მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა - ( 19-24 აპრილი)

60856f6ebb2cf
ირაკლი მაკალათია
25.04.21 17:31
1435
სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციას შორის ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მედიატორობით შეთანხმება მიღწეულია, რისთვისაც შარლ მიშელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ოპოზიციის ლიდერებს. ევროკავშირის სახელით კი მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა მიმართულებით იმუშაოს საქართველოში და დაეხმაროს ქვეყანას რეფორმების განხორციელებაში. კვირის ბოლოსკენ მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა სახელისუფლებო გუნდშიც - არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და ვიცე-სპიკერად გადაინაცვლა, პარლამენტის თავჯდომარის პოსტზე კი კახა კუჭავას კანდიდატურაა წარდგენილი.

პოლიტიკურ პროცესებთან ერთად კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ვაქცინაციის პროცესი. ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაციის პლატფორმა გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს ონლაინ შეუძლიათ, დააფიქსირონ თუ რომელი ვაქცინით სურთ აცრა; ამისათვის მათ 3 არჩევანის შესაძლებლობა აქვთ. აღსანიშნავია, რომ 12 000 დარეგისტრირებულიდან 90%-ზე მეტმა აირჩია Pfizer-ის ვაქცინა აირჩია.

გთავაზობთ გასული კვირის ( 19– 24 აპრილი, 2021) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას

1. ვისზე არ გავრცელდება 4-დან 11 მაისის ჩათვლით დაწესებული უქმე დღეები და რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ „ლოქდაუნს“?
2. მთავრობამ I კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 58.5%-ით შეასრულა;
3. 2021 წლის პირველ კვარტალში ექსპორტი 5,2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2,4%-ით შემცირდა;
4. ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს უკვე რიგით მე-7 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა;
5. 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
6. მთავრობამ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის შიდა ვალი აიღო;
7. 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 203 000 ადამიანი დარეგისტრირდა;
8. სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მთავრობა 52.7 მლნ ლარის ბინებს მოწყვლად ჯგუფებს დაურიგებს;
9. კონკურენციის სააგენტოს კვლევის ანგარიში;
10. “კავკასუსის” სპეცმმართველი კომპანიის მართვაში არ უნდა ჩაერიოს - საარბიტრაჟო ტრიბუნალის ბრძანება.


1. ვისზე არ გავრცელდება 4-დან 11 მაისის ჩათვლით დაწესებული უქმე დღეები და რა შემთხვევაში უნდა ველოდოთ „ლოქდაუნს“?

ქვეყანაში მობილობის შემცირების მიზნით, 4-დან 11 მაისის ჩათვლით დაწესებული უქმე დღეები, მთავრობის დადგენილების მიხედვით არ გავრცელდება: ბანკებზე, მიკროსაფინანსოებზე, სესხის გამცემ სუბიექტებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებზე. ამასთანავე, ეს შეზღუდვა არ გავრცელდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით და მთავრობისათვის სერვისისა და პროდუქტების მიმწოდებელ კომპანიებზე. მთავრობის დადგენილებით, მინისტრებს დაევალათ ბრძანების საფუძველზე წარმოადგინონ ის სექტორები, რომლებიც განაგრძობენ საქმიანობას.

ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, მთავრობა ცდილობს შეზღუდვების გარეშე მოხდეს ფონს გასვლა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით კი, ,,ინფიცირების მაჩვენებლის "აგრესიული" მატების შემთხვევაში, წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში კვლავ დადგება.’’
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dOJHDv ; https://bit.ly/3gyJqGx ; https://bit.ly/3azlbnx

2. მთავრობამ I კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 58.5%-ით შეასრულა

მთავრობამ I კვარტლის პრივატიზაციის გეგმა 58.5%-ით შეასრულა. შესაბამისად, ბიუჯეტში „არაფინანსური აქტივების კლებით“ მიღებული შემოსულობების მოცულობამ 18,7 მლნ ლარი შეადგინა. მთავრობამ ასევე რამდენიმე კვირის წინ საპრივატიზაციოდ 300 მლნ ლარის ქონება გამოიტანა, საიდანაც მხოლოდ 60 მილიონის ქონება გაყიდა. ბოლო წლების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ფულზე პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები, სახელმწიფო ბიუჯეტის მხოლოდ 1%-მდეა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3aDc6u1 

3. 2021 წლის პირველ კვარტალში ექსპორტი 5,2%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 2,4%-ით შემცირდა

2021 წლის I კვარტალში ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,2%-ით გაიზარდა და 820.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი 2,4%-ით შემცირდა და 1 952.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდა დაფიქსირდა 2020 წელთან შედარებით, იმ პერიოდში, როცა ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორი გაჩერების შედეგად ექსპორტის მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა. ამ ფონზე კი 2021 წლის ექსპორტი მაჩვენებელი ვერ 2019 წლის დონეს გაუთანაბრდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3gBkCNS ; https://bit.ly/3tTC5Fq ; https://bit.ly/3aB1o7z

4. ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს უკვე რიგით მე-7 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა

22 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ინტერვენციის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.59 თეთრით გამყარდა. 22 აპრილის მდგომარეობით 1 აშშ დოლარი 3.4521 ლარი ღირდა, ხოლო 24 აპრილს 3.4464 ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს სებ-მა უკვე 7 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა, რის შედეგადაც ჯამში 242 900 000 აშშ დოლარი გაყიდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sI0cW9 

