მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა (31.08-05.09.2020)

5f54af6edf7ef
ირაკლი მაკალათია
06.09.20 13:45
2480
1. ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა;
2. აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.8%შეადგინა;
3. ბიზნეს სექტორის 2020 წლის II კვარტლის საქმიანობის შედეგები;
4. ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალი სამთავრობო პაკეტი და სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირება;
5. როგორია საგარეო ვალის გადმორიცხვის ტემპი და როგორია საქართველოს საგარეო ვალის სტრუქტურა;
6. 120 მილიონი ევროს სესხი მიწისქვეშა გაზსაცავის ნაცვლად, COVID 19-ის კრიზისზე დაიხარჯება;
7. რა შედეგები აქვს პროგრამას "იმუშავე საქართველოდან";
8. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 20.4 მლნ-ით გაიზარდა;
9. თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა;
10. საპენსიო სააგენტოს დირექტორობა 88 პირს უნდა - განაცხადების მიღება დასრულდა.


1. ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა

2020 წლის ივლისში საქართველოს ეკონომიკ 5.5%-ით შემცირდა. 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8%-ია. პირველ კვარტალში ეკონომიკა 2.2%-ით გაიზარდა, ხოლო მეორე კვარტალში 12.6%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა ყველა დარგში კლების ტენდენცია დაფიქსირდა. ივლისში 3 935 ერთეული ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.2%-ით ნაკლებია. დარეგისტრირების მაჩვენებელის ყველა დიდი კლება აპრილში დაფიქსირდა, როცა ის 32.8%-ით შემცირდა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ შეანელებდნენ ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელს, თუმცა ცალსახაა, რომ წლევანდელი წელი კლებით დასრულდება. მინისტრის თქმითვე, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ნაკლებად დაეცეს ეკონომიკა, ვიდრე ეს მოსალოდნელია.

ვრცლად სტატიები: https://bit.ly/3lUyhjB ; https://bit.ly/2F47lNo ; https://bit.ly/2GwB5Dg  

2. აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო

2020 წლის აგვისტოში წლიური ინფლაციის დონემ 4.8% შეადგინა. წინა თვესთან შედარებით ფასების საშუალო დონე თითქმის უცვლელია და მან -0.02% შეადგინა. საბაზო ინფლაციამ 2020 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.7% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 5.2% . აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად ფასები გაზრდილია ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის ჯგუფში (9.7%) და სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში (9.2%); შემდეგ მოდის ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 8.9%; ხოლო ჯანდაცვის ჯგუფში 6.3% ინფლაცია დაფიქსირდა. დეფლაციის ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფში, სადაც ფასები 8,9%-ით შემცირდა, თუმცა ეს ძირითადად პანდემიის დროს საწვავზე ფასების კლებით არის გამოწვეული, ხოლო აგვისტოში წინა თვესთან შედარები, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები 1.1%-ით გაიზარდა.

ვრცლად სტატიები: https://bit.ly/35kEbon ; https://bit.ly/3bs2uSh ; https://bit.ly/3jPi0KY

3. ბიზნეს სექტორის 2020 წლის II კვარტლის საქმიანობის შედეგები

2020 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 11.5%-ით შემცირდა და 22.3 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვება შემცირდა 18.3%-ით, კლების ტენდენციით ხასიათდება საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვები, რომელიც წინა წლის II კვარტალთან შედარებით 16.2%-ით შემცირდა.

2020 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 631.8 ათას კაცს შეადგენდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.1%-ით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.4% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.5% - საშუალოზე, ხოლო მცირე ბიზნესი დარჩენილ 36.1%-ს ასაქმებს. ყველაზე მაღალი საშუალოთვიური ხელფასი საშუალო ბიზნესშია, ხოლო ყველაზე დაბალი მცირე ბიზნესში. ⦁ მსხვილი ბიზნესი – 1 204.1 ლარი ⦁ საშუალო ბიზნესი – 1 289.9 ლარი ⦁ მცირე ბიზნესი – 1 055.2 ლარი. ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი დასაქმებულია (26.8%) საბითუმო და საცალო ვაჭრობაში; ხოლო ყველაზე ნაკლები განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებში (4.8%).

