მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (13-18.07.2020)

5f145d52d66e5
ირაკლი მაკალათია
19.07.20 18:42
2670
გთავაზობთ მიმდინარე კვირის TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. კომუნიკაციების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო
2. მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება 2021 წლის 1 იანვრამდე მიეცა
3. ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებთან შეთანხმებული “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები კენჭისყრამდე წუთებით ადრე გაიხმო
4. ქართველი ექსპერტები რომლებიც პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებაში არიან ჩართულები
5. ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა
6. საქართველოს ტურიზმის სტატისტიკა ივნისში
7. რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი
8. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები
9. გიორგი შაგიძემ ,,თიბისი ბანკის’’ დირექტორთა საბჭო დატოვა
10. „აჭარა ტექსტილის“ ახალი სამკერვალო საწარმო და ,,ჰუალინგ ჯგუფის’’ 15 მლნ ლარის ინვესტიცია ,,მიჰაუს’’ ასაშენებლად

1. კომუნიკაციების შესახებ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო

პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაამტკიცა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელსაც მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კანონპროექტს მხოლოდ 10 დღის განმავლობაში განიხილავდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა და მას უკვე კანონის ძალა აქვს. კანონის თანახმად, ,,სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ ან ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, ან მომხმარებლების ინტერესს.’’

კომპანია „მაგთიკომის“ დამფუძნებელი, გია ჯოხთაბერიძე მოითხოვდა კანონში განესაზღვრათ დროებით მმართველი დანიშვნის ვადები, მისი ინიციატივით ეს უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 1 წლისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც თავად გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა: დროებით მმართველს შეიძლება გაუტკბეს მმართველობა და არასოდეს გადაწყვიტოს ის საკითხი, რისთვისაც კომპანიაში მივიდა. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მაგალითად მოიყვანა კომპანია „ყაზტრანსგაზი“, სადაც სემეკმა 80 მილიონიანი დავალიანების გამო დანიშნა დროებითი მმართველი, თუმცა 8 წლის შემდეგ არც ვალი შემცირებულა და დროებით მმართველსაც არაფერი გაუკეთებია. ,,კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა კი უპასუხა, რომ დროებითი მმართველის დანიშვნის ვადა მოქმედი მექანიზმია, რომელსაც "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონი არეგულირებს და მოქმედ კანონში არსებულ ჩანაწერზე თავიდან კანონშემოქმედება ვერ დაიწყება.’’

ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/2Be7fRz; https://bit.ly/3jtwJfc; https://bit.ly/2OA24yy

2. მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლება 2021 წლის 1 იანვრამდე მიეცა

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც მხარი პლენარულ სხდომაზე 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ,,საქართველოს მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, საგანგებო მდგომარეობის დროს გათვალისწინებული შეზღუდვების შემოღების უფლება 2021 წლის 1 იანვრამდე მიეცა." აღნიშნული კანონით, მთავრობას უფლება ექნება საჭიროების შემთხვევაში მიიღოს ახალი შეზღუდვები რომლებიც შეეხება: გადაადგილების, საკუთრების, შრომის, პროფესიული, ან ეკონომიკური საქმიანობის უფლებათა მინიმალურ შეზღუდვებს.

ვრცლად აღნიშნული თემის შესახებ: https://bit.ly/3jm5bbg

3. ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებთან შეთანხმებული “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები კენჭისყრამდე წუთებით ადრე გაიხმო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრების პროცედურის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ჯანდაცვის სამინისტრომ კლინიკებთან შეთანხმებული “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები კენჭისყრამდე წუთებით ადრე გაიხმო. კანონპროექტი ეხებოდა კლინიკებისთვის ჯარიმებს, ლიცენზიების სასამართლოსთვის მიმართვის გარეშე შეჩერებას და სხვა რეგულაციებს და რაზეც ჯანდაცვის კომიტეტზე კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის სამინისტროს შორის კონსენსუსი შემდგარი იყო. BMG დაინტერესდა თუ რატომ მოხდა კანონპროექტის უკან გახმობა, რაზეც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ რედაქციული ცვლილებები კომპლექსური იყო, თავიდან გაივლიან და შემდეგ დააყენებენ კენჭისყრაზე. თამარ გაბუნიას აზრით კანონპროექტში ყველაზე საკვანძო საკითხი არის კლინიკებისთვის ლიცენზირების შეჩერების მექანიზმის შემოტანა (ვრცლად ინტერვიუს შესახებ https://bit.ly/2BbSlLB).

ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო დაიხურა. ყოფილ კლინიკაში დასაქმებული 225 ადამიანი, მათ შორის 150 მედიკოსი სამსახურიდან არის დათხოვნილი. მათ ჯანდაცვის სამინისტრო 2-თვიან კომპენსაციას გადაუხდის, რომლის მოცულობა 2-2.5 მილიონი ლარის ფარგლებშია. “უნივერსალური სამედიცინო ცენტრი” ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში იყო, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს გიორგი წოწკოლაურის განცხადებით კლინიკა ფინანსურ კრიზისშიც იყო და მას მედიკოსთა სახელფასო დავალიანებები ჰქონდა. ( https://bit.ly/3eLXN5A)

4. ქართველი ექსპერტები რომლებიც პოსტკრიზისული გეგმის შემუშავებაში არიან ჩართულები

საქართველოს პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში USAID-ის მხარდაჭერით კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე დიდი ოთხეულის წევრი Deloitt-ის კონსულტანტები მუშაობენ. პოსტკიზისულ ეკონომიკურ გეგმის შემუშავებაში ასევე ჩართულები არიან ქართველი ანალიტიკოსები. 19 ეკონომისტისგან შემდგარი გუნდი შემდეგია: 1. გიორგი ცუცქირიძე 2. შოთა გულბანი 3. ვახტანგ ჭარაია 4. იოსებ არჩვაძე 5. ნიკო მჭედლიშვილი 6. ოთარ ანგურიძე 7. ანდრია გვიდიანი 8. ლექსო ალექსიშვილი 9. ოთარ შარიქაძე 10. გიორგი პაპავა 11. ნინო ვახვახიშვილი 12. მერაბ კაკულია 13. გიორგი ფარესიშვილი 14. მერი ჩაჩანიძე 15. გიორგი აბაშიშვილი 16. ანა ბურდული 17. სალომე გელაშვილი 18. დათო ლეჟავა 19. ოთარ ნადარაია. კვლევითი ინსტიტუტის ISET-ის წამყვანმა სპეციალისტმა გიორგი პაპავამ BM.GE-ისთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ისინი თანამშრომლობენ, თუმცა არ მუშაობენ პოსტკრიზისული გეგმის შედგენაზე, ხოლო პროგრამის ფარგლებში დაქირავებული უცხოელი ექსპერტების პრეზენტაციების მოსასმენად იყვნენ მიწვეულნი. შეხვედრის დროს აზრთა გაცვლა მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ხელისუფლებას ეკუთვნის.

ვრცლად თემის შესახებ: https://bit.ly/3jlPz7G; https://bit.ly/2CqD9Lj

5. ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2020 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 169.2 მლნ აშშ დოლარი (514.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 17.8%-ით (25.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მთლიანი გადმორიცხული თანხების ყველაზე დიდი წილი მოდის იტალიასა (15.83%) და საბერძნეთზე (11.76%). უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.5% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 2020 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 21.9 მლნ აშშ დოლარი (66.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2019 წლის ივნისის (17.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 25.4%-ით მეტია.

ვრცლად ფულადი გზავნილების სტატისტიკის შესახებ: https://bit.ly/3hif6NA

6. საქართველოს ტურიზმის სტატისტიკა ივნისში

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, ივნისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 96,7%-ით შემცირდა და მხოლოდ 11.2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ პერიოდში საქართველოს საზღვარი სულ 37 915-მა საერთაშორისო ვიზიტორმა გადმოკვეთა, რაც 95.7%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ვიზიტორებში ჭარბობენ საქართველოს მეზობელი ქვეყნები: თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი. შიდა ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის - „იმოგზაურე საქართველოსთვის“ ფარგლებში, ,,პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას დაავალა, ერთობლივად შეიმუშაონ მექანიზმი დაცულ ტერიტორიებზე შიდა ტურისტული ნაკადების სტიმულირების მიზნით.’’

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რომელთა მთავარი მოთხოვნა იყო საჰაერო საზღვრების გახსნა ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებისთვის და რეგულარული ავიაფრენების დანიშვნა.
სტუდენტებისთვის, რომლებიც გერმანიაში 3 თვიანი სამუშაოს შესრულების მიზნით მიდიოდნენ, მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით დაინიშნება ავიარეისი, რომლითაც სტუდენტები შეძლებენ გადაადგილებას. სპეციალურ რეისს კი ავიაკომპანია "მაი ვეი" 25 ივლისს შეასრულებს.

