16.თებერვალი .2020 18:12

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (10.02.2019 - 17.02.2019)

views 781
უკან

გთავაზობთ მიმდინარე კვირის (10-15.02.2020) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას.

1. IMF-ის მისიის შეფასებები
2. USAID/Georgia-ის ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმი
3. „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის“ კვლევაში საქართველო მე-18 ადგილზეა
4. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული პროექტების შეფასება და სამომავლო გეგმები
5. უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა 2019 წლის IV კვარტალში
6. ანაკლიის პორტის ბუნდოვანი მომავალი, ბათუმისა და ფოთის პორტების პერსპექტივები
7. Frontera-ს დავის ახალი დეტალები
8. 100 წიაღისეულის ათვისების პროექტი
9. საქართველოს რეგიონული განვითარებისათვის გაწეული ხარჯები
10. „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა

1. IMF-ის მისიის შეფასებები

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 5-11 თებერვალს იმყოფებოდა და ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესები შეაფასა. როგორც სსფ-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული 2019 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპმა მოლოდინს გადააჭარბა წინასწარი შეფასებების მიხედვით 2019 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 5.2 პროცენტი შეადგინა, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის 4.6 პროცენტიან პროგნოზს აღემატება. ასევე დადებითად განიხილავენ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებას და ექსპორტის მაჩვენებლების ზრდას ქვეყანაში. რეკომენდაციის სახით კი საუბარია, რომ სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება გაზრდის ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ და გააუმჯობესებს ეკონომიკის ზრდის საშუალოვადიან პერსპექტივას.

ეკონომიკის 2020 წლის ზრდის პერსპეტივა სტაბილურია და ზრდის პროგნოზი 4.3 პროცენტს შეადგენს, ხოლო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამო, ასევე ერთჯერადი ფაქტორების გავლენის მილევასთან ერთად ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტს) 2020 წლის ბოლოს მიუახლოვდება.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/31YjQkR; https://bit.ly/2u24vmK

2. USAID/Georgia-ის ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმი

USAID/Georgia-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმი გაიმართა. ფორუმს დაესწრნენ USAID/Georgia-ის მისიის დირექტორი პიტერ უიბლერი და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი. ფინანსებსა და კაპიტალზე ხელმისაწვდომობის ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საჯარო, კერძო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა, სწორი და საგულისხმო განცხადება გააკეთა, მისი თქმით: “მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საქართველოში მთავარი პრობლემა ფინანსებთან ხელმისაწვდომობაა” მან ასევე აქცენტი გააკეთა, რომ ქვეყანაში საკრედიტო პირობები მკაცრია, ვადები და სესხის უზრუნველყოფის პირობები მძიმე, საპროცენტო განაკვეთები კი მაღალი. მსხვილი ბიზნესისთვის კრედიტების უფრო ფართო სპექტრია ხელმისაწვდომი, ვიდრე მცირე და საშუალო კომპანიებისთვის.

ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა USAID-ის მიერ $17.8 მილიონით დაფინანსებული პროგრამაა, რომელიც ხორციელდება DAI Global-ის მიერ. პროგრამის მიზანია სოფლის მეურნეობის მიღმა არსებული სექტორების განვითარების ხელშეწყობა, რომელთაც სამუშაო ადგილების შექმნის, ინვესტიციების მოზიდვის, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებისთვის შემოსავლების ზრდის პოტენციალი გააჩნიათ.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/37tBKNt; https://bit.ly/2SOYp1o

3. „საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის“ კვლევაში საქართველო მე-18 ადგილზეა

EuCham არის დამოუკიდებელი, არასამთავრობო, კერძო ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურად აქვეყნებს კვლევას "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის". 2020 წლის ანგარიშში რეიტინგი მოიცავს ევროპის 46 ქვეყანას. რეიტინგი ეფუძნება მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ შემუშავებულ საერთაშორისო დონის ანალიზს.
გასულ წელთან შედარებით საქართველომ 2 ადგილით უკან დაიხია და 70 ქულით მე-18 ადგილს იკავებს.
რეიტინგის TOP 10 ქვეყანაა: დანია(86ქულა); შვედეთი (84); ნორვეგია (83); ფინეთი (83); შვეიცარია (81); გაერთიანებული სამეფო (80); გერმანია (80); ნიდერლანდები (79); ისლანდია (79) და ავსტრია (78).
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს: სომხეთი 33-ე ადგილი, თურქეთი 35-ე ადგილი; აზერბაიჯანი 41-ე ადგილი; რუსეთი 43-ე ადგილი. რეიტინგში ბოლო ადგილს იკავებს უკრაინა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2uDIbQR

4. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ განხორციელებული პროექტების შეფასება და სამომავლო გეგმები

