მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (26-31 ოქტომბერი, 2020)

5f9ebdbbc5b12
ირაკლი მაკალათია
01.11.20 17:50
1354
კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (26-31 ოქტომბერი, 2020)

1. 2020 წლის სექტემბერში რეალური მშპ 0.7%-ით შემცირდა

2. საერთაშორისო დახმარებები და საგარეო ვალის სტატისტიკა
3. სებ-მა სავალუტო აუქციონზე 1კვირის განმავლობაში 80 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
4. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა
5. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შედეგები
6. Fitch-ის საბანკო სექტორის შეფასება
7. გაიზრდება თუ არა პურის ფასი
8. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 26 307 აპლიკანტი დარეგისტრირდა
9. კანადურმა კომპანიამ ბოლნისში ოქროს მომპოვებელი კომპანიის 50%-იანი წილი შეიძინა
10. როგორ მიმდინარეობს „საპარტნიორო ფონდის" რესტრუქტურიზაციის პროცესი

მიმდინარე კვირა გამორჩეული იყო იმ მხრივ, რომ გუშინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. 1 ნოემბრის 15:00 საათისთვის დათვლილია უბნების 97.09%. პროპორციულ არჩევნებში ყველაზე მაღალი პროცენტული შედეგი ორმა პარტიამ მიიღო: „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველო“ - 48.05% და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” – 27.07% (სრული შედეგები იხილეთ https://bit.ly/3jITIBT )

არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას. რაც მთავარია, პოლიტიკაში მხოლოდ სახეების ცვლილება შედეგებს ვერ გამოიღებს, საჭიროა ძირეული სისტემური ცვლილებები და გამოკვეთილი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება. საზოგადოება არჩევნების შედეგებისგან სიკეთეს მაშინ იგრძნობს თუ სახელმწიფო პოლიტიკა გაარღვევს საბჭოთა დამოკიდებულებას და იმ გზას დაადგება, რაც უკვე გაიარეს განვითარებულმა დასავლეთის ქვეყნებმა. საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფლება გადის ეკონომიკურ თავისუფლებაზე, ეკონომიკური თავისუფლების ფუნდამენტი კი ქვეყანაში კერძო საკუთრების დამკვიდრება და მისი დაცულობაა.

1. 2020 წლის სექტემბერში რეალური მშპ 0.7%-ით შემცირდა

2020 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მშპ 0.7%-ით შემცირდა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5.0%-ია. კლება დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება, ხელოვნება, გართობა და დასვენება, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია. ზრდის ტენდენცია გამოვლინდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობის და საფინანსო საქმიანობის სექტორებში. 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის შეფასებით, კლების მაჩვენებლის შემცირება მთავრობის მიერ განხორციელებული ფისკალური სტიმულირების შედეგია, ხოლო მისი მოსაზრების გასამყარებლად IMF-ის საქართველოსთვის შედგენილი მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც მოიშველია. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საფინანსო სექტორში ზრდის მიზეზია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა, ტრანსპორტში კლება ძირითადად გამოიწვია საჰაერო ტრანსპორტის შეზღუდვებმა, ხოლო სასტუმროების და რესტორნების სექტორში შემოსავლების კლება ძირითადად დაკავშირებულია საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის შემცირებასთან.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2JpBatU; https://bit.ly/323ZPup; https://bit.ly/2JmHvGl

2. საერთაშორისო დახმარებები და საგარეო ვალის სტატისტიკა

მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობა 2.3 მილიარდ აშშ დოლარის საგარეო ვალს იღებს, აქედან უკვე გადმორიცხულია, დაახლოებით, 517 მლნ ევრო და 200 მლნ აშშ დოლარი; 360 მლნ ევროს გადმორიცხვაზე მოთხოვნები გაგზავნილია, ხოლო 430 მლნ აშშ დოლარზე ხელმოწერის პროცედურები უკვე მიმდინარეობს.

საქართველოს მთავრობის საგარეო ვალის ნაშთი 21.4 მილიარდ ლარს მიაღწევს, საიდანაც 2020 წლის დეკემბერში ყველაზე დიდი საგარეო ვალი მსოფლიო ბანკისგან (5,8 მლრდ ლარი) და აზიის განვითარების ბანკისგან (5,3 მლრდ ლარი) იქება.
აღსანიშნავია, რომ 29 ოქტომბერს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 200 მილიონი აშშ დოლარის სესხი დაუმტკიცა, რაც ეკონომიკის აღდგენის ხელშეწყობას და სოციალური დაცვის პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება. ასევე, რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს 15 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს, რაც პანდემიის შედეგად დაზარალებული პირებისათვის სოციალური დახმარების ანაზღაურებას უნდა მოხმარდეს.