5. 2021 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადებიდან 2.66 მილიარდი ლარი შეგროვდა, რაც გეგმით განსაზღვრულის 100.3%-ია. აქედან; საშემოსავლო გადასახადიდან ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმის 98% შევიდა, აქციზის გადასახადიდან გეგმის 137% შევიდა; შედარებით კლება დაფიქსირდა მოგების გადასახადიდან, საიდანაც გეგმის 94.5% შევიდა. მცირე კლება ასევე დაფიქსირდა დამატებული ღირებულების გადასახადიდან მიღებულ შემოსავლებზე, საიდანაც ბიუჯეტში გეგმით გათვალისწინებულის 98% შევიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/32KTns7 ; https://bit.ly/3nkfXkR ; https://bit.ly/3njyNZj ; https://bit.ly/2Pj6JbY 

6. მთავრობამ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 18 750 000 ლარის შიდა ვალი აიღო

გასულ კვირას მთავრობამ სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 10-წლიანი ვადიანობით, 18 750 000 ლარის ფასიანი ქაღალდები იყიდა, აუქციონში მონაწილეობა კი ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

გარდა იმისა, რომ შიდა ვალით სახელმწიფო ზრდის საკუთარ ფინანსურ ვალდებულებს, კიდევ დამატებით პრობლემას ქმნის იმ მიმართულებით, რომ კომერციული ბანკებიდან ობლიგაციების გაყიდვით ამოღებული ფულის შემდეგ, ბანკებს მოთხოვნა უჩნდებათ ლარზე, რაც თავის მხრივ იწვევს ეროვნული ბანკის მიერ ლარის ბეჭდვაზე მოთხოვნას, რაც შემდეგ უარყოფითად აისახება ლარის კურსზე.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3xoDIN9 

7. 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად 203 000 ადამიანი დარეგისტრირდა

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 200-ლარიანი უმუშევრობის კომპენსაციის მისაღებად განცხადებების რეგისტრირების ბოლო ვადა 20 აპრილია. ამ დროისათვის კი სულ 203 375 განაცხადი დარეგისტრირდა. კომპენსაციის მსურველთა ამ მასშტაბით ჩართვა და უმუშევრობის ასეთი დიდი მაჩვენებელი, პანდემიის პერიოდში მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მძიმე ეკონომიკური შედეგია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sLfwRJ ; https://bit.ly/3dMklWy 

8. სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროგრამის ფარგლებში მთავრობა 52.7 მლნ ლარის ბინებს მოწყვლად ჯგუფებს გადასცემს

იპოთეკური სესხების სუბსიდირებასთან ერთად სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მთავრობამ "m2"-ის ჯგუფში შემავალი ორი დეველოპერული კომპანიისგან ჯამში 52,7 მლნ ლარის ღირებულების ბინები შეიძინა, რომელთაც სახელმწიფო გადასცემს: იძულებით გადაადგილებულ პირებს, ეკო-ემიგრანტებს, სოციალურად დაუცველებს და სხვ.
აღსანიშნავია, რომ TBC Capital-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 1-19 აპრილში შარშანდელთან შედარებით იპოთეკური სესხების მოცულობა 5-ჯერ არის გაზრდილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dRmikS ; https://bit.ly/3epKf1A 

9. კონკურენციის სააგენტოს კვლევის ანგარიში

კონკურენციის სააგენტომ 2020 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც სააგენტოს მიერ ბაზრებზე ჩატარებული კვლევის შედეგებია მოცემული. საწვავის ბაზარზე საბითუმო და საცალო მიმართულებებით კონკურენციის დონე გაუმჯობესებულია. კონკურენციის სააგენტო ასევე ახორციელებს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგს, სადაც შედარებით მაღალი კონცენტრაცია იკვეთება, საბოლოო შედეგები კი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება ცნობილი. ბაზარზე შეღწევის საკმაოდ მაღალი ბარიერები არსებობის მიუხედვად, ასევე კონკურენტულ სფეროდ დასახელდა ავტოდაზღვევის სექტორი.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გამო სააგენტომ ბაზარზე ზეთისა და წიწიბურას გაძვირების მიზეზის დასადგენად კონკურენციის სააგენტომ გარკვეული ინფორმაცია დაამუშავა, აღნიშნული პროდუქტების ბაზარი კონკურენციის მაღალი დონით შეფასდა, ხოლო ფასების ზრდის გამომწვევ მიზეზად კი მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები დასახელდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3tUj0D0 ; https://bit.ly/3vvAW7p ; https://bit.ly/3dNe0dG ; https://bit.ly/3tScOer 

10. “კავკასუსის” სპეცმმართველი კომპანიის მართვაში არ უნდა ჩაერიოს - საარბიტრაჟო ტრიბუნალის ბრძანება

მსოფლიო ბანკთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალი კომპანია “კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნის საკითხს 2020 წლის ოქტომბრიდან სწავლობს. საქმეზე “ნასიბ ჰასანოვი საქართველოს წინააღმდეგ” შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც პროცესის შემდგომ მოსმენამდე “კავკასუს ონლაინში” დანიშნული სპეციალური მმართველი არ უნდა ჩაერიოს კომპანიის მართვის პროცესში და აღნიშნული ფუნქციები კომპანიის მენეჯმენტმა თავად უნდა აღასრულოს ხელშემშლელი ფაქტორების გარეშე. აქვე შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნითაც, კომინუკაციის კომისიის მიერ სპეციალური მმართველის დანიშვნა მიუღებელ ჩარევად შეფასდა და თან აღინიშნა, რომ მსგავსი პრეცედენტი პრაქტიკაში არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dQgjgc ; https://bit.ly/3tP2Ydm