მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა - 14-19 მარტი

62372eb92788c
ირაკლი მაკალათია
20.03.22 17:45
1252
გთავაზობთ გასული კვირის (14 – 19 მარტი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 2021 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი 1357,4 ლარამდე გაიზარდა
2. რუსეთმა დეფოლტს თავი დროებით აარიდა, თუმცა მის ბაზარს საერთაშორისო კომპანიები სრულად ტოვებენ
3. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა კავკასიის რეგიონსა და საქართველოზე
4. 2022 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილები 13.7%-ით გაიზარდა
5. როგორ მოქმედებს მთავრობის დადგენილება თურქული წარმოების მედიკამენტების ფასებზე
6. როგორ იცვლება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი და რა გავლენა ექნება საქართველოს ბაზარზე
7. 2021 წლის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა
8. ვინ გახდა “მიხაილოვის” ყოფილ საავადმყოფოს ახალი მფლობელი
9. IDFI-ს ანგარიში მთავრობის ბიუროკრატიულ ხარჯებზე
10. რა რეაგირება ექნება საქართველოს ეროვნულ ბანკს MIR-ის ბარათის გამოყენების შემთხვევაში


1. 2021 წელს საშუალო ნომინალური ხელფასი 1357,4 ლარამდე გაიზარდა

2021 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და 1 463.8 ლარი შეადგინა. 2021 წლის საშუალო ხელფასი კი 1357,4 ლარია. IV კვარტალში საქმიანობის სახეების მიხედვით, ყველაზე მაღალი ხელფასი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებშია (2 431.6 ლარი). ამავე პერიოდში, კაცების ხელფასი (1 767.9 ლარი) 1,5-ჯერ აჭარბებდა ქალების საშუალო ხელფასს (1 153.6 ლარი).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3u6xReD


2. რუსეთმა დეფოლტს თავი დროებით აარიდა, თუმცა მის ბაზარს საერთაშორისო კომპანიები სრულად ტოვებენ

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით 117.2 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების სარგებელი გადახდილია, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის დეფოლტი დროებით გადაიდო, დროებით რადგან, Fitch-ის საკრედიტო რეიტინგით რუსეთი დეფოლტის ზონაშია, მას ჯამში 121 მილიარდი აშშ დოლარის ვალი აქვს, საიდანაც უახლოესი გადახდა, 2 მილიარდ აშშ დოლარის მოცულობით, აპრილის დასაწყისში უწევს. ამასთან, კვლავ იზრდება საერთაშორისო კომპანიების რაოდენობა, როლებიც რუსეთის ბაზარს ტოვებენ. ბოლო მონაცემებით, რუსეთი 390-მა კომპანიამ დატოვა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3JsNkMB; https://bit.ly/36vSLfk


3. რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა კავკასიის რეგიონსა და საქართველოზე

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) თავის მორიგ ანგარიშში მსოფლიოზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა შეაფასა, სადაც სამი ძირითადი მიმართულება გამოყო: ენერგოპროდუქტებისა და სურსათის გაძვირება და შედეგად ინფლაციური ზეწოლა; სავაჭრო ურთიერთობების შეზღუდვა და ფულადი გზავნილების შემცირება; არასტაბილურობისა და გაურკვევლობის ფონზე ინვესტორების მხრიდან ნდობის შემცირება. კავკასიის რეგიონზე კი შემდეგი გავლენა ექნება: ვაჭრობის, ტურიზმის, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების შემოდინებების შემცირება, ამასთან ნეგატიური გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციასა და ფისკალურ ანგარიშებზე.
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდა 6%-დან 3.5-4.0%-მდე შემცირდება, ხოლო ლარი დოლართან დაახლოებით 3.15-მდე გაუფასურდება, ამასთან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 1.5-2.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრებას პროგნოზირებს.

ნეგატიური მოლოდინია ტურიზმის მიმართულებითაც, „თიბისი კაპიტალი“ და Galt&Taggart ტურიზმის აღდგენის პროგნოზს ამცირებენ და ყველაზე პესიმისტური სცენარით 60%-იან აღდგენას, ხოლო პოზიტიური სცენარით, 65%-იან პროგნოზირებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wqylz4; https://bit.ly/3IoX5KC; https://bit.ly/3qmHfdf; https://bit.ly/36zq7tq


4. 2022 წლის თებერვალში საქართველოში ფულადი გზავნილები 13.7%-ით გაიზარდა

2022 წლის თებერვალში საქართველოში 183.4 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა, რაც 13.7%-ით აჭარბებს წინა წლის შესაბამის პერიოდს. TOP 5 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი გზავნილი მივიღეთ არის: იტალია (მთლიანი გზავნილების 18,0%); რუსეთის ფედერაცია (11,9%); აშშ (11,5%); საბერძნეთი (8,5%) და ისრაელი (7,7%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3qfBpdI


