მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (17.02-22.02.2020)

5e5270b5e101d
ირაკლი მაკალათია
23.02.20 16:31
2106
1. რეკორდულად დაბალი უმუშევრობის დონე?!
2. მთავრობის 520-ე დადგენილება და "Gnomon Wise"-ს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის კვლევის შედეგები
3. Fitch-ის რეიტინგი და საქართველოს ეკონომიკური კლიმატი
4. ქართული ტელევიზიების დავალიანებები და რეიტინგი სარეკლამო შემოსავლების მიხედვით
5. საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი
6. 1 ლარად გაყიდული 85 მილიონამდე ღრებულების მიწის ნაკვეთი
7. რეკორდულად გაზრდილი საბარათე ოპერაციები
8. საქართველოს ბიზნეს პარტნიორობა ისრაელთან და მალაიზიასთან
9. საქართველოს საგარეო ვაჭრობა - 2020 წლის იანვარი
10. ანაკლიის პორტის ახალი მოთამაშე


1. რეკორდულად დაბალი უმუშევრობის დონე ?!

2019 წლის უმუშევრობის დონემ 11.6% შეადგინა, რაც საქართველოს ისტორიაში რეკორდულად დაბალი მაჩვენებელია. უმუშევრობის დონე გამოითვლება უმუშევართა რაოდენობის შეფარდებით ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობასთან. უმუშევართა რაოდენობის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის შემცირება და უმუშევრების გადასვლა ეკონომიკურად არააქტიურ ნაწილში. დადებითი ტენდენცია იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ უმუშევრობის კლება მოხდება დასაქმების დონის ზრდის გამო, თუმცა 2019 წელს 2018 წელთან შედარებით შემცირდა უმუშევართა რაოდენობა და ამავე დროს შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც. დასაქმებულთა კატეგორიაში აღსანიშნავია, რომ დაქირავებით დასაქმებულები (რომელთაც ოფიციალურად ერიცხებათ ხელფასი) შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა კლება დააკომპენსირა თვითდასაქმებულთა რაოდენობის ზრდამ. შედეგად თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულებში გაიზარდა 49,2%-დან 49,7%-მდე. რეალურად უმუშევრობის დონის კლება მხოლოდ ციფრებში გამოიხატება, ხოლო დამატებითი ეკონომიკური აქტივობის ანალიზის შედეგად უმუშევრობის დონის კლება არც თუ პოზიტიურ მაჩვენებლად გვევლინება და კლება გამოწვეული უფრო მეტად მათემატიკური მოქმედებების შედეგად ვიდრე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით.


ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/32fPGty  ; https://bit.ly/2VkspoZ 

2. მთავრობის 520-ე დადგენილება და "Gnomon Wise"-ის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის კვლევის შედეგები

37-მა სამედიცინო ასოციაციამ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით პრემიერს და მთავრობას წერილით მიმართა. წერილში ნათქვამია, რომ მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, სახელმწიფოს მხრიდან არ მოხდა დარგობრივი ასოციაციების არგუმენტირებული პოზიციის გაზიარება და ყველა მცდელობა სახელმწიფოსთან დიალოგის წარმართვისთვის გამოდგა უშედეგო. აღნიშნული დადგენილების მოქმედება გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს მედიცინის რამდენიმე წამყვან დარგს. წერილში სამედიცინო დაწესებულებები დადგენილების ამოქმედების მინიმუმ 6 თვით გადავადებას და საკითხის ფართო განხილვას ითხოვენ, ასევე, ისეთი ტარიფების მიღებას, რომლებიც რეალურად ასახავს დღევანდელ საფინანსო-ეკონომიკურ პარამეტრებს და საქართველოს ჯანდაცვის სისტემას აარიდებს პაციენტების მომსახურების ხარისხის მკვეთრ გაუარესებას და შესაბამისად, მათი უფლებების დარღვევას.
საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითმა ცენტრმა "Gnomon Wise"-მა საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის შესახებ წარადგინა ანგარიში. კვლევის ერთ-ერთი შედეგია ის, რომ პროვაიდერი კლინიკები სავარაუდოდ, სახელმწიფოსგან მეტი თანხის მიღების მიზნით, პაციენტებს უფრო მეტი დროით აყოვნებდნენ კლინიკებში. დაკვირვების შედეგად გამოვლინდა, რომ კლინიკები საშუალოდ უფრო მეტ ხანს აყოვნებდნენ მათ, ვის მკურნალობასაც სახელმწიფო ფარავდა. კლინიკები მეტი თანხის მისაღებად "საყოველთაოს" პაციენტებს 6.2 საათით მეტხანს, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მშობიარეებს ჰოსპიტალში 9 საათით უფრო მეტხანს აყოვნებდნენ
37 სამედიცინო ასოციაციის წერილი: https://bit.ly/3bYuP2h  ; https://bit.ly/2SS7I1Z  "Gnomon Wise"-ს კვლევის შედეგები:

3. Fitch-ის რეიტინგი და საქართველოს ეკონომიკური კლიმატი

„სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დაადასტურა. სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, საქართველოს სუვერენული რეიტინგი 'BB' კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელთან შედარებით გამყარებულია მაღალი მართველობის ხარისხით, მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი და რეგიონული შოკებისადმი მაკროეკონომიკური მდგრადობით. Fitch აღნიშნავს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არის მყარი, რომლის კაპიტალიზაციაც მაღალია და 2019 წლის მე-4 კვარტალში 19.5% შეადგინა. 2019 წელს ეკონომიკური ზრდა იყო მოსალოდნელზე მაღალი, ხოლო 2020 წლისთვის „Fitch“-ის საპროგნოზო მაჩვენებელი „BB“ კატეგორიის ქვეყნების ბოლო 5 წლის საშუალო ეკონომიკური ზრდის 4.2%-იან მაჩვენებელზე მეტი იქნება.

Fitch-ი ასევე მიუთითებს, რომ მთავრობის დავალიანება 2019 წელს მშპ-ის 40.1%-მდე გაიზარდა, რაც სუსტი ლარის გავლენით არის გამოწვეული. 2020 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო სექტორის საგარეო ვალი $5.67 მილიარდი დოლარია (ვისი ვალი აქვს საქართველოს: https://bit.ly/2vUeECA ).

კვლევითი ორგანიზაცია PMCG-I-ის ეკონომიკური კლიმატის ანგარიშში, რომელიც მომზადდა 40 ექსპერტის მიერ გაკეთებული შეფასებების საფუძველზე, 2020 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში ეკონომიკური კლიმატი მცირედით გაუარესდა. ეკონომისტების მიერ ეკონომიკის წინაშე მდგარ გამოწვევებად სახელდება: 1. მუშახელის კვალიფიკაცია; 2. ინოვაციების ნაკლებობა; 3. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობის ნაკლებობა; 4. პოლიტიკური არასტაბილურობა.

ვრცლად ამ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2T5BD5E ; https://bit.ly/2Pec5SQ

4. ქართული ტელევიზიების დავალიანებები და რეიტინგი სარეკლამო შემოსავლების მიხედვით

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელეკომპანიებს – "მაესტროს", "იმედს" და "რუსთავი 2"-ს 2016-2019 წლებში ჯამში სახელმწიფოს წინაშე 55-მილიონიანი დავალიანება დაუგროვდათ. აქედან: "იმედს" 19 მილიონი ლარი, "მაესტროს" 8 მილიონი ლარი, "რუსთავი 2"-ს კი, 28 მილიონი ლარის დავალიანება აქვს. ტელევიზიებისგან წარმოდგენილია წინადადებები, რომ ისინი არსებული დავალიანებების დაფარვას 5-წლიანი გრაფიკით ითხოვენ და თუ წარმოდგენილ წინადადებებზე იქნება დადებითი პასუხი, ვადის ათვლა დაიწყება საგადასახადო შეთანხმების გაფორმებიდან".

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 2019 წელს 10%-ით შემცირდა და მისმა მოცულობამ 67.97 მილიონი ლარი შეადგინა, კლების ძირითად მიზეზად კი 2019 წლის მეოთხე კვარტალში "რუსთავი 2-ის" სარეკლამო შემოსავლების 27%-იანი შემცირება სახელდება.

2019 წელს სარეკლამო შემოსავლების მიხედვით ტელევიზიების რეიტინგს ლიდერობენ: ტელეიმედი – 26,7 მლნ ლარი; რუსთავი 2 – 22,1 მლნ ლარი; ტელეკომპანია პირველი – 3,8 მლნ ლარი; სილქნეტი - 2,6 მლნ ლარი; მთავარი არხი - 2,5 მლნ ლარი

სრულად ტელევიზიების რეიტინგების შესახებ: https://bit.ly/38QWgsX ; https://bit.ly/2vY12Gk ; https://bit.ly/38SxRDf ; https://bit.ly/37MaXfD  

5. საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი

პრემიერ-მინისტრის ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ჩარჩო აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ჯანსაღი საკანონმდებლო გარემო და განვითარდეს ფასიანი ქაღალდების ბაზარი. აღნიშნული კანონის პროექტი სამი ტიპის ფონდის ჩამოყალიბების შესაძლებლობას იძლევა. .კანონპროექტი საშუალებას იძლევა, ფონდმა საქართველოში დააბანდოს საქართველოს გარეთ მობილიზებული ფინანსური რესურსების და პირიქით, საქართველოში მობილიზებული ფინანსური რესურსების ინვესტირება მოახდინოს საქართველოს ფარგლებს გარეთ.

"საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონის პროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება, მიზნად საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისთვის შესაბამისი წესების დადგენას და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას ისახავს.

Galt&Taggart მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძის შეფასებით საინვესტიციო ფონდების კანონპროექტი ბაზარზე ახალი სტანდარტების დანერგვა ხელს შეუწყობს დამწყებ თუ უკვე კარგად განვითარებულ ბიზნესებს, გრძელვადიანი ინვესტიციების მოძიებას და მოზიდვას - როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/39YsdzO  ; https://bit.ly/2v8Dy1k  

6. 1 ლარად გაყიდული 85 მილიონამდე ღრებულების მიწის ნაკვეთი

„ინტერპრესნიუსის“ მიერ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად 2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად ჯამში 85 მილიონ ლარამდე ღირებულების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაყიდა. „ნენსკრა ჰიდროს” 1 დოლარად გადაეცა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში 97 კვ.მ. და სოფელ ჭუბერში მდებარე 213 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“-ს 1 ლარად გადაეცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, კურორტ ბახმაროში, მდებარე 43 269 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, შპს „ბიგ სერვისი“-ს 1 ლარად გადაეცა ავტომშენებლის ქუჩა N41-ში არსებული 1001522 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ასევე „აწარმოე საქართველოში“ მიერ სხვადასხვა საწარმოს მოწყობის მიზნით 1 ლარად 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონებაა ბიზნესისთვის გადაცემული.

ვრცლად ამ თემაზე სტატია: https://bit.ly/2v8J9Vm  

7. რეკორდულად გაზრდილი საბარათე ოპერაციები

საქართველოში ყოველდღიურად 80 მილიონ ლარზე მეტი საბარათე ოპერაციები სრულდება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთ მოსახლეზე საშუალოდ 1.75 საბანკო ბარათი მოდის. ამ ბარათებით ყოველდღიურად ერთ მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყნის სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში 62 531 პოს-ტერმინალია, რაც 2,8-ჯერ მეტია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით. იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში 2 532 ბანკომატი ფიქსირდება. ხოლო ინტერნეტბანკინგის გამოყენებით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, ყოველდღიურად საშუალოდ 136 105 ტრანზაქცია ხორციელდება, მათი მოცულობა კი თვეში 280.5 მილიონ ლარს შეადგენს. (საბარათე ოპერაციების სტატისტიკა - https://bit.ly/2T3nEx8 ).
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში სულ მიმოქცევაში 6,065,074 სადებეტო და 600,501 საკრედიტო ბარათია. სადებეტო ბარათების 67,1% Mastercard/Maestro-ზე მოდის, VISA-ზე 27,5%; ხოლო სხვა სისტემების სადებეტო ბარათები 5,4%. სადებეტო ბარათების წილები გადახდის სისტემების მიხედვით: Mastercard/Maestro - ბაზრის 67%; VISA - ბაზრის 28%; სხვა სისტემები - ბაზრის 5%. საკრედიტო ბარათების ბაზარი საგადახდო სისტემებს შორის:VISA - ბაზრის 43%; Mastercard/Maestro - ბაზრის 33%; სხვა სისტემები - ბაზრის 24%. ( https://bit.ly/2PiJcET )  

8. საქართველოს ბიზნეს პარტნიორობა ისრაელთან და მალაიზიასთან

საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ორგანიზებით, თბილისს ისრაელიდან 100 იურისტი ეწვია, რომლებიც მსხვილ ბიზნესკომპანიებს წარმოადგენენ. ვიზიტის მიზანი საქართველოს ბიზნესკანონმდებლობის გაცნობა და საქართველოში ინვესტირების მსურველი ისრაელის კომპანიების მომზადებაა. საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, იმისათვის რომ ისრაელის მსხვილმა კომპანიებმა საქართველოში პირდაპირ და შუამავლების გარეშე იმუშაონ, საჭიროა ქართული კანონმდებლობის საფუძვლიანად შესწავლა.

2019 წელს საქართველო - ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტის წილი იმპორტს აღემატებოდა. 2019 წელს ისრაელთან სავაჭრო ბრუნვა 6.8%-ით შემცირდა და 27.9 მლნ დოლარი შეადგინა.

ასევე შეხვედრა გაიმართა საქართველოსა და მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციას შორის. სადაც საუბარი გაიმართა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზე და სტუდენტურ გაცვლით პროგრამებზე. ამავე დროს იგეგმება ერთობლივი ბიზნეს ფორუმების მოწყობა.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/2T3N9OS  ; https://bit.ly/2VeSzcp  ; https://bit.ly/2VaV1AV

9. საქართველოს საგარეო ვაჭრობა - 2020 წლის იანვარი

2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.0%-ით მეტი), ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს (4.0%-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარში, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია. 2020 წლის იანვარში, საქართველოს მთავარი ექსპორტიორი ქვეყნებია: ჩინეთი (16,9%); აზერბაიჯანი (16,7%); რუსეთი (12,7%); ბულგარეთი (9,2%); თურქეთი (7,6%). ექსპორტის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: მსუბუქი ავტომობილები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, ყურძნის ნატურალური ღვინოები. საქართველოს მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია: თურქეთი (15,7%); რუსეთი (11,7%); ჩინეთი (10,5%); აზერბაიჯანი (9,5%); აშშ (5,5%). იმპორტის უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფებია: ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები; ნავთობი და ნავთობპროდუქტები; მსუბუქი ავტომობილები; სპილენძის მადნები და კონცენტრატები; სატელეფონო აპარატები.
საქართველოს წამყვან საექსპორტო პროდუქტს წარმოადგენს ღვინო. თიბისი კაპიტალის მიერ ღვინის სექტორის კვლევაში, ღვინის სექტორი საქართველოში შეფასებულია ფინანსურად ჯანსაღად. საქართველო მსოფლიოში ღვინის მწარმოებელ პირველ 20-ეულში შედის. ასევე, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვა იზრდება. ქართული ღვინის ექსპორტისთვის მიმზიდველი ქვეყნებია: აშშ-ი, გერმანია, ჩინეთი, იაპონია, დიდი ბრიტანეთი, კანადა, პოლონეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი.
ვრცლად ამ თემებზე სტატიები: https://bit.ly/2HNNOio ; https://bit.ly/2Pjaz1w  

10. ანაკლიის პორტის ახალი მოთამაშე

2020 წლის 12 თებერვალს, ჟურნალისტის შეკითხვაზე - ანაკლია პორტის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით „იკვეთება თუ არა ანაკლია პორტის მიმართ ბიზნესმენ თეიმურაზ ქარჩავას ინტერესი“, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქალბატონმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ „თეიმურაზ ქარჩავას ჯგუფი იღებდა მონაწილეობას ინტერესთა გამოხატვაში, რომელიც 2014 წელს იყო გამოცხადებული, თუმცა საბოლოო წინადადება ამ ჯგუფს არ წარუდგენია და საბოლოოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ გახდა გამარჯვებული” თემურ ქარჩავას „ანაკლია ეკო პარკი და პორტის კონსორციუმის“ წარმომადგენელი, ადვოკატი მიხეილ ბუზარიაშვილის განცხადებით თემურ ქარჩავა მის ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ პარტნიორებთან ერთად მზადაა, მონაწილეობა მიიღოს პორტის მშენებლობაში თუ საქართველოს მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული იქნება, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ინვესტორისთვის მისაღები პირობები. ამასთან, მათი უმნიშვნელოვანესი მოთხოვნაა თეიმურაზ ქარჩავას მიმართ სამართლიანობის აღდგენა და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ უკანონოდ წართმეული 2100 ჰა მიწის ნაკვეთის შპს „ანაკლია პორტი“-სთვის დაბრუნება იმ პირობით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე „ანაკლია ეკო პარკი და პორტის“ კონსორციუმის ამერიკელ, ბრიტანელ და ჩინელ წევრებთან ერთად აშენდება ანაკლიის პორტი.

,,საქართველოს მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა, მხარეებს შორის დავა, სავარაუდოდ მარტში საერთაშორისო არბიტრაჟში გაგრძელდება. პარალელურად, მთავრობის წევრები აცხადებენ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენების მიზნით ხელახალ საერთაშორისო ტენდერს გამოაცხადებენ, რისთვისაც მუშაობა უკვე დაწყებულია. ტენდერის გამოცხადების დრო, ჯერჯერობით, უცნობია.’’
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: https://bit.ly/37RaB7p  ; https://bit.ly/38TNpql