ვრცლად თემების შესახებ: https://bit.ly/32yWVPe; https://bit.ly/2ZF8VwY; https://bit.ly/3fJfCDM; https://bit.ly/3hjzhdF


7. რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი

საქართველომ სახელმწიფო საზღვარი ევროკავშირის შემდეგ 5 ქვეყანას უპირობოდ გაუხსნა: გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა. საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე ვიზიტორებმა უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია. მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში სახელმწიფო ხარჯით ჩაუტარდებათ PCR ტესტი. თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, თუ 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდათ გადაიყვანენ სამედიცინო დაწესებულებაში.
ელექტრონული ანკეტის შევსების, ტესტირების, კარანტინის გავლის შესახებ მთავრობის 30 კითხვაზე გაცემული
პასუხები შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ სტატიაში: https://bit.ly/32zLBT8

8. შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა შრომის კოდექსში განხორციელებულ ცვლილებებს. ცვლილებას მხარი 86-მა დეპუტატმა დაუჭირა, კანონპროექტის ავტორი დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილია, ხოლო მისი ინიციატორები კი არიან პარლამენტის წევრები ირაკლი კობახიძე, სოფიო კილაძე, დავით მათიკაშვილი, თამარ ჩუგოშვილი, რატი იონათამიშვილი და თამარ ხულორდავა.

კანონპროექტის თანახმად არაანაზღაურებადი შვებულება 6 თვეს არ შეიძლება აღემატებოდეს, ხოლო ზეგანაკვეთი საათობრივი 25%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს. ცვლილებები ასევე ეხება შრომითი ხელშეკრულების დადებასა და მის შინაარს, არასრულ სამუშაო განაკვეთს, მივლინებას, შრომის შინაგანაწესს, ღამით მუშაობის შეზღუდვას, შვებულების ხანგრძლივობასა და შვებულების მიცემის წესს, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უფლება, შრომითი ხელშეკრულების დავებსა და სხვ.
ყველაფერი, რაც შრომის კოდექსში იცვლება შეგიძლიათ ვრცლად გაეცნოთ სტატიაში: https://bit.ly/3hrEvV9

9. გიორგი შაგიძემ ,,თიბისი ბანკის’’ დირექტორთა საბჭო დატოვა

თიბისი ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე ბანკს ტოვებს. გიორგი შაგიძე ასევე იკავებს სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარის პოსტს თიბისი ბანკის უზბეკეთის ფილიალში

ვცრლად თემის შესახებ: https://bit.ly/3h7FJVg

10. „აჭარა ტექსტილის“ ახალი სამკერვალო საწარმო და ,,ჰუალინგ ჯგუფის’’ 15 მლნ ლარის ინვესტიცია ,,მიჰაუს’’ ასაშენებლად

შპს „ქართლი ტექსტილმა“ რუსთავში სამკერვალო საწარმოს მშენებლობისათვის სახელმწიფოსგან მიწა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობა სომბოლურ ფასად 1 ლარად მიიღო, სადაც 20 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული თანხიდან 10 მლნ ლარი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღებული სესხია. პროექტის ფარგლებში დასაქმდება 3 000 ადამიანი, მათ შორის 90% ქალი. „აჭარა ტექსტილს“ უკვე აქვს სამი სამკერვალო ფაბრიკა ბათუმში, ფოთსა და ქობულეთში, სადაც დასაქმებული ჰყავს 3500 ადამიანი.
„ჰუალინგ ჯგუფმა“ საქართველოში ჰიპერმარკეტ „მიჰაუსის“ ასაშენებლად 15 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. 12 000 კვმ. ფართობზე განთავსებულ ჰიპერმარკეტში იყიდება როგორც სოფლიოდან ისე საქართველოდან წარმოდგენილი საშენი მასალები. ჰიპერმარკეტში 150 ადამიანი დასაქმდება. საქართველოში „ჰუალინგ ჯგუფს" მთლიანობაში 600 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

ვრცლად აღნიშნული თემების შესახებ: https://bit.ly/2WA4y4c; https://bit.ly/3heJcRN