მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP 10 ეკონომიკური მოვლენა (20-25.07.2020)

5f1d7afda19d5
ირაკლი მაკალათია
26.07.20 17:00
2655
1. საქართველოს მთავრობა "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ მოშლის;
2. როდის აღდგება რეგულარული ფრენები და რა პერსპექტივები აქვს ტურიზმის სფეროს;
3. შეუჩერებს თუ არა აშშ საქართველოს დახმარების 15%-ს;
4. ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია და ლარის კურსი;
5. 2020 წლის იანვარ-ივნისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა;
6. IMF საქართველოს სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის შედეგებზე;
7. იაპონია საქართველოს ,დაახლოებით, $40 მლნ გრანტით დაეხმარა;
8. ივნისში კომპანიების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 56%-ით შემცირდა, ხოლო ბანკებმა 6 თვეში 486 მილიონი ლარი იზარალეს;
9. მიმართავს თუ არა NEQSOL-ი საერთაშორისო არბიტრაჟს?
10. თიბისიმ სახელმწიფო საგარანტიო სქემის ფარგლებში პირველი სესხი გასცა.

1. საქართველოს მთავრობა "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ მოშლის
ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში აღძრული საარბიტრაჟო დავის შედეგად საარბიტრაჟო სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერა“-მ არსებითად დაარღვია 1997 წლის 25 ივნისის კონტრაქტი პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესახებ, რაც, თავის მხრივ, კონტრაქტის შეწყვეტის მყარი სამართლებრივი საფუძველი გახდა. ამასთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, „ფრონტერა“-ს დაევალა ძებნა-ძიების ფართობის (საკონტრაქტო ტერიტორიის დაახლოებით 99 პროცენტი) სახელმწიფოსთვის დაბრუნება და საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით ქართული მხარის მიერ გაღებული დანახარჯების ანაზღაურება (ჯამური საგადამხდელო ვალდებულებების ოდენობაა დაახლოებით 6 მლნ. აშშ დოლარი).

მოგებული დავის მიუხედავად, მთავრობა მზად არის შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საძიებო ტერიტორიის, დაახლოებით, 1%-ზე, აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ იმ მოტივით მიიღო, რომ შეინარჩუნოს სანიმუშო საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაცია და არ დააზარალოს საქართველოსა და აშშ შორის დადებითი ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობა. ამავე დროს, საქართველოს მთავრობა ,,ფრონტერას’’ მოუწოდებს შეასრულოს ვალდებულებები დასაქმებულთა მიმართ და გაისტუმროს სახელფასო დავალიანებები.

მიმდინარე საკითხს გამოაეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი: ,,ჩვენ მივესალმეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს გახლავთ კარგი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ღიაა დიალოგისთვის. კარგი იქნება, თუ შედგება კომუნიკაცია და ეს საკითხი დიალოგისა და შეთანხმების გზით გადაწყდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მხრიდან სურვილი და მზაობაა კომუნიკაციის“

ვრცლად https://bit.ly/3jCd0dn ; https://bit.ly/39xNLEq ; https://bit.ly/3fX1S8u  

2. როდის აღდგება რეგულარული ფრენები და რა პერსპექტივები აქვს ტურიზმის სფეროს?
საქართველოში შიდა ფრენები განახლდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თამარ არჩუაძის განცხადებით ივლისში 24-დან 31 ივლისამდე პერიოდში მესტია-ნატახტარის მიმართულებაზე - 6 რეისი, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე - 5 რეისი, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის მიმართულებაზე 3 რეისი შესრულდება. აგვისტოდან კი, დატვირთვა და ფრენების სიხშირე გაიზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ახალი კამპანია „იმოგზაურე საქართველოსთვის“ შეაფასა და აღნიშნა, რომ ის აქტიურ ფაზაში შევიდა და შიდა ტურიზმის განვითარებას ხელს შეუწყობს, მსგავსი პროექტებით კი, მთავრობა დაეხმარება იმ სფეროებს, რომლებიც covid-19-ის დროს დაზარალდნენ.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში უცხოეთის მოქალაქეთა შესვლაზე დაწესებული შეზღუდვები აგვისტოს ბოლომდე გახანგრძლივდება. შესაბამისად, რეგულარული ფრენები სექტემბრიდან აღდგება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იქნებიან თუ არა მათ შორის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, რადგან იმისათვის რომ შეინარჩუნონ დაბალი ფასები, მათ ფრენების მაღალი სიხშირე სჭირდებათ, რაზეც გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურმა ტურიზმის სექტორის ხელშეწყობის მიზნით, ვებპორტალი www.findouttbilisi.com შექმნა, სადაც თბილისში რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებიც ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ, საშუალება აქვთ საკუთარი პროდუქტები და სერვისები შესახებ ინფორმაცია უფასოდ განათავსონ.
"თიბისი კაპიტალის" პროგნოზით, საქართველოს ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელს 2022 წლის ბოლოს დაუბრუნდება. ასევე, აღნიშნულია, რომ წინა თვეებთან შედარებით ივლისში შიდა ტურიზმი გაიზარდა, რეგიონულ სასტუმროებში დატვირთვა გაზრდილია, თუმცა ჩაკეტილი საზღვრების გამო წინა წელთან შედარებით ვიზიტორების უნაღდო ჯამური ხარჯვა 82%-ითაა შემცირებული.

ვრცლად https://bit.ly/3hAhfEj ; https://bit.ly/3jG50I2  

3. შეუჩერებს თუ არა აშშ საქართველოს დახმარების 15%-ს?
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 224 ხმით, 189 ხმის წინააღმდეგ კენჭი უყარა სახელმწიფო დეპარტამენტისა და საგარეო ოპერაციების $259.5-მილიარდიანი ბიუჯეტს. დოკუმენტში აღნიშნულია საქართველოსთვის დახმარების გაცემის პირობებიც, რომელიც 132 025 000 აშშ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე წინაპირობა შემდეგია: ,,დახმარების გაცემის 15% უნდა შეჩერდეს იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი არ დაადგენს, რომ საქართველოში ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, დემოკრატიული გარემო და ბიზნესგარემო არ გაუმჯობესდა, ამასთანავე, არ შემცირდება კორუფციის დონე და განმტკიცდება ანტიკორუფციული რეგულაციები.’’ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება შემდეგი მიმართულებებით ნაწილდება: ევროპისა და ცენტრალური აზიისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტიდან საქართველოს წილი დახმარება; საერთაშორისო ნარკოტიკული კონტროლისთვის; ანტი-ტერორისტული პროგრამების მხარდაჭერისთვის; საერთაშორისო სამხედრო განათლებისა და ტრენინგისთვის; საერთაშორისო სამხედრო დაფინანსების პროგრამისთვის. კანონპროექტს ამჟამად სენატის კენჭისყრა ესაჭიროება.

ვრცლად https://bit.ly/2OSVS4S  

4. ეროვნული ბანკის რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია და ლარის კურსი
"2020 წლის 22 ივლისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.0585 შეადგინა" აღნიშნული წელს რიგით მეცხრე სავალუტო ინტერვენცია იყო, მანამდე განხორციელებულ 8 ინტერვენციაში (13 მარტი; 19 მარტი; 25 მარტი; 27 აპრილი; 21 მაისი; 10 ივნისი; 17 ივნისი; 2 ივლისი) ჯამში 229 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს, მიმდინარე კვირის ბოლოს ორშაბათთან შედარებით აშშ დოლართან მიმართებით 0.01 ლარით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.05 ლარით.

ვრცლად https://bit.ly/2ZZjpHt  

5. 2020 წლის იანვარ-ივნისის საგარეო ვაჭრობის სტატისტიკა
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5 053.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.2 პროცენტით ნაკლებია. რაც შეეხება ექსპორტსა და იმპორტის მაჩვენებლებს, ექსპორტი 16%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი 19.1%-ით.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: ჩინეთი (205.1 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (203.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (188.1 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების სამეული შემდეგია: თურქეთი (595.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (396.1 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (325.6 მლნ. აშშ დოლარი). საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (697.4 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (584.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (530.7 მლნ. აშშ დოლარი).

ვრცლად https://bit.ly/2BwJlRr ; https://bit.ly/30Mr3UV ; https://bit.ly/2OTVza1  

6. IMF საქართველოს სახელმწიფო საწარმოების საქმიანობის შედეგებზე
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს სახელმწიფო საწარმოების შესახებ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი შპს-ების ფინანსური შედეგები მკვეთრად გაუარესდა. ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საწარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი არ საქმიანობს, როგორც დამოუკიდებელი კომპანია და მათ რეგულარულად უწევთ მთავრობის მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულება.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს 67 სახელმწიფო კომპანიის ზარალმა, ჯამში, 805 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 25%-ით არის გაზრდილი. ზარალის დიდი წილი მოდის საქართველოს რკინიგზაზე, ენერგოტრანსზე, საქართველოს მელიორაციაზე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე და სხვა.

ვრცლად https://bit.ly/2EeBoRS  

7. იაპონია საქართველოს, დაახლოებით, $40 მლნ გრანტით დაეხმარა
იაპონიის მთავრობამ თანამედროვე სამედიცინო აპარატურისა და მოწყობილობების შესაძენად საქართველოს 2.8 მლნ დოლარის გრანტი გამოუყო, რაც რიგით მერვე საგრანტო დახმარებაა. ჯამში, კი გრანტის სახით იაპონიის მთავრობამ საქართველოს დაახლოებით 40 მლნ დოლარით დაეხმარა.