საგარეო ვალის სტრუქტურა: https://bit.ly/320eiHV ;
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3jN1Z7y ; https://bit.ly/3jJ9RqN  


3. სებ-მა სავალუტო აუქციონზე 1კვირის განმავლობაში 80 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

2020 წლის 29 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0,43 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.64 თეთრით. აღსანიშნავია რომ მიმდინარე კვირას ეს რიგით მეორე ინტერვენცია იყო. შედეგად ჯამში ორი ინტერვენცია განახორციელა და 80 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წელს სულ 20 სავალუტო ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 649 650 000 აშშ დოლარი გაყიდა. მაშინ როცა ეროვნული ბანკი ამ მოცულობის დოლარს ყიდის და კურსი მაინც არ მყარდება, რეალურად მიზეზი მარტივია. კურსს განსაზღვრავს ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობა, ის რომ ეროვნული ბანკი დოლარს ყიდის ბაზარზე ამით ზრდის დოლარის მასას, თუმცა პარალელურად ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ზრდის ლარის მასას, მიმდინარე პერიოდში ლარის მასამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია. 2020 წლის სექტემბერში M2 აგრეგატი 13,1 მლრდ ლარს შეადგენდა, ხოლო ნაღდი ფულის მიმოქცევა 4,5 მლრ ლარს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, რაც მთავრობის მიერ ლარის მასის ზრდას უწყობს ხელს.

სავალუტო ინტერვენციების დინამიკისა და ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/3jGxKzi ; https://bit.ly/37WBJWl ; https://bit.ly/2HSRYZP

4. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8%-ზე დატოვა

ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობის ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის ცვლილება მიზანშეწონილად არ მიიჩნია და უცვლელად 8%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლიური ინფლაციის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება და ის 2021 წელს მიზნობრივ ინფლაციას დაუახლოვდება. 2021 წელს ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი ადგილობრივი მოთხოვნა იქნება. როგორც სებ-ის განცხადებაშია ნათქვამი ,, საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.’’  

ვრცლად წლების მიხედვით რეფინანსირების განაკვეთის ცლილება იხილეთ: https://bit.ly/37ZrjVW

5. იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის შედეგები

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 271.5 მილიონი ლარის მოცულობის ეროვნული ვალუტის იპოთეკური სესხები დაამტკიცეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 44,9%-ით მეტია. 2020 წლის სექტემბერში ჯამში გაცემული სესხების მოცულობამ 36.38 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.89 მილიარდი ლარით მეტია. აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ზომამ 54.34 მილიარდ ლარს მიაღწია, რაც წინა თვესთან შედარებით 6,61%-ით მეტია. ხოლო ლარის გაუფასურების ფონზე ლარიზაციის მაჩვენებელი სექტემბერთან შედარებით 2,08%-ით შემცირდა და38.41% შეადგინა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/381qps4 ; https://bit.ly/324kPkC ; https://bit.ly/3mHfurv 

6. Fitch-ის საბანკო სექტორის შეფასება

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Fitch-ის ასოცირებული დირექტორის ალიონა არგენენკოს მიერ გადაცემა The Checkpoints-ში გაკეთებული განცხადებით ქართული საფინანსო სექტორი კოვიდ კრიზისში კაპიტალის კარგი დონით შევიდნენ, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, გაურკვევლობა კვლავ მაღალია და დასკვნების გასაკეთებლად მეტი დროა საჭირო. მან დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ბანკებმა კრიზისის დაწყებისთანავე შექმნეს სესხების შესაძლო დანაკარგების დიდი ბუფერი და მასში 1 მილიარდ ლარზე მეტი განათავსეს. Fitch Ratings-ის ანგარიშში პოლიტიკის შეფასებაში ვკითხულობთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური გაურკვევლობა შეიძლება გაიზარდოს, გამოკითხვების შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ მოქმედი სახელისუფლებო პარტია „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი ვადით დარჩება ხელისუფლებაში და ამავე დროს გაიზრდება მცირე ზომის პარტიების წარმომადგენლობაც.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/324tbc5 ; https://bit.ly/3mKxRMj  

7. გაიზრდება თუ არა პურის ფასი

2021 წლის 1 იანვრიდან რუსეთი ხორბალზე კვოტირების მექანიზმს 6 თვით ისევ აამუშავებს, საქართველო ხორბლის იმპორტზე ბოლო სამი წელი რუსეთზეა დამოკიდებული, თუმცა მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას შეფასებით თუ რუსეთმა კვოტირება შემოიღო, ბაზრები თავისუფალია და საქართველოს წვდომა აქვს უკრაინის, ყაზახეთის და ევროკავშირის ბაზრებთან. რაც იმას ნიშნავს რომ ხორბალზე დეფიციტი არ არის მოსალოდნელი, თუმცა სხვა ქვეყნებიდან ხორბლის იმპორტი უფრო ძვირი ჯდება, პროდუქტის ფასისა და ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებით, რამაც შესაძლოა ხორბალზე ფასის ზრდა გამოიწვიოს.

მთავრობა მზადაა თუ ფასი მივიდა იმ კრიტიკულ ზღვრამდე, რომ შეიძლება ეს აისახოს პურის ფასზე, მთავრობა ხორბლის ფასს დაასუბსიდირებს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასმა 2018 წლის ივლისის შემდგომ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და ერთი ტონა ხორბალი 207.2 აშშ დოლარი ღირს. 

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2TIQ9RG ; https://bit.ly/2THQ94f ; https://bit.ly/35NGKxG  

8. სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 26 307 აპლიკანტი დარეგისტრირდა

სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების მიღება დასრულდა. სააგენტოს ინფორმაციით ჯამში 26 307-მა აპლიკანტმა დაარეგისტრირა ბიზნესიდეა. კონკურსის პირველადი შედეგები 15 ნოემბრამდე გახდება ცნობილი. აღსანიშნავია, რომ 2015-2018 წლებში საგრანტო პროექტში 6 212-მა პროექტმა გაიმარჯვა, რომლის ჯამური ინვესტიციის მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტს შეადგენს.

მეორე ინფორმაცია რაც თევზსაჭერი გემის მშენებლობის დაფინანსებას უკავშირდება, 2020 წლის 27 ოქტომბერს, ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის. პროექტის ფარგლებში ტრაბზონში აშენდება ვიკინგური ტიპის გემი,რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნიკითა და ქისა ბადით. გემის წლიური წარმოების მოცულობა 4 ტონა თევზს გადააჭარბებს, პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 158 182 ლარი იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2Jl3WM1 ; https://bit.ly/3edJhoC  

9. კანადურმა კომპანიამ ბოლნისში ოქროს მომპოვებელი კომპანიის 50%-იანი წილი შეიძინა

კანადურმა კომპანია Candelaria-მ ბოლნისის რაიონში ოქროს მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიის სს “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის” მშობელ კომპანიაში (GMC Investment limited) 50%-იანი წილი შეიძინა. სალიცენზიო არეში შედის დამბლუდის მონაკვეთიც, სადაც ოქროს და სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგები არის მიკვლეული. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით სააქციო საზოგადოება “ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდი’’-ს გენერალური დირექტორი 2016 წლის 18 ნოემბრამდე პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, კახაბერ კუჭავა იყო, ხოლო სს "ჯორჯიან კოპერ ენდ გოლდის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრი RMG ჯგუფის კორპორაციული დირექტორი კახაბერ მჭედლიშვილია.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3mMRkvT

10. როგორ მიმდინარეობს „საპარტნიორო ფონდის" რესტრუქტურიზაციის პროცესი

ორი წელია რაც მთავრობა IMF-ის რეკომენდაციით საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით ,,საპარტნიორო ფონდის’’ რეფორმა სახელმწიფო საწარმოების რეფორმის კონტექსტში უნდა განიხილონ, ფონდისგან სახელმწიფო კომპანიების გამიჯვნა უკვე მიმდინარეობს, შემდეგ ფონდი როგორ გააგრძელებს მუშაობას, ამაზე ჯერ კიდევ მიდის მსჯელობა. ,,საპარტნიორო ფონდის’’ ფინანსური ანგარიშის მიხედვით შემოსავლები 22%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ რომ „ საპარტნიორო ფონდის“ 2019 წლის ფინანსური შედეგები წინა წელთან შედარებით, მკვეთრად გაუმჯობესებულია. რესქტრუქტურიზაციის პროცესში ,,ჯგუფის შემადგენლობიდან უკვე გამოვიდნენ “ესკო” და “სახელმწიფო ელექტროსისტემა” და ისინი მთავრობას გადაეცა, “თელასის” აქციები კი საჯარო აუქციონზე $10.5 მილიონ დოლარად გაიყიდა, ხოლო ზაფხულში დაიწყო “კლინიკების განვითარების კომპანიის” ლიკვიდაცია.’’

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2015 წელს “საპარტნიორო ფონდმა” Credit Suisse-ისგან 150 მილიონი აშშ დოლარის საგარეო ვალი სხვა სესხების რეფინანსირებისთვის აიღო. ხოლო ახლა როგორც ფონდის აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა, “საპარტნიორო ფონდმა” შვეიცარიულ ბანკთან სესხის პირობები დაარღვია, შედეგად ბანკმა "საპარტნიორო ფონდს" საპროცენტო განაკვეთი Libor+5.95%-დან Libor+6.5%-მდე გაუზარდა. სესხის ნარჩენი ღირებულება 2019 წლის ბოლოსთვის 127 მილიონ ლარს (43.5 მლნ აშშ დოლარი) შეადგენდა.

“საპარტნიორო ფონდი”-ს რესტრუქტურიზაციის შედეგები: https://bit.ly/34LinBg

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2TFXp0j ; https://bit.ly/37ZjsYk ; https://bit.ly/35X6o2Y ;