5. როგორ მოქმედებს მთავრობის დადგენილება თურქული წარმოების მედიკამენტების ფასებზე

პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს - ფარმაცევტული პროდუქტის აღიარების შესახებ, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო რეგისტრაციის ვადები სხვადასხვა შეფუთვა-მარკირების მედიკამენტების მიხედვით 5-დან 8 დღემდე შემცირდება. ამავე დროს გამარტივდება ბაზარზე დაშვების პროცედურა. როგორც PSP-ში აცხადებენ, მათ ქსელში თურქული წარმოების მედიკამენტები 77%-მდე გაიაფდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wmUb6r; https://bit.ly/36rlotX


6. როგორ იცვლება საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი და რა გავლენა ექნება საქართველოს ბაზარზე

რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და საომარი მოქმედებების შემდეგ, მძიმე, არასტაბილურმა გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ და მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდა გამოიწვია, თუმცა სწრაფ ზრდას მოჰყვა ფასების დასტაბილურება, რის მთვარ მიზეზადაც პოზიტიურ მოლოდინები, ჩინეთში COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე მთავრობის მიერ „ლოკდაუნის“ დაწესების მოლოდინსა და რაც მთავარია, საერთაშორისო ბაზარზე ახალი მოთამაშეების: საუდის არაბეთის, აშშ-ს და აზერბაიჯანის მზაობა გაზარდონ ნავთობის მიწოდება, რითაც მოხდება რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.
საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით 2022 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 15%-ით გაიზარდა, იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა კი რუმინეთიდან განხორციელდა და 52,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც მთლიანი იმპორტის 28,9%-ია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3wmHqJp; https://bit.ly/36eahEX

7. 2021 წლის ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკა

საქსტატის 2021 წლის ადგილობრივი ტურიზმის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივმა ვიზიტორებმა სულ 1 412.0 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 36.7%-ით არის გაზრდილი. ვიზიტების მთავარი მიზანი მეგობრების/ნათესავების მონახულება იყო (მთლიანი ვიზიტების 46,9%). ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 160.1 ლარია (13.1%-ით გაიზარდა წინა წელთან შედარებით), ხარჯების ძირითადი ნაწილი კი მიმართული იყო: საყიდლებზე (მთლიანი ხარჯების 56,1%); საკვებსა და სასმელზე (38,8%) და ტრანსპორტზე (33,1%).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3KXruBo;


8.ვინ გახდა ყოფილი “მიხაილოვის” საავადმყოფოს ახალი მფლობელი

ყოფილი “მიხაილოვის” საავადმყოფოს შენობა და მის გარშემო არსებული მიწა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შპს “ჰანსმა” 16 მლნ ლარად შეიძინა, მისი მფლობელი კი რუსი ბიზნესმენი შალვა ბრეუსია, რომელიც სხვადასხვა წლებში რუსეთის კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე, რუსეთის ფედერაციის ქონებრივი ურთიერთობის მინისტრის მოადგილე და კომბინატ “ვოლგას” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი გახლდათ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3CTf0Id


9. IDFI-ს ანგარიში მთავრობის ბიუროკრატიულ ხარჯებზე

IDFI-ს მიერ სამინისტროების 2021 წლის 9 თვის ბიუროკრატიული ხარჯების ანალიზმა აჩვენა, რომ პანდემიის შედეგად შექმნილ კრიზისულ მდგომარეობაშიც კი მთავრობას ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია არ მოუხდენია, მეტიც ყველა ძირითად კატეგორიაში აღინიშნება ხარჯების ზრდა, ხოლო შრომის ანაზღაურების შესახებ მონაცემები ჩაშლილი სახით არც მიუწოდებიათ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3uiEZoC


10. რა რეაგირება ექნება საქართველოს ეროვნულ ბანკს MIR-ის ბარათის გამოყენების შემთხვევაში

ეროვნული ბანკის განცხადებით ქვეყანაში მოქმედი ბანკებიდან არცერთი არ ემსახურება MIR-ის ბარათებს, შესაბამისად კანონდარღვევად ჩაითვლება თუ საქართველოში მოქმედი კომპანიები MIR-ის ბარათებით მომსახურებას დაიწყებენ. ასევე კანონდარღვევა იქნება, თუ საქართველოში მოქმედ კომპანიას MIR-ის ბარათებით საგადახდო სერვისს გაუწევს საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ueTKbK