მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

62c1686c95bf2
ირაკლი მაკალათია
03.07.22 14:20
1678
გთავაზობთ, გასული კვირის (27 ივნისი – 2 ივლისი, 2022) TOP-10 ეკონომიკურ მოვლენას:

1. 2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 11.6% შეადგინა
2. ,,ქართული ოცნების'' მიერ წარდგენილი EU-ს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმა
3. რუსეთის დეფოლტი საგარეო ვალზე და SWIFT-დან გარიცხული რუსული ბანკები
4. საქართველოს საგარეო ვალი 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით
5. მოკლევადიან პერიოდში საპენსიო ფონდის მოგება შეიძლება შემცირდეს, ან წაგებაზე გავიდეს
6. როგორ გაიზარდა რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი საქართველოში და სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი, რომელიც საქართველომ უკან გააბრუნა
7. მაისში საქართველომ უცხოეთიდან სარეკორდო მოცულობის ფულადი გზავნილები მიიღო
8. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგები 2022 წლის პირველ ნახევარში
9. საქართველოს საფონდო ბირჟაზე მონაწილე კომპანიები და ბირჟაზე განხორციელებული ტრანზაქციები
10. მთავრობამ ხორბლისა და ქერის ექსპორტი ერთი წლით აკრძალა.

1. 2022 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 11.6% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2022 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11.6%-ით გაიზარდა. პირველი კვარტლის საშუალო ეკონომიკური ზრდა 14.9% იყო, ხოლო პირველ ხუთ თვეში ეკონომიკა საშუალოდ 11.2%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მაისში ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა, ეკონომიკურ ზრდაში კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, სასტუმროები და რესტორნები, დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yzhj2o ; https://bit.ly/3AokwmK 

2. "ქართული ოცნების'' მიერ წარდგენილი EU-ს 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების გეგმა 

„ქართულმა ოცნებამ“ საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმა წარადგინა, სადაც თითოეული პუნქტის შესრულებისათვის კონკრეტული თარიღია განსაზღვრული, შესრულების ბოლო თარიღად კი 13 დეკემბერია განსაზღვრული.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3IaSlJS ;

3. რუსეთის დეფოლტი საგარეო ვალზე და SWIFT-დან გარიცხული რუსული ბანკები

27 ივნისს რუსეთმა სახელმწიფო ობლიგაციების უცხოელ მფლობელებს დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარის პროცენტი ვერ გადაუხადა, რაც 1918 წლის შემდეგ რუსეთის პირველ დეფოლტს ნიშნავს. ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს ასევე Gazprom-ის მიმართაც, კერძოდ 1998 წლის შემდეგ პირველად, კომპანია აქციონერებს არც მოგებას არ გაუნაწილებს და არც დივიდენდს არ გადაუხდის. მიმდინარე მოვლენები Gazprom-ის აქციებზეც აისახა, კერძოდ, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 35%-ით დაეცა. ამ პერიოდში კი ევროკავშირში ამერიკის შეერთებული შტატებიდან იმპორტირებული თხევადი გაზის (LNG) საერთო მოცულობამ რუსეთიდან იმპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობას ისტორიაში პირველად გადაუსწრო. ასევე, SWIFT-დან გაძევებული რუსული ბანკების ჩამონათვალს შეემატა: Sberbank, VTB და კიდევ 9 ბანკი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nBptkE ; https://bit.ly/3adryAc ; https://bit.ly/3Aku7uX ; https://bit.ly/3ArgZUL 

4. საქართველოს საგარეო ვალი 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით

საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორების საგარეო ვალმა 22.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, კერძო სექტორის საგარეო ვალი 9.9 მილიარდ დოლარი იყო, ხოლო სახელმწიფო სექტორის მთლიანი საგარეო ვალი - 10.4 მილიარდი აშშ დოლარი. სახელმწიფო სექტორში 7.8 მილიარდი აშშ დოლარის ვალი ცენტრალურ მთავრობაზე მოდის, სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციებსა და სესხებზე 439,7 მლნ აშშ დოლარი, ხოლო ეროვნული ბანკის საგარეო ვალმა 942.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yez4Tq ; https://bit.ly/3bOhcat 

5. მოკლევადიან პერიოდში საპენსიო ფონდის მოგება შეიძლება შემცირდეს, ან წაგებაზე გავიდეს