2020 წელს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სახელმწიფო 10%-ის ნაცვლად 7%-იან სუბსიდირებას განახორციელებს, რისი მიზეზიც სააგენტოს ხელმძღვანელის, მიხეილ ხიდურელის აზრით ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა და შესაბამისად სახელმწიფომ ნაკლები უნდა დახარჯოს ბიზნესში. მისი განცხადებით, 2020-2021 წლებში 225 მილიონი ამერიკული დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცის მოზიდვა იგეგმება.
სააგენტო მიზნად ისახავს 3500 კომპანიიდან 350 სამიზნე კომპანიის შერჩევას, რომელთანაც ექნებათ ვიზიტები და საინვესტიციო შეთავაზებები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ პროგრამის ამოქმედების დღიდან პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 500-მდე ქართული საწარმო, 350-მდე მცირე სასტუმრო, ხოლო 6200-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო მიკროგრანტები და შეძლო მცირე საოჯახი ბიზნეს საქმიანობის დაწყება. განხორციელდა 1 მლრდ ლარზე მეტი ინვესტიცია და შეიქმნა 16 500-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/38yXKb0; https://bit.ly/37zVVt8

5. უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა 2019 წლის IV კვარტალში

საქსტატის მონაცემებით: 2019 წლის IV კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.3 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 8.8%-ით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.1 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 10.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა (371.9 ათასი) სომხეთის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 18.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში.
სქესობრივ ასაკობრივ ჭრილში: ვიზიტორების უმრავლესობა (47.2%) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ხოლო მთლიანი ვიზიტორების 66.1%-ს მამაკაცები, ხოლო 33.9%-ს ქალები შეადგენდა.
ყველაზე მეტი ვიზიტი (31.2%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 1.7 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 13.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

6. ანაკლიის პორტის ბუნდოვანი მომავალი, ბათუმისა და ფოთის პორტების პერსპექტივები

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, თუ საქართველოს მთავრობა "APM ტერმინალსს" ღრმაწყლოვანი პორტის აშენების ნებართვას მისცეს, ამით ანაკლიის პორტის პერსპექტივა დასამარდება. მისი თქმით, ფოთის პორტი დღეს არის მონოპოლიურ მდგომარეობაში და ბოლო წლების განმავლობაში APM ტერმინალსი აქტიურობდა მხოლოდ იმისთვის, რომ ხელი შეეშალა ანაკლიისთვის.

ირკვევა, რომ 2020 წლის 11 თებერვალს ფოთის ნავსადგურის ოპერატორმა, APM Terminals-მა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ახალი ტერმინალის მშენებლობისთვის მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების შესახებ მიმართა განცხადებით. სააგენტოს ხელმძღვანელის დავით გიგინეიშვილის განცხადებით APM Terminals-ის მიერ სააგენტოში მოთხოვნა შემოსულია არა სამშენებლო ნებართვაზე, არამედ მიწის ნაკვეთის სამშენებლო პირობების დადგენისთვის. თუმცა რა ფართობზეა განაცხადში საუბარი, ვერ აკონკრეტებს. APM-ის ცნობით, კომპანია $250 მილიონის ინვესტირებას და 13-14.5 მეტრის სიღრმის ფარგლებში ახალი ნამვისადგომის მოწყობას გეგმავს. ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის თქმით, უკვე წლებია ფოთის პორტის გაფართოებაზე კეთდება განცხადებები. თუკი კომპანია სახელმწიფოს პორტის გაფართოება-გაღრმავების ნებართვის თხოვნით მიმართავს, ამ საკითხს ყველა შესაბამისი უწყება განიხილავს და გადაწყვეტილება ისე იქნება მიღებული.

სახელმწიფოსა და კონოსრციუმს შორის დადებული შეთანხმება დავის გადაწყვეტისთვის სპეციალურ ვადებს ითვალისწინებს, თუ აღნიშნულ პერიოდში ვერ მოხდა დავის გადაწყვეტა, მაშინ სავარაუდოდ, პროცესი საერთაშორისო არბიტრაჟში გადაინაცვლებს. (https://bit.ly/2OWQkXu) „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“-ს აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ახვლედიანის განცხადებით ხელშეკრულების გაწყვეტით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, რომელიც 115 ათას აშშ დოლარამდეა, კონსორციუმი გადახდას არ აპირებს. კონსორციუმი მზად არის, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი თავისი პოზიციის დასაცავად და მათ შორის მიმართოს საერთაშორისო არბიტრაჟს ჟენევაში.

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის აკაკი საღირაშვილის ინფორმაციით, ამერიკულ კორპორაცია „Trammo“ ბათუმში, ტერმინალის სამშენებლო სამუშაოებს უკვე აწარმოებს. სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა 18 თვეა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმადვე, Trammo საქართველოში 20 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს და ბათუმის პორტში ახალ ტერმინალს ააშენებს, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ბათუმის პორტის გავლით ევროპულ ბაზართან დააკავშირებს. (https://bit.ly/3bHfB1z )

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2HuSaL6; https://bit.ly/2wn2UJ5

7. Frontera-ს დავის ახალი დეტალები

Frontera-ს აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მამულაიშვილის განცხადებით, კომპანია არ უჩივის სახელმწიფოს და არ ედავება 3.5 მილიარდ აშშ დოლარს, აღნიშნული ინფორმაცია “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” 2018 წლის ანგარიშის საფუძველზე გავრცელდა და ის შეცდომაში შემყვანი იყო.

