მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (20-26.01.2020)

5e2db481e4950
ირაკლი მაკალათია
26.01.20 20:00
2253
1. ,,ანანოვების სასახლის’’ პრივატიზება - კითხვები და პასუხები
2. საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე - შედეგები
3. ეკონომიკური საქმიანობის ონლაინ დარეგისტრირება - სიახლე
4. საქართველოს და Frontera-ს დავა
5. "თიბისი ბანკი’’ უზბეკეთში შედის
6. დერივატივების შესახებ კანონი
7. კორუფციის აღქმის ინდექსი და დემოკრატიის ხარისხი საქართველოში - ახალი შედეგები
8. საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები - რეკორდი ღვინის ექსპორტში
9. წერილები სტრატეგიული პარტნიორებისგან - წუხილი საქართველოზე
10. სათამაშოების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა იწყება.


1. ,,ანანოვების სასახლის’’ პრივატიზება - კითხვები და პასუხები

ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ საჯარო ელექტრონულ აუქციონზე ბაღდათში, სოფელ ვარციხეში ანანოვების ყოფილი სასახლე გაიყიდა. საპრივატიზებო ქონება 77 500 კვადრტულ მეტრ მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ ისტორიული მნიშვნელობის ანანოვების სასახლეს მოიცავდა.
მოვლენების განვითარების დინამიკას კი, ასეთი სახე ჰქონდა. აუქციონი გამოცხადდა 2019 წლის 31 დეკემბერს, აუქციონზე მონაწილეობა ერთადერთმა კომპანია შპს "ინვესტ ჯგუფმა" მიიღო, რომელიც, ასევე 2019 წლის 31 დეკემბერს დაფუძნდა. მოულოდნელი არ იქნება, ის ინფორმაცია, რომ აუქციონი შპს "ინვესტ ჯგუფის" გამარჯვებით დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 1 370 000 ლარად იყო შეფასებული, რომელიც 5 ათასით ძვირად, პირველივე ბიჯით, 1 375 000 ლარად შეიძინა აღნიშნულმა კომპანიამ.

თუ რატომ არ მოხდა აუქციონზე სხვა სუბიექტების მონაწილეობა, რატომ გაიყიდა ასეთ დაბალ ფასად, ვინ არიან კომპანიის მეწილეები და სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები BMG-ის „ანალიტიკიდან“ შეგიძლიათ.

მაშინ როცა სახელმწიფო არის ქვეყნის აქტივების მთავარი მესაკუთრე, როცა ძალაუფლება და ქონება მის ხელშია, როცა მთავრობის ზომა არის დიდი და მოიცავს ეკონომიკის დარგებსა და საზოგადო ცხოვრების მრავალ სფეროს, ცხადია იზრდება მსგავსი გაუმჭირვალე პროცესების, კორუფციის, ნეპოტიზმისა და სხვა ნეგატიური მოვლენების რისკები.

2. საქართველო დავოსის ეკონომიკური ფორუმზე - შედეგები

21-24 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში საიუბილეო 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. ეს არის ღონისძიება სადაც ყოველ წელს ტრადიციულად მსოფლიო ქვეყნების მთავარი ფიგურები, უმსხვილესი ბიზნესების წარმომადგენლები, მსოფლიოში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იკრიბებიან. ფორუმის მონაწილეების მთავარი განხილვის საკითხი ეკონომიკური თემებია. საქართველოს მთავრობის დელეგაციას, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით წარმოადგენდნენ: ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი და მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა იმ კომპანიებთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ბიზნესი წარმოებით, ასევე ისეთ კომპანიებთან, რომელთა საქართველოში შემოსვლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს კომპანიებთან, მათ შორისაა Philips Lighting, Siemens Energy, Camille Bloch, Coca-cola, Oneweb და სხვა. citi bank-ის წარმომადგენლებთან ქართულმა დელეგაციამ იმსჯელა საქართველოს ფინანსური სექტორის მდგრადობისა და მისი შემდგომი განვითარების შესახებ. შეხვდნენ შვეიცარული შოკოლადის მწარმოებელ chamille bloch-ს, რომელსაც უკვე შერჩეული აქვს საქართველოში 650 ჰექტარი მიწა და რომელზეც თხილის პლანტაციების პროექტს განახორციელებს. დავოსში ასევე შეხვედრა შედგა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის, სადაც ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებზე. ,საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე დაესწრო პრეზენტაციას - Cool Kids on Blockchain, რომელზეც წამყვანი შვეიცარული ე.წ. ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) ფონდის ინკუბატორის კონკურსის გამარჯვებულმა ქართულმა სტარტაპმა Vault Wines-ი ქართული ინოვაცია წარადგინა. ცხადია, მსგავსი მაღალი დონის შეხვედრები პოზიტიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე, ეკონომიკურად კი დეტალური შეფასებაა საჭირო თუ რა შედეგებით სრულდება საქართველოსთვის მსგავსი შეხვედრები, რამდენად ეფექტიანად ვიყენებთ მოცემულ შესაძლებლობებს, რა ბიზნეს მოვლენებს ეყრება საფუძველი მსგავსი შეხვედრების შედეგად.

3. სიახლე - ეკონომიკური საქმიანობის ონლაინ დარეგისტრირება

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ახალი სერვისი, ბიზნესის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისი დააამატა. www.my.gov.ge პორტალზე მეწარმეებს უკვე ონლაინ შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაცია. ეკონომიკური საქმიანობის რეესტრის მომსახურების მისაღებად პორტალზე ავტორიზაცია და ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა საჭირო.

ცხადია, მსგავსი გამარტივებული პროცედურები და ონლაინ მომსახურების სერვისების დანერგვა დამატებითი კომფორტია ბიზნეს სუბიექტებისათვის. ახალი დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს და აწარმოებენ მეტ ეკონომიკურ დოვლათს. ბიზნესის დაწყების პროცედურული გამარტივება თავის მხრივ დადებითად აისახება საქართველოს ბიზნეს რეიტინგებზეც. ,,Doing Business’’ რეიტინგის მიხედვით, ბიზნესის დაწყებაში (Starting a Business) საქართველო მსოფლიო რეიტინგში მეორე ქვეყანაა, რაც წარმოუდგენლად კარგი შედეგია, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებლის ქულას განსაზღვრავს: რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები, დრო, ღირებულება. ონლაინ რეგისტრაციაც დამატებითი ქულებია რეიტინგში საქართველოს პოზიციების გასამყარებლად. ,,Doing Business’’-ის მაჩვენებელში არ არის გათვალისწინებული ის, თუ რა კაპიტალით იწყებს ბიზნესს და როგორია მისი კაპიტალის ღირებულება, დაწყების შემდეგ რამდენია ამ კომპანიის სიცოცხლისუნარიანობა, რამდენად წარმატებული ხდება მისი ბიზნესი მომავალში, რამდენად მომგებიანი ბიზნესია, რამდენად კონკურენტული ბაზარია და სხვ. აქედან გამომდინარე, ვიღებთ ასეთ სურათს, რომ საქართველოში ბიზნესის დაწყება მარტივი, რაც განსაზღვრავს კიდეც ჩვენს მაღალ რეიტინგს საერთაშორისო დონეზე, სამაგიეროდ მცირე კაპიტალის; არსებული კაპიტალის დაბალი ღირებულების; არაკონკურენტული ბაზრის; ქვეყნის დაბალი ეკონომიკური განვითარების, რაც შეზღუდულ შესაძლებლობებს აძლევს კომპანიებს და სხვა რიგი ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემებისა ამცირებს დარეგისტრირებული ბიზნესის წარმატებით გაგრძელების შესაძლებლობასა და მისგან ეკონომიკური დოვლათის მიღებას. 2020 წლის 1 იანვრის მონაცემებით, რეგისტრირებული იყო 765 721 ეკონომიკური სუბიექტი, ხოლო მათგან ეკონომიკურად აქტიური იყო - 180 171. ანუ რეგისტრირებული სუბიექტების მხოლოდ 23,5%-ია აქტიური. თავად აქტიურ 180 171 ეკონომიკური სუბიექტში, ინდ. მეწარმეების წილი შეადგენს 52,4%-ს, ხოლო შპს-ები წილი 42,6%-ია.

4. საქართველოს და Frontera-ს დავა

ამერიკული ენერგოკომპანია Frontera საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან (GOGC) კომპენსაციის სახით 3.5 მილიარდ აშშ დოლარს ითხოვს. დავა ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს, თავად საქმის განმხილველი არბიტრები კი ორივე მხარის მიერ არის შერჩეული. Frontera საქართველოში 1997 წელს შემოვიდა. კომპანიის საქმიანობის სფეროა ნავთობის და ბუნებრივი აირის ძიება, მოპოვება.

,,ფრონტერა’’-ს უკავშირდება ბევრი სპეკულაციური განცხადება, რომ მათ დიდი მოცულობის საბადოები აღმოაჩინეს. ყველაზე ხმაურიანი კი იყო ის, რომ სამხრეთ კახეთის რეგიონში არსებული ბუნებრივი აირის მარაგები შესაძლოა 5.3 ტრილიონ კუბურ მეტრს შეადგენდეს და რომ საქართველოს ფიქლის ბუნებრივი აირის მოპოვებით ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და ექსპორტიორად გახდომა შეეძლო. ამ განცხადებამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 17%-ით ზრდა გამოიწვია, თუმცა მალევე ცხადი გახდა რომ კომპანიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

2019 წლის იანვარში „ფრონტერა“ ლონდონის საფონდო ბირჟის ალტერნატიული საინვესტიციო ბაზრიდან მოიხსნა, რისი მიზეზიც საფონდო ბირჟაზე Frontera-ს დანიშნული მრჩევლის, კომპანია Cairn Financial Advisors პოზიციიდან გადადგომა წარმოადგენდა, ხოლო ასეთი მრჩევლის არსებობას კი, თავად აღნიშნული ბირჟის მოთხოვნა წარმოადგენდა. როგორც შემდგომ გაირკვა, Cairn Financial Advisors-მა გადადგომის მიზეზი კომპანიის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებებში სოლიდური ზარალი იყო.

“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” და “საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ” Frontera-ს მიერ საქართველოს წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დარღვევის გამო საარბიტრაჟო დავა დაიწყეს. ამ დარღვევებს შორის ყველაზე გამოკვეთილია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საკონტრაქტო ტერიტორიის უდიდესი ნაწილის - 99%-ის დაუბრუნებლობა, რა ვალდებულებაც ,,ფრონტერას’’ 2017 წლის ნოემბერში დაუდგა, ასევე დარღვევა ეხება პროდუქციის განაწილებას.

თუმცა, “ფრონტერამ” ქართული მხარის წინააღმდეგ საპასუხო საარბიტრაჟო დავა წამოიწყო და მიუღებელი მოგების ანაზღაურება მოითხოვა, თუმცა ნავთობისა და გაზის კორპორაციის მრჩევლის, ვაჟა ხიდაშელის განცხადებით. მოგვიანებით "ფრონტერამ" საარბიტრაჟო სასამართლოდან გამოიხმო თავისი სასარჩელო მოთხოვნები.
ამ დროოსთვის კი, „ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას“ 84 თანამშრომელი 11 თვის სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვს. ყველაფერი დავის შესახებ.

5. ,,თიბისი ბანკი’’ უზბეკეთში შედის

„თიბისი ბანკმა“ უზბეკეთში შედის, სადაც ახალი თაობის, ციფრულ სერვისებზე დაფუძნებული კომერციული ბანკი უნდა შექმნას. უზბეკეთის ცენტრალური ბანკის ზედამხედველობის კომიტეტმა 20 იანვარს, "თიბისი ბანკზე" ტაშკენტში ბანკის გახსნის წინასწარი უფლება გასცა. ბანკის შექმნის წინასწარ ნებართვას 6 თვის ვადით მიიღებენ, ხოლო ამ პერიოდში საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად ვალდებულნი იქნებიან შექმნან ბანკის ფუნციონირებისათვის საჭირო კაპიტალი. ახალი ბანკი თავდაპირველად საცალო დაკრედიტებაზე იქნება ორიენტირებული, ხოლო შემდეგ ეტაპობრივად გადავა მცირე და საშუალო ბიზნესის მომსახურებაზე.
მიზეზი რატომაც "თიბისი ბანკი" უზბეკეთში შედის, არის ის, რომ უზბეკეთი ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი და მზარდი ქვეყანაა, 32.3 მილიონი მაცხოვრებლით უზბეკეთი დიდ ბაზარს წარმოადგენს, ასევე ქვეყანა საბანკო პროდუქტებით არ არის ჯერ გაჯერებული და რაც მთავარია, უზბეკეთი იმყოფება რეფორმების ახალ გზაზე და დაინტერესებულია ქვეყანაში სიახლეების დანერგვით.

აქვე შეგახსენებ, რომ თიბისი ბანკმა მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემებისგან ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა. საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მა კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.


6. დერივატივების შესახებ კანონი

,,საქართველოს პარლამენტმა ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა’’. დერივატივი ეს არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობითაც, გარიგებაში მონაწილე მხარეებს ენიჭებათ გარკვეული უფლებები, რომელთა მიხედვითაც ერთი მხარე ვალდებულია მიაწოდოს მომავალში მეორე მხარეს გარკვეული აქტივი. მისი გამოყენება, გარიგებაში ჩართულ მხარეებს ფინანსური რესურსებისა და მასთან დაკავშირებული რისკების უკეთ მართვის შესაძლებლობას მისცემს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, „დერივატივების შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ფინანსური და კაპიტალის ბაზრების განვითარებას. "საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის სულხან გვალია აცხადებს, რომ ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ კანონი ხელს შეუწყობს საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას და ბაზრის მონაწილეთა ცნობადობის ამაღლებას საბაზრო რისკების მართვის კუთხით. "თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილის გიორგი შაგიძის განცხადებით კი, დერივატივების კანონი არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული საბანკო სისტემისთვის”. განცხადებებიდანაც ჩანს, რომ აღნიშნულ კანონს დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რაც ფინანსურ სექტორში წინ გადადგმული ნაბიჯია, ბაზრის მონაწილეებს გაუმარტივებს უცხოეთიდან რესურსების მოზიდვასა და მათ ფინანსური რისკების შემცირების შესაძლებლობას მისცემს, რაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მაღალია ვალუტის კურსის მერყეობის გამო და არამხოლოდ ვალუტის კურსის მერყეობის, ზოგადად წინასწარი გარიგებები და რისკების გათვალისწინება გარიგებაში ჩართულ მხარეებს ფინანსური სტაბილიზაციის მნიშვნელოვან გარანტიებს მისცემს.

7. კორუფციის აღქმის ინდექსი და დემოკრატიის ხარისხი საქართველოში

„კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2019 წლის ანგარიშში, რომელიც 180 ქვეყანას მოიცავს, საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილს იკავებს. საქართველოს შედეგი მცირედით, 2 ქულით გაუარესდა გასულ წელთან შედარებით. ლიდერი ქვეყნები არიან: დანია (87ქულა), ახალიზელანდია (87 ქ.), ფინეთი (86 ქ.), სინგაპური (85 ქ.), შვედეთი (85 ქ.), შვეიცარია (85 ქ.), ნორვეგია (84 ქ.), ნიდერლანდები (82 ქ.), გერმანია (80 ქ.), ლუქსემბურგი (80 ქ.).
რაც შეეხება რეგიონს, საქართველო დიდი უპირატესობით უსწრებს მის მეზობელ ქვეყნებს:

44. საქართველო 56 ქულა;
77. სომხეთი - 42 ქულა;
91. თურქეთი - 39 ქულა;
126. აზერბაიჯანი - 30 ქულა;
137. რუსეთი - 28 ქულა.

რეიტინგში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა - ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს.

ცხადია, კორუფციის მაღალი დონე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უშლის ხელს. კორუფციის მაღალი დონე ნიშნავს, რომ სახელმწიფო სექტორი ვერ მუშაობს ეფექტიანად, მის საკუთრებაში არსებულ უზარმაზარ რესურს ფლანგავს და მისგან საზოგადოება ვერ იღებს ეკონომიკურ სიკეთეს. მეორე მხრივ, კორუფციის მაღალი აღქმა კი, იწვევს მოსახლეობის ნეგატიურ განწყობას და არამდგრად პოლიტიკურ მდგომარეობას ქვეყანაში. კორუფციის ინდექსის კვალდაკვალ გამოქვეყნდა The Economist Intelligence Unit-ის დემოკრატიის ინდექსი. ინდექსი 0-დან 10-მდე ბალით ფასდება, სადაც საქართველოს წინა წელთან შედარებით 0,08 ქულით ნაკლები, 5.42 ქულა აქვს და რეიტინგში 89-ე ადგილზეა. საქართველომ ინდექსში ქულების კლება 2016 წლიდან დაიწყო და შედეგად 5.93-დან 5.42-მდე შემცირდა.

რაც შეეხება საქართველოს და რეგიონის ქვეყნებს, პირველ ადგილზეა სომხეთი, რომელმაც წინა წელთან შედარებით ერთბაშად 17 პოზიციით წინ წაიწია.

86. სომხეთი - 5.54 ქულა
89. საქართველო - 5.42 ქულა
110. თურქეთი - 4.09 ქულა
134. რუსეთი - 3.11 ქულა
147. აზერბაიჯანი - 2.75 ქულა

8. საქართველოს ექსპორტის მაჩვენებლები - რეკორდი ღვინის ექსპორტში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით: ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს 800-ზე მეტი ქართული კომპანია ახორციელებს. მისი განცხადებით - ,,ბოლო მონაცემებით, ქართული ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში 13 პროცენტით არის გაზრდილი, ხოლო 2014 წლიდან, როდესაც გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ჯამურად ქართული ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 44 პროცენტით გაიზარდა.’’

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში ექსპორტის აბსოლუტური მონაცემები იზრდება, მთლიანი ექსპორტის ზრდის კვალობაზე, ევროკავშირში განხორციელებული ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში მცირდება, სამაგიეროდ იზრდება დსთ-ის ქვეყნებში. გამოდის, რომ ექსპორტის მთლიანი მაჩვენებლის ზრდის გათვალისწინებით, დსთ-ს ქვეყნებში უფრო სწრაფი ტემპით იზრდება ექსპორტი ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში.



2019 წლის განმავლობაში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილები იყო. გასული წლის განმავლობაში ექსპორტირებული ავტომობილების ღირებულება $680 მილიონს აღემატება. 2019 წელს საქართველოდან 7 505 ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპორტი განხორციელდა, რაც 3.1ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ყველაზე მეტი ავტომობილის ექსპორტი სომხეთში განხორციელდა , ხოლო მეორე-მესამე ადგილზე, აზერბაიჯანი და ყირგიზეთია.

რეკორდი დაფიქსირდა ღვინის ექსპორტში. 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75ლ) ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს.2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.

2019 წელს საქართველოდან ექსპორტზე 10.7 მლნ დოლარის ღირებულების 5 373 ტონა სუნელ-სანელებლები გავიდა, ძირითადი საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: ჩინეთი, უკრაინა, ფილიპინები, ვიეტნამი, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი, ლიეტუვა, ბელარუსი.

9. წერილები სტრატეგიული პარტნიორებისგან და წუხილი საქართველოზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებით ახალი ტენდერი მალე გამოცხადდება. ტენდერი იქნება გამჭვირვალე და იმედს გამოთქვამს, რომ გამოჩნდება კომპანია რომელიც შეძლებს პროექტის შესრულებას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმისაგან’’ პირგასამტეხლოსთან ერთად, იმ მიწების დაბრუნებასაც მოითხოვს, რომელიც მთავრობამ ანაკლიის პორტის პროექტის განვითარების პროცესში გამოისყიდა. მიწების ჯამური ღირებულება 60 მლნ ლარამდეა. ხოლო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, კონსორციუმს მიწები ისედაც აღნაგობის ხელშეკრულებით ჰქონდა გადაცემული და ეს მიწები ისედაც სახელმწიფოს საკუთრებაა.
აქვე, ყურადსაღები იყო კონგრესის წევრების მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის მისამართით გამოგზავნილი წერილი, სადაც ერთ-ერთ საკითხად შეშფოთებას გამოთქვამენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზებასა და მისი შეჩერებაზე. წერილს ხელს აწერენ: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე ელიოტ ენგელი, კონგრესმენები ადამ კინზინგერი, ჯერალდინ კონოლი და მაიკლ მაკკოლი. ცხადია, პორტის მშენებლობის შეჩერება ნიშნავს, რომ ქვეყანა კარგავს დიდი ეკონომიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს რაც პორტის ფუნქციონირება მოუტანდა, დამატებითი ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გაჩენას ქვეყანაში. მსგავსი პროცესები ნეგატიური გზავნილია უცხოელი მოქმედი თუ პოტენციური ინვესტორებისათვისაც, რომლებიც არასტაბილურ ბიზნეს გარემოს ხედავენ ქვეყანაში. გარდა ეკონომიკური სიკეთისა, პორტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანდა ქვეყნის უსაფრთხო გარემოს გაუმჯობესებაში. როცა სატრანზიტო პროცესებში ჩართულია უცხოური კაპიტალის მქონე მსხვილი კომპანიები, მათ ინტერესებშია, რომ საკუთარმა ტვირთმა მშვიდობიანად გაიაროს ქვეყნის ტერიტორია და ზარალის გარეშე ჩააღწიოს დანიშნულების ადგილზე, რაც იმის გარანტიაა, რომ დაიცვას სავაჭრო დერეფანი, ეს კი თავის მხრივ დადებითად აისახება საქართველოს უსაფრთხოებაზეც.

კონგრესმენები გარდა ანაკლიის თემისა, ქვეყნის სხვა დემოკრატიულ მიმართულებებზეც აკეთებენ აქცენტებს:

• მხარს უჭერენ საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისკენ და დასავლეთში ინტეგრაციისკენ, თუმცა შეშფოთებას გამოთქვამენ რომ საქართველოს მხრიდან უარი ეთქვა დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელდა ძალადობა.
• 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებისკენ და თხოვენ შიდა და გარე ჩარევისგან დაცვას.
• შეშფოთება გამოთქვეს ფეისბუქის მიერ „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ფეისბუქ ანგარიშების ფართო ქსელის დახურვაზე, რომლებიც ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ შეხედულებებს
• ასევე წუხილი გამოთქვეს „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორების მიერ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ ძველ საქმეების კვლავ აღძვრის შესახებ
• მთავრობას მოუწოდეს კანონის უზენაესობის დაცვა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება
• გამოთქვეს წუხილი, რომ იმედის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე აშშ-ში
• ეკონომიკის მიმართულებით კი განაცხადეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება საქართველოში და ამ ფონზე ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა შევიწროება განიცადეს,რის გამოც ბევრმა გადასინჯა საკუთარი ბიზნეს ინტერესები
• ანაკლიის პროექტი, რომელიც ამერიკის მიერ იყო მხარდაჭერილი პოლიტიკურ სამიზნედ იქცა, ხელი შეეშალა პროექტში ამერიკული კომპანიების მიერ ინვესტიციების ჩადებას
• საქართველოს აქვს შესაძლებლობა იყოს მნიშვნელოვანი ჰაბი აშშ და ევროპიდან ცენტრალური აზიისკენ და პირიქით მიმავალი სასაქონლო ტვირთებისთვის
• პროექტის შეჩერებამ გააუარესა ბიზნეს გარემო, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის ამერიკულ ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში, მსგავსი ნაბიჯები კი აძლიერებს ვლადიმერ პუტინის გავლენას რეგიონში
• წერილის ბოლოს წერილი ოპტიმიზმით სრულდება და იმედს გამოთქვამენ, რომ საქართველოში დემოკრატია გაძლიერდება. საქართველოს მთავრობა იმუშავებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და გაიზარდოს ეკონომიკური კეთილდღეობა ქვეყანაში.
ვრცლად ამ თემაზე სტატიები: 1, 2,

10. სათამაშოების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა იწყება

არ ვიცი, რამდენად „გაიცინებენ თოჯინები“, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრო ბაზარზე სათამაშოების ზედამხედველობას იწყებს, რომელიც ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად მომზადდა და 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ სათამაშოებზე ვრცელდება. ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს სათამაშოს უსაფრთხოების შემოწმებას ბაზარზე განთავსებამდე. ზედამხედველობა განხორციელდება დოკუმენტური, ასევე ვიზუალური და ლაბორატორიული შემოწმების გზით. სათამაშოების მექანიკური და ქიმიური შემოწმებისთვის შესაბამისი ლაბორატორიები არ არსებობს საქართველოში და ნიმუშების გაგზავნა სააგენტოს მოუწევს უცხოეთის აკრედიტებულ ლაბორატორიებში რაც მონიტორინგის პროცესს აფერხებს და ბიზნესზე უარყოფითად იმოქმედებს. დოკუმენტაციის წარდგენა გახდება საჭირო მეორად სათამაშოებზეც, რომელსაც თანდართული უნდა ჰქონდეს სათანადო დოკუმენტაცია. ბიზნესს მიეცა ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი, რომ მოემზადოს რეგულაციებისთვის. გარდა მონიტორინგისა, პრობლემები იქნება მეორადი სათამაშოების ბაზარზე, სადაც შეიძლება ხარისხიანი სათამაშოებიც შეიზღუდოს, ის პროდუქცია რომელსაც რეგულაცია გავლილი აქვს უცხოეთის ბაზარზე, საქართველოში შეიძლება შეიზღუდოს და ამის შემდეგ, რამდენად მოსალოდნელია ბაზარზე სათამაშოების ბაზრის შემცირება და პროდუქციის გაძვირება?! სანამ გავიხსენებთ თუ რა არ ჰქონდა რევოლუციამდელ ბავშვს, დეტალური ანალიზის და აღნიშნული კანონპროექტის წინაშე დასმულ შეკითხვებს შეგიძლიათ გაეცნოთ BMG-ის აღნიშნულ სტატიაში.
ვრცლად ამ კანონპროექტის შესახებ.