საპენსიო სააგენტოს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის გოგა მელიქიძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაცია საპენსიო ფონდის რეალურ ამონაგებს ამცირებს და შესაძლოა კიდევ ერთი თვის პირობებში ეს ამონაგები შეიძლება უარყოფითი გახდეს. 2022 წლის 27 ივნისის მდგომარეობით საპენსიო სააგენტოში მობილიზებული 2.43 მილიარდი ლარის აქტივებიდან, 85.2% მოქალაქეთა საპენსიო შენატანებზე მოდის, ხოლო 14.8% მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელია.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ycr1q3 ; https://bit.ly/3NFqmTP 

6. როგორ გაიზარდა რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი საქართველოში და სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი, რომელიც საქართველომ უკან გააბრუნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 26 ივნისს ბათუმში შემოსული თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი საქართველომ უკან გააბრუნა, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მყოფი კომპანიის მიერ გამოგზავნილი ნავთობპროდუქტით იყო დატვირთული. რაც შეეხება საქართველოში იმპორტირებულ ნავთობროდუქტების მოცულობას, მთლიანი იმპორტის 28%-ით რუსეთი იკავებს პირველ ადგილს, ხოლო მაისში აპრილთან შედარებით რუსული ნავთობის იმპორტი 70%-ით გაიზარდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ujqTUy ; https://bit.ly/3umriFP ; https://bit.ly/3IdfGec ; https://bit.ly/3ORtWLO 
TOP-10 კომპანია, რომლებმაც აპრილის განმავლობაში რუსეთიდან ყველაზე მეტი ნავთობი შემოიტანეს: https://bit.ly/3OyaWSB 

7. მაისში საქართველომ უცხოეთიდან სარეკორდო მოცულობის ფულადი გზავნილები მიიღო

მაისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით საქართველოში უცხოეთიდან მიღებული გზავნილები 169%-ით გაიზარდა და სარეკორდო ნიშნული, 506 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად რუსეთიდან, 889%-ით გაიზარდა და 313.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ამასთან რუსეთიდან უპრეცედენტოდ ბევრი - 205,000 ინდივიდუალური ფულადი გზავნილი გადმოირიცხა. ფულადი გზავნილების მიხედვით მეორე-მესამე ადგილებს იტალია (36.8 მლნ აშშ დოლარი) და აშშ (27.8 მლნ აშშ დოლარი) იკავებენ.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3a80273 

8. სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის შედეგები 2022 წლის პირველ ნახევარში

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის პრივატიზაციის გეგმა 108%-ით შესრულდა. პრივატიზაციის მიღებულმა შემოსავლებმა კი 170.3 მლნ ლარი შეადგინა. არასამთავრობო ორგანიზაციის “საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო’’-ს მიერ გამოქვეყნებული პრივატიზების შესახებ ანგარიშის მიხედვით, ქონების პრივატიზებაში კორუფციის პრევენცია არ ხდება და პირიქით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო ქონება მთავრობის მაღალჩინოსნებთაან დაკავშირებულ კომპანიებზე გაიყიდა.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nvu3kq ; https://bit.ly/3ODeXFu 

9. საქართველოს საფონდო ბირჟაზე მონაწილე კომპანიები და ბირჟაზე განხორციელებული ტრანზაქციები

ივნისში საქართველოს საფონდო ბირჟაზე არცერთი ტრანზაქცია არ შემდგარა. მსგავსი მოვლენები დაფიქსირდა გასული წლის თვეებშიც, ჯამში კი 2021 წელს ბირჟაზე სულ 104 077 ლარის გარიგებები განხორციელდა. საფონდო ბირჟაზე ამჟამად ორ ძირითად სალისტინგო კატეგორიაში 24 კომპანიის ფასიანი ქაღალდებია განთავსებული, საიდანაც 4 კომპანიის აქციებია, ხოლო 20 - ობლიგაციები. რაც შეეხება საერთაშორისო გამოცდილებებს, ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3nxnNZm ; https://bit.ly/3I9fxbo ; https://bit.ly/3yACzEW 

10. მთავრობამ ხორბლისა და ქერის ექსპორტი ერთი წლით აკრძალა

საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს 2022 წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე აკრძალავს, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე მიიღო. გასულ წელს ხორბალი სომხეთში, თურქეთსა და უკრაინაში გაგვქონდა, ხოლო ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება.
ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3OHn8AC ; https://bit.ly/3OYkgyP ; https://bit.ly/3P4FxqV