ზაზა მამულაიშვილის განცხადებით - 3.5 მილიარდ აშშ დოლარი არის ის თანხა, რომელიც პოტენციურად შეეძლოთ რომ მიეღოთ, თუ სახელმწიფო ხელს არ შეუშლიდა ოპერაციების გაგრძელებაში და ეს არ არის ის თანხა, ან ის მიუღებელი შემოსავალი, რომელთან დაკავშირებითაც კომპანია ედავება სახელმწიფოს.

Frontera-ში აცხადებენ, რომ საარბიტრაჟო დავაში “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” კომპანიისგან $70-80 მილიონი დოლარის ანაზღაურებას მოითხოვს. სახელმწიფოს უნდა, რომ ვადამდე ადრე შეუწყვიტონ ხელშეკრულება და ასევე კომპანიისგან დაახლოებით $80 მილიონი დოლარის გადახდას ითხოვენ. Frontera-ში მათ მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულება 2013 წლიდან შეიცვალა, რაც მოხდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ აღმოსავლეთ საქართველოში მნიშვნელოვანი მოცულობის ბუნებრივი გაზის მარაგის არსებობის შესახებ დაიწყო განცხადებების კეთება.
ამერიკულ ენერგოკომპანია Frontera-სა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავის იურიდიული მომსახურების შეძენა საქართველოს მთავრობას $7.4 მილიონი დოლარი უჯდება.

ვრცლად Frontera-ს დავის დეტალებზე და ინტერვიუ კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთ ზაზა მამულაიშვილთან https://bit.ly/3bFVNLP

8. 100 წიაღისეულის ათვისების პროექტი

მთავრობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების აუქციონს იწყებს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესს 100 წიაღისეულის ათვისების პროექტი გააცნო. მისი განცხადებით, მთავრობა ბიზნესს სთავაზობს 100 წიაღისეულის ათვისების პროექტს და 100 პარალელურ აუქციონს. მთელი პაკეტის შეთავაზებით საწყისი ღირებულება არის სულ მცირე 82 მილიონი ლარი, ხოლო ინვესტიცია უნდა იყოს სულ მცირე, 120 მილიონი ლარი, ხოლო შეიქმნება მინიმუმ 1500 სამუშაო ადგილი.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2u2pwOh

9. საქართველოს რეგიონული განვითარებისათვის გაწეული ხარჯები

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, რეგიონების განვითარებისათვის გასულ წელს უპრეცენდენტო მასშტაბის სამუშაო ჩატარდა, შედეგეგად 6 774 პროექტი დაფინანსდა რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 402 მილიონი ლარი შეადგინა. რეგიონული პროექტების შესრულებაში 1000-ზე მეტი კომპანია და 15 000 - ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული. მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები მოხდა, კომპანიებისათვის მოთხოვნების გამარტივებასა და პროექტების წინასწარი დაგეგმვაზე, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის ოპტიმიზაცია-სტანდარტიზაციასა და საპროექტო ტენდერების კატეგორიების მიხედვით კონსოლიდაციაზე.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ,,საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება’’ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაგეგმილი აქვს „აზიის განვითარების ბანკიდან (ADB)’’ 2020-2030 წლებში, 362 მილიონი ევროს სესხი მიიღოს, რაც დაიხარჯება ურბანული ინფრასტრუქტურის სრულყოფის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისათვის, საზოგადოებრივი და ტურისტული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. სესხის ხანგრძლივობა - 15 წელი (შეღავათიანი პერიოდი 3 წელი); საპროცენტო განაკვეთის ტიპი - 6 თვიანი EURIBOR-ზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთი.

ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2wdFA0b ; https://bit.ly/38xjt3f

10. „სითი პარკმა“ დავა შეწყვიტა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანია „სითი პარკს“ შორის შეთანხმება შედგა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ „სითი პარკს“ 4 300 000 აშშ დოლარი გადაუხადა, რის სანაცვლოდაც „სითი პარკის“ კუთვნილი მატერიალური აქტივები მიიღო. 2018 წლის 10 აპრილიდან ,,სითი პარკის’’ გასვლის შემდეგ პარკირების სისტემას თბილისის სატრანსპორტო კომპანია მართავს და ამ საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიემართება.

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2007 წელს გაუფორმა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ვადაც 2025 წელს გადიოდა კომპანიის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო თბილისი მერიამ 2018 წლის 10 აპრილს კომპანია „სითი პარკს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2u2Nn0h

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა