მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP –10 ეკონომიკური მოვლენა

60042b71df496
ირაკლი მაკალათია
17.01.21 17:33
1825
გთავაზობთ მიმდინარე კვირის (11-16 იანვარი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. საქართველოს 2020 წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები
2. 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 82%-ით შემცირდა
3. 2020 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
4. რატომ შემცირდა საპენსიო ფონდის მოცულობა 13.4 მილიონი ლარით?
5. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 948 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაგეგმილზე 146 მილიონი ლარით მეტია
6. საკვები პროდუქტების პირველადი წარმოების სხვადასხვა სექტორში მოქმედ ბიზნესებს მთავრობა დენის გაზრდილი ტარიფის 50%-ს დაუსუბსიდირებს
7. საქართველოში 2020 წელს ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა
8. ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3-ჯერ უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მოსახლეობისთვის
9. ჩაანაცვლებს თუ არა“ესკო” “ენერგო-პროს”? მესტიაში დენის ტარიფის გადაუხდელობის გამო “ენერგო-პროს” ზარალი 14 მლნ ლარია
10. აშშ- სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა



1. საქართველოს 2020 წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები

2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8%-ით ნაკლებია. წლის განმავლობაში ექსპორტი 12,0%-ით შემცირდა და 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის 15.9 %-იანი კლება დაფიქსირდა და შესაბამისად 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ჯერ კიდევ მაინც მაღალია და 70,5%-ს შეადგენს.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/35NpiKo

2. 2020 წელს საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 82%-ით შემცირდა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით 2020 წელს საქართველოში 1 749 308 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 81-ით ნაკლებია. ქვეყანაში ყველაზე მეტი ვიზიტი მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელდა და ამ მხრივ პირველი ქვეყანა თურქეთია. რაც შეეხება საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს 2020 წლის 11 თვის განმავლობაში 82%-ით შემცირდა და 527 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/38RQkCA ; https://bit.ly/3nTuH8S ; https://bit.ly/2LVljoe  

3. 2020 წლის 31 დეკემბრისთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილურების მიზნით სარეკორდო მოცულობის ინტერვენციები განახორციელა და ჯამში 873 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, სავალუტო რეზერვები მაინც გაიზარდა და 2020 წლის 31 დეკემბრისთვის 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სავალუტო რეზერვების შევსება კი ცხადია კრიზისის პერიოდში მოზიდული საგარეო ვალის მეშვეობით მოხდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3bNyodR  

4. რატომ შემცირდა საპენსიო ფონდის მოცულობა 13.4 მილიონი ლარით?

BMG-ს გუნდის დაკვირვებით 2021 წლის 1 იანვარს სახელმწიფო საპენსიო ფონდის მოცულობა 2020 წლის 31 დეკემბერთან შედარებით 13.4-მილიონი ლარით შემცირდა. BMG-ს საპენსიო სააგენტოს პრესსამსახურში განუმარტეს, რომ შემცირება გამოწვეული იყო ფონდის ფინანსური მაჩვენებლების გადაანგარიშებით, კერძოდ; საინვესტიციო საბჭომ საერთაშორისო სტანდარტების (IFRS საბუღალტრო მეთოდოლოგია) მიხედვით დააზუსტა შენატანებზე დარიცხული სარგებლის შეფასების მეთოდოლოგია, შეფასდა ფონდის აქტივები, რის შედეგადაც თანხა ფონდში უცვლელად შენარჩუნდა და მხოლოდ მისი ღირებულების დაზუსტება მოხდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/35NWaTz  

5. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 948 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც დაგეგმილზე 146 მილიონი ლარით მეტია  

2020 წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი იყო 802 მლნ ლარი, რომელიც ნოემბერში ამოიწურა, რის შემდეგაც პროგრამაში თანხის დამატება ორჯერ მოხდა და საბოლოოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე 948 მილიონი ლარი დაიხარჯა. ამასთან აღშანიშნავია, რომ 2015 წლიდან დღემდე სამედიცინო ხარჯები დაგეგმილზე სწრაფად იზრდება და სახელმწიფოს ყოველწლიურად უწევს პროგრამის დაფინანსების გაზრდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nMNxOZ  

6. საკვები პროდუქტების პირველადი წარმოების სხვადასხვა სექტორში მოქმედ ბიზნესებს მთავრობა დენის გაზრდილი ტარიფის 50%-ს დაუსუბსიდირებს
მთავრობის მიერ მიღებული დადგენილებით საკვები პროდუქტების პირველადი წარმოების სექტორებში მოქმედ ბიზნესის წარმომადგენლებს მთავრობა დენის გაზრდილი ტარიფის 50%-ს დაუსუბსიდირებს. რისთვისაც, შეიქმნება ბიზნეს წარმომადგენლების სპეციალური სია. სიაში მოსახვედრად, ბიზნეს სუბიექტებმა 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით ვებგვერდ www.registration.gov.ge -ზე უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი.
ვრცლად ბიზნეს სფეროების ჩამონათვალისა და თემის შესახებ: https://bit.ly/2LF0DB0  

7. საქართველოში 2020 წელს ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა

საქართველოში ფულადი გზავნილები 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 8.8%-ით გაიზარდა და 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე მეტი გზავნილი რუსეთიდან არის მიღებული, რაც მთლიანი გზავნილების 19,3%-ს შეადგენს. შემდგომ მოდის იტალია (15,8%); საბერძნეთი (11,6%); აშშ (11,6%); ისრაელი (8,3%). გასულ წელს ფულადი გზავნილები განსაკუთრებით გაიზარდა აზერბაიჯანიდან (143%-ით) და უკრაინიდან (104%-ით).
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3sqGAXs  

8. ბიზნესისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3-ჯერ უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მოსახლეობისთვის

2021 წლიდან ბიზნესისათვის ელექტროენერგიის ტარიფი ერთ კილოვატზე საშუალოდ 11-13 თეთრით გაძვირდა, ხოლო მოსახლეობისთვის 3.5 თეთრით. აღნიშნული განსხვავების მიზეზი განმარტა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ, რომელმაც განაცხადა, რომ ,,ენგურჰესის” მიერ გამომუშავებული იაფი ღირებულების ელექტროენერგია ძირითადად მოსახლეობისკენ მიმართეს, ხოლო კომერციული სექტორისთვის განკუთვნილი ელექტროენერგიის შესყიდვა უფრო ძვირადღირებული წარმოების ჰიდროელექტროსადგურებიდან უწევთ.  

ვრცლად ელექტროენერგიის ტარიფებისა და თემის შესახებ: https://bit.ly/39LrLGG ; https://bit.ly/3nSJdh6  

9. ჩაანაცვლებს თუ არა“ესკო” “ენერგო-პროს”? მესტიაში დენის ტარიფის გადაუხდელობის გამო “ენერგო-პროს” ზარალი 14 მლნ ლარია
“ენერგო პრო” ზარალი წელიწადში 13-18 მილიონი ლარია, რისი მიზეზიც არის ის, რომ მესტიის რაიონის მაცხოვრებლები ელექტროენერგიის ტარიფს არ იხდან, რამაც გაზარდა უკანონო კრიპტო მაინინგი და ელექტროენერგიის უფასო მოხმარება. 2021 წლის ივლისიდან როცა გამიჯვნა მოხდება გამანაწილებელი ქსელის ფლობასა და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესებს შორის, “ენერგო-პრო ჯორჯია’’ გამანაწილებლის ფუნქციებს აიღებს, ხოლო მიმწოდებელ კომპანიად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია “ესკო” განიხილება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nS2Xl5 ; https://bit.ly/2XQDttM  

10. აშშ- სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

"2021 წლის 14 იანვარს აშშ-სა და საქართველოს შორის 5G ქსელების უსაფრთხოების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.’’ რასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მეხუთე თაობის უსადენო საკომუნიკაციო ქსელების (5G) განვითარებისათვის. გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად საქართველო ამავე დროს უერთდება Clean Network Lines (სუფთა/უსაფრთხო ქსელების ხაზები) ქვეყნებს. აღნიშნულ მემორანდუმს დადებითად გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანის მოადგილე ქით ქროქი, რომელმაც აღნიშნა, რომ Clean Network-ის წევრობა საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვის დამატებითი შესაძლებლობა იქნება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/2LZxIqY ; https://bit.ly/2XKYHt6 ; https://bit.ly/2Lw45hn