ვრცლად სტატიები: https://bit.ly/3lWQHjp ; https://bit.ly/3i4Vdu4  

4. ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალი სამთავრობო პაკეტი და სასტუმროების სესხის პროცენტის სუბსიდირება
მთავრობამ ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომლის ძირითადი ნაწილი სასტუმროების დახმარებისკენაა მიმართული, შედეგად, მთავრობა სასტუმროებს სესხის პროცენტის ნაწილს 1 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებს პროექტი „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 1 თვიანი პერიოდში პროგრამაში ჩართვა იმ კომპანიებსაც შეეძლებათ, რომლებიც აქამდე არ სარგებლობდნენ აღნიშნული პროგრამით. როგორც მთავრობის წევრებმა განაცხადეს, პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა ტურიზმის სფერო, ხოლო განსაკუთრებულ მხარდაჭერას საჭიროებს სასტუმროების სეგმენტი. BM.GE-ს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, ,,2020 წელს საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის ორი ეტაპი გამოცხადდა. პირველი ნაკადით - თანადაფინანსებით 612-მა, ხოლო მეორე ნაკადზე 295-მა ბიზნეს სუბიექტმა ისარგებლა. თანადაფინანსების თანხამ კი ჯამში 10.7 მლნ ლარი შეადგინა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კარატნინის ზონების მოსაწყობად სასტუმროების დაქირავებაზე დამატებით 21 მილიონი ლარს დახარჯავს, მომსახურების შესყიდვა კი გამარტივებული წესით მოხდება.

ვრცლად სტატიები: https://bit.ly/2FcWDnv ; https://bit.ly/3lV1RFt ; https://bit.ly/2F5Xqad  

5. როგორია საგარეო ვალის გადმორიცხვის ტემპი და როგორია საქართველოს საგარეო ვალის სტრუქტურა

2020 წელს საქართველოს მთავრობა ჯამში სარეკორდული მოცულობის საგარეო ვალს აიღებს, რომელიც 7 მილიარდი ლარს შეადგენს, რაც მშპ-ის 54.4% იქნება. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის თანახმად, ამ დრომდე ქვეყანამ 2.64 მილიარდი ლარის ოდენობის საგარეო ვალი მიიღო. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ხელშეკრულებების 80% ხელმოწერილია და თანხების ჩამორიცხვას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ფინანსური რესურსის ნაწილს, სავარაუდოდ, წელს სრულად არ აითვისებენ და შემდეგი წლის ბიუჯეტში დაახლოებით, 2 მლრდ ლარი გადავა.

ვრცლად საგარეო ვალის სტრუქტურის შესახებ: https://bit.ly/3lOKarf  ვრცლად აღნიშნულ თემაზე სტატია: https://bit.ly/3ifJHvK  

6. 120 მილიონი ევროს სესხი მიწისქვეშა გაზსაცავის ნაცვლად, COVID 19-ის კრიზისზე დაიხარჯება
ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ 2018 წელს საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, გერმანიის განვითარების ბანკი (KFW) 150 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფდა საქართველოს მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტის განხორციელებისათვის. თუმცა COVID-19-ის გამო ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდგომ, მთავრობას და KFW-ს შორის ხელშეკრულების მიზნობრიობა შეიცვალა და 150 მილიონი ევროდან 120 მილიონი ევრო COVID-19-ის კრიზისისის გადასალახად დაიხარჯება. მიზნობრიობა შეეცვალა “ბათუმის კომუნალური წყლის” განვითარების პროექტსაც, რომლისთვისაც გამოყოფილი 60 მილიონი ევრო კრიზისის დასაძლევად დაიხარჯება.

ვრცლად https://bit.ly/32Wp2Xm  

7. რა შედეგები აქვს პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“?

საქართველოს მთავრობის ახალი პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში საქართველოში ჩამოსვლისა და დისტანციურად მუშაობის სურვილი 40-მდე ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქემ გამოხატა, რომლებმაც პროექტში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია გაირეს. ,,მიღებული აპლიკაციების 56% - „თვითდასაქმებული,“ 23% - სრულ განაკვეთზე დასაქმებული, ხოლო 21% - მეწარმეა.’’ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში საქართველოში მაღალ მხარჯველუნარიანი ტურისტები შემოვლენ, რომლებიც დიდი პერიოდით დარჩებიან ქვეყანაში. ასევე საშუალება ექნებათ ოჯახის წევრებთან ერთად იმოგზაურონ საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ხოლო ადგილობრივი სერვისის ყიდვით დაეხმარონ ტურისტულ სექტორს, ასევე საქართველო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსით მსოფლიოში პოზიციებს გაიმყარებს. ჩამოსვლის მსურველები წინასწარ, https://stopcov.ge/ ზე ავსებენ სპეციალურ ფორმებს და დოკუმენტურად ადასტურებენ ქვეყანაში შემოსვლისთვის აუცილებელ პირობებს.

ვრცლად სტატია: https://bit.ly/3ifm9Hm

8. სახელმწიფო ბიუჯეტიდან შტატგარეშე მოხელეთა ანაზღაურება 20.4 მლნ-ით გაიზარდა

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო სექტორში “შტატგარეშე” სტატუსით დასაქმებულ ადამიანთა ანაზღაურებამ 125.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 20.4 მილიონი ლარით მეტია. შტატში მყოფთა ანაზღაურებამ 2020 წლის პირველ ნახევარში 742.6 მილიონი ლარი შეადგინა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, კანონით, უწყებებში შტატგარეშეთა რაოდენობა 2%-ს არ უნდა აჭარბებდეს, თუმცა საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ზღვრის გადაჭარბება მთავრობის ნებართვის საფუძველზე შეუძლიათ, ხოლო თანამშრომლის აყვანისა და მისთვის ხელფასის დანისვნის მარეგულირებელი წესებიც ნაკლებად გამჭვირვალეა.

ვრცლად სტატია: https://bit.ly/2ZchNtb

9. თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ თანამდებობა დატოვა

თბილისის ღამის ეკონომიკის მენეჯერმა სერგი გვარჯალაძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა, პროექტის ფუნქციებს კი, კულტურის სამსახური შეითავსებს. როგორც მერიაში აცხადებენ, გვარჯალაძემ უკვე შექმნა სტრატეგია, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ. სერგი გვარჯალაძე თანამდებობაზე 2018 წლის მარტში დაინიშნა, "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, მისი ანაზღაურება თვეში დაახლოებით 5 200 ლარს შეადგენდა და 2018-2019 წლებში ბიუჯეტიდან ანაზღაურების სახით მან 121 ათასი ლარი მიიღო. ყოფილი მენეჯერის მმართველობის მთავარ მიღწევად, პანდემიის პერიოდში, მერიის მიერ ღამის კლუბებისთვის მხარში დგომას მიიჩნევენ.

ვრცლად სტატია: https://bit.ly/2EVgZSO  

10. საპენსიო სააგენტოს დირექტორობა 88 პირს უნდა

საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტის დასაკავებლად მეორედ გამოცხადებულ კონკურსში 88 განაცხადი შევიდა. როგორც bm.ge-ის სააგენტოში განუცხადეს, ამჟამად განაცხადების განხილვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება შედგება. კონკრეტული ვადები განსაზღვრული არაა.

შეგახსენებთ: კონკურსის მეორედ გამოცხადება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს პირველი კონკურსის მონაწილე 120 კანდიდატიდან სააგენტოს დირექტორობისთვის არავინ მოეწონა.სააგენტოს დირექტორის ხელფასი 10 000-დან 15 000 ლარამდე იქნება.

ცნობისთვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც 2020 დეკემბერში ლევან სურგულაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა. ამ დროის განმავლობაში სააგენტოს დირექტორის მოვალეობას გიორგი ჭიჭინაძე ასრულებს.