ეპიდემიის გავრცელების რისკებიდან გამომდინარე მთავრობამ გადაწყვიტა თანამედროვე და გამართული ინფექციური კლინიკა მოაწყოს ქვეყანაში, რისთვისაც თბილისის ინფექციური საავადმყოფოსთვის ბიუჯეტიდან 40 მლნ ლარამდე გამოყოფას განიხილავს. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2009 წელს ინფექციური საავადმყოფოს შენობის პრივატიზება განახორციელა, რაშიც კომპანია "ავერსი ფარმამ" 12.5 მლნ აშშ დოლარი გადაიხადა. თუმცა ამ ქონებაზე საკუთრების უფლება ფაქტობრივად შეზღუდული აქვს, რადგანაც კომპანია აღნიშნული მიწის განკარგვას ვერ ახერხებს. "ავერსი ფარმას" გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით წლების განმავლობაში სახელმწიფო მათ ქონებით სარგებლობისთვის საიჯარო თანხას უხდიდა, თუმცა 2019 წლიდან მათ არც საიჯარო თანხა არ აუღიათ.

ვრცლად  https://bit.ly/32U17t3 ; https://bit.ly/3jG7BSs  

8. ივნისში კომპანიების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 56%-ით შემცირდა, ხოლო ბანკებმა 6 თვეში 486 მილიონი ლარი იზარალეს

სახელმწიფო ხაზინის მონაცემების მიხედვით, ივნისში საქართველოში მოქმედი კომპანიების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56%-ით შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნეს სუბიექტებმა ჯამში მოგების გადასახადის სახით 32.6 მილიონი ლარი გადაიხადეს ბიუჯეტში. ამავე პერიოდში შემცირდა დღგ-ისა და საშემოსავლოდან მიღებული შემოსავლებიც, რაც მიუთითებს კიდეც ქვეყანაში ბიზნეს აქტივობის კლებაზე. ამავე დროს, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური მაჩვენებლებიდან ირკვევა, რომ ,,საქართველოში მოქმედმა 15-მა კომერციულმა ბანკმა 2020 წლის პირველ 6 თვეში ჯამურად 486 მილიონი ლარის ზარალი მიიღო.’’ ზარალის გამომწვევი მიზეზი საკრედიტო დანაკარგებისთვის თანხების დარეზერვებაა, რაც ბანკისთვის ხარჯს წარმოადგენს. ამავე პერიოდსი გაზრდილია სესხებიდან მიღებული შემოსავლები, ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი 2%-ით, ხოლო იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული შემოსავალი კი 20%-ით არის გაზრდილი.

ვრცლად აღნიშნულ თემებზე სტატიები: https://bit.ly/30R7Cdw ; https://bit.ly/2OSyTqu  

9. მიმართავს თუ არა NEQSOL-ი საერთაშორისო არბიტრაჟს?

როგორც BM.ge-ის სტატიაში ვკითულობთ: ,,კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.’’ "კავკასუს ონლაინის" მთავარ აქტივს 1,200-კილომეტრიანი წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი წარმოადგენს. ეს მაგისტრალი დღეს საქართველოს გლობალურ ინტერნეტთან წვდომისთვის ერთ-ერთი მთავარი არხია და თუ NEQSOL ჰოლდინგს მისი პროექტის რეალიზების შესაძლებლობა მიეცემა, ეს მაგისტრალი ცენტრალური აზიის რეგიონისთვისაც ინტერნეტის მიღების წყარო გახდება.

Neqsol Holding-ი აზერბაიჯანის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგო და სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგია. მის შემადგენლობაში შედის ქვეყნის უმსხვილესი მობილური ოპერატორის - BakCell-ისა და AzerTelecom-ის 100%-იანი წილი, ასევე არისუკრაინის წამყვანი სატელეკომუნიკაციო კომპანიის Vodafone Ukraine-ის მფლობელი.

NEQSOL ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელმა თემურ თაგიევმა Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვას განიხილავს, როგორც ინვესტორთა დაცვის ბოლო ინსტანციას. ასევე აღნიშნა, რომ NEQSOL-ს რუსეთთან არავითარი კავშირი არ აქვს, ისინი წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს 8 ქვეყანაში და არავითარი კავშირი არ აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.

ვრცლად https://bit.ly/3f5QRAl ; https://bit.ly/3000iNs  

10. ,,თიბისიმ სახელმწიფო საგარანტიო სქემის ფარგლებში პირველი სესხი გასცა
თიბისი ბანკი" და „აწარმოე საქართველოში" მორიგი თანამშრომლობის ფარგლებში იწყებს ახალ პროექტს, რომელიც გულისხმობს ბიზნეს სესხების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან უზრუნველყოფის კომპონენტში 90%-მდე თანამონაწილეობას.

სესხის მინიმალური მოცულობაა 50 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური 5 000 000 ლარი. პროექტი განკუთვნილია იმ ბიზნესებისთვის, რომელთა წლიური რეალიზაცია არ აღემატება 20 მლნ ლარს და ჯამური სასესხო დავალიანება არ აღემატება 12 მლნ ლარს. მათთვის ვისაც პრობლემები შეექმნა COVID-19-ის უარყოფითი ზეგავლენის გამო, პროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან 30%-მდე უზრუნველყოფაში თანამონაწილეობას.

ვრცლად  https://bit.ly/330KlsB