობს. პროგრამა 4 წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. აღნიშნული თანხიდან 150-200 მლნ ლარი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო 300-350 მლნ ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯება. პროგრამის საწყის ეტაპზე გამოცხადებულია 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3eLxRcj ; https://bit.ly/3tcXXKq ; https://bit.ly/3t9x9Ld ; https://bit.ly/2QNulGv 

5. საპრივატიზაციო ობიექტებზე მთავრობა 50%-იან ფასდაკლებას აცხადებს

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში მორიგ ჯერზე საპრივატიზაციოდ გამოტანილი 150 ობიექტიდან 58 უძრავი ქონება 50%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. სამი მცდელობის შემდეგ კვლავ გასაყიდი რჩება „რიყის დოქები“. რომლის საპრივატიზაციო ფასი პირვანდელთან შედარებით 95.0 მლნ ლარიდან 47.5 მლნ ლარამდე შემცირდა.
მთავარი პრობლემა რაც პრივატიზების პროცესს აფერხებს არის: ბიუროკრატიული ბარიერები, საპრივატიზაციო ობიექტებზე დადგენილი ვალდებულებები, რაც საინვესტიციოდ ნაკლებ მიმზიდველს ხდის ინვესტორისთვის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უზარმაზარი ეკონომიკური აქტივები (ურბანული და სასოფლო მიწები, წიაღი, შენობა ნაგებობები, სახელმწიფო კომპანიები და სხვ.) რომელთა სრულად პრივატიზებას აქამდე არსებული ტემპით 100 წელზე მეტი დასჭირდება, სახელმწიფოს უზარმაზარი ქონებიდან ყველაზე ნაკლებ მიმზიდველი ეკონომიკური აქტივების საპრივატიზაციოდ გამოტანა და ამ ობიექტების მაღალი საპრივატიზაციო ფასი, რაც ერთის მხრივ არ არის საინტერესო ინვესტორისთვის, ხოლო მეორეს მხრივ დაბალმყიდველუნარიანობის გამო პრივატიზების პროცესიდან გამოთიშულნი არიან საქართველოს მოქალაქეები.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3t9mG2j ; https://bit.ly/2Rd7gNh 
ყველაზე ძვირად გაყიდული ობიექტების ჩამონათვალი: https://bit.ly/339PnBC 


6. დასრულებული სამთო-სათხილამურო სეზონი, მთის კურორტების კომპანიის არამიზნობრივი ხარჯვები და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა

„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ რომელიც ბაკურიანის, გოდერძის, თეთნულდისა და გუდაურის კურორტებს მართავს, 2021 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი 25 აპრილს დაასრულა. რამდენად ეფექტიანია სახელმწიფო კომპანიის მუშაობა ერთია, ხოლო მეორე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაა, სადაც წერია, რომ კომპანიის” დირექტორმა 2016-2018 წლებში ანაზღაურება უკანონოდ გაიზარდა და მეტობით 109,000 ლარი აიღო, ასევე უნებართვოდ გააფორმა 158.7 მილიონი ლარის ღირებულების სამშენებლო ხელშეკრულებები. სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვის ბოლო აკორდი კი 2018-2019 წლებში თანამშრომლებსა და ამ თანამშრომლების “ოჯახის წევრებზე” 261 000 ლარის აბონემენტების დარიგება გალხდათ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tjCf7X ; https://bit.ly/333KYAe ; https://bit.ly/2ReMTPY ; https://bit.ly/3nFpOSy 

7. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის

ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისთვის მოქმედ ერთიან მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნის წესებს ცვლის, ივლისიდან სარეზერვო მოთხოვნა თავად ბანკებში არსებულ სავალუტო დეპოზიტების მოცულობაზე იქნება დამოკიდებული. რაც უფრო მაღალი იქნება ბანკში დეპოზიტების დოლარიზაცია, მით უფრო მაღალი იქნება მათთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3vzc8LB 


8. კომერციული ბანკების ფინანსური შედეგები და ინოვაციური ბანკების TOP-20-ში დაასახელებული საქართველოს ბანკი
ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ირკვევა, რომ ქვეყანაში მოქმედი 15 ბანკის აქტივების ზომამ 58.15 მილიარდ ლარი შეადგინა, ამასთან 2021 წლის I კვარტალში კომერციული ბანკების მოგება 412 მილიონი ლარი იყო.

მარტში საქართველოს საბანკო სისტემის მიერ გაცემული სესხების მოცულობა 601 მილიონი ლარით გაიზარდა, ყველაზე მეტი სესხი მრეწველობის დარგში გაიცა (4.6 მილიარდი ლარი), ხოლო ყველაზე ნაკლები ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე (591 მილიონი ლარი).

აქვე აღსანიშნავია “საქართველოს ბანკი”-ს სარეიტინგო მიღწევა, კონკრეტულად, SME Banking Club-მა კავკასიის რეგიონში, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საუკეთესო ინოვაციური ბანკების TOP-20 გამოაქვეყნა, სადაც საქართველოდან მხოლოდ “საქართველოს ბანკი” იყო წარმოდგენილი. 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gTDMid ; https://bit.ly/3xAjWyF ; https://bit.ly/3aSaZqI ; https://bit.ly/334QQJo;  https://bit.ly/3xDbkXZ 


9. უკრაინიდან, ყაზახეთიდან და დუბაიდან დაბალბიუჯეტური ფრენები იწყება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები შემოვიდნენ, რომლებიც ხარკოვში, ლვოვში, ოდესაში, ზაპოროჟიეში და დუბაიში რეგულარულ ფრენებს შეასრულებენ. ეს კომპანიები არიან: SkyUp Airlines; FlyArystan; Flydubaiდა Bees Airline.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gU3S4I ; https://bit.ly/3nCNNlo ; https://bit.ly/3eKKLrf 


10. საინვესტიციოდ მიმზიდველი ადგილების რეიტინგში საქართველო მე-19 ადგილზეა - Kearney

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებითა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობით საქართველო საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციის Kearney-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში მოხვდა, რომელიც ბიზნეს და ტექნოლოგიური სერვისების სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს. 60 ქვეყანას შორის, საქართველომ მე-19 ადგილი დაიკავა.

რეიტინგის პირველ 20-ში შედიან: ინდოეთი, ჩინეთი, მალაიზია, ინდონეზია, ბრაზილია, ვიეტნამი, აშშ, გერთიანებული სამეფო, ფილიპინები, ტაილანდი, მექსიკა, ესტონეთი, კოლუმბია, პოლონეთი, ეგვიპტე, გერმანია, ბულგარეთი, პორტუგალია, საქართველო, ლატვია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